Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყნის სივრცითი მოწყობის სამწლიანი გეგმა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესთან ერთად გამართულ კონფერეცნიაზე 2017-2020 წლებში ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმა წარმოადგინა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში მთავრობა 10 მილიარდი ლარის ინვესტირებას აპირებს ქვეყნის სივრცითი მოწყობისთვის - გზების, წყალმომარაგების სისტემისა და ახალი ნაგავსაყრელების გამართვისათვის. ექსპერტთა ნაწილი ხელისუფლების გეგმას მეტისმეტად ოპტიმისტურად მიიჩნევს და განხორციელების შესაძლებლობებთან მიმართებით კითხვები აქვს.

გადმოწერა

2 500 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას თან 40 ათასი ადამიანის დასაქმება უნდა მოჰყვეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე. მისი სიტყვებით, 10-მილიარდიანი პროექტის მიზანია საქართველოს ახალი სივრცითი მოწყობის უზრუნველყოფა, რათა, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, საქართველოს ყველა მოქალაქეს თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი განათლებასა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობაზე:

„ჩვენ საკმარისი რესურსი გვაქვს საიმისოდ, რომ ჩვენი რეგიონები თანაბრად იყოს განვითარებული, რაც, სამწუხაროდ, დღეს ასე არ არის. 21-ე საუკუნეში გეოგრაფიული მდებარეობა აღარ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას ჯანდაცვის, განათლების მიღების, სოციალურ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის, ბიზნესის კეთების თუ სხვა თვალსაზრისით“.

ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმის მთავარი მიზანია შიდა და სახელმწიფოებრივი გზების რეკონსტრუქცია, წყალმომარაგებისა და ნაგავსაყრელების მოდერნიზაცია და სხვა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძის თქმით, მთავარია ქვეყნის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პოტენციალის სწორად გააზრება:

„აშენდება, დაახლოებით, 1000 კმ გზა, საიდანაც 350 კმ ჩქაროსნული მაგისტრალია, 650 კმ კი - შიდასახელმწიფოებრივი, რეგიონული მნიშვნელობის გზები. დამატებით ნახევარი მილიონი ადამიანი მიიღებს 24-საათიან წყალმომარაგებას და მოუწესრიგდება წყალმომარაგების სისტემა. აშენდება 7 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული ნაგავსაყრელი და, სამაგიეროდ, დაიხურება 29 ძველი, ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიში, მუნიციპალური ნაგავსაყრელი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება 120-მდე მუნიციპალური დანიშნულების ობიექტს, რომელშიც შედის 70 საბავშვო ბაღი, 25 სპორტული და 25 საზოგადოებრივ- კულტურული დანიშნულების ობიექტი. ამ პროექტების განხორციელება პირდაპირ დაასაქმებს 40 ათას ადამიანს“.

სამინისტრომ საზოგადოების ინფორმირება უნდა მოახდინოს, თუ ვინ იყო ჩართული ამ სტრატეგიის შემუშავებაში და აწარმოვა თუ არა ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, იქნება ეს მუნიციპალიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ...
საბა ბუაძე

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელის, საბა ბუაძის, თქმით, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხილვა მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჩართულობის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს, საბა ბუაძის თქმით, ამ სტრატეგიის თაობაზე ისინი ინფორმირებულნი არ იყვნენ და მის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღიათ:

„სამინისტრომ საზოგადოების ინფორმირება უნდა მოახდინოს, თუ ვინ იყო ჩართული ამ სტრატეგიის შემუშავებაში და აწარმოვა თუ არა ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, იქნება ეს მუნიციპალიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. ასევე, უნდა შევხედოთ იმას, რამდენად გაზომვადია სამოქმედო გეგმის შედეგები“.

საკმაოდ ამბიციურსა და ოპტიმისტურს უწოდებს წარმოდგენილ გეგმას ოთარ ანგურიძე, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. მისი თქმით, ხელისუფლება ამ გეგმის განხორციელებას მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებით ვერ შეძლებს და, ამასთან, პროექტი ძირითადად ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებითაა ნაკარნახევი. მათ შორის ეს შეეხება ნაგავსაყრელების მოდერნიზებას, რაც, თავის მხრივ, მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის და საგანმანათლებლო კომპონენტსაც მოიცავს. ამასთან, ოთარ ანგურიძის თქმით, ტურისტული და სატრანზიტო ღირებულების გასაზრდელად მნიშვნელოვანია გზების გაუმჯობესება - მათ შორისაა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი სატრანზიტო გზა, რიკოთის უღელტეხილი და სხვა.

„ძირითადი აქცენტი მაინც სატრანზიტო ნაწილზე უნდა გაკეთდეს. ასევე მნიშვნელოვანია აღდგეს სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებლებს უნდა ჰქონდეთ სწრაფი გადაადგილების საშუალება და აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გზებს. ძალიან მნიშვნელოვანია წყალმომარაგების ნაწილიც. მოგეხსენებათ, მოსახლეობის დიდი ნაწილი დღემდე არ არის უზრუნველყოფილი წყალმომარაგებით და, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვაც, რადგან ამ მიმართულებითაც ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს და მისი გამოსწორება ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების ნაწილიცაა. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ნაგავსაყრელების სტანდარტიზაცია და, ასევე, ნაგვის სეპარაციაც“.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად მხოლოდ 2017 წელს 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი დაიხარჯება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG