Accessibility links

ისტორიული შენობის ნაცვლად მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება


ზონალურ საბჭოზე წარდგენილი პროექტი

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, რვა ნომერში მდებარე აგურის სახლი, რომელიც ქალაქის ძველი არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ე. წ. ბელეტაჟს წარმოადგენს, შესაძლოა მალე დაინგრეს და მის ნაცვლად რვასართულიანი კორპუსი აშენდეს. ამ საპროექტო წინადადებით იდეის ავტორმა, ლევან აროშიძემ, ბათუმის მერიას მიმართა. ასათიანის ქუჩის დასაწყისში საბჭოთა კავშირის დროს აშენებული ერთი რვასართულიანი კორპუსია, ხოლო სამი XIX საუკუნის ბოლოს აგებული ერთსართულიანი აგურის სახლია, რომელიც ასათიანის ქუჩაზე ქალაქის ისტორიული განაშენიანების შემორჩენილი ნიმუშია. სწორედ ერთ-ერთი ამ სახლის დანგრევას და მის ნაცვლად 8-სართულიანი კორპუსის აშენებას ითხოვს იდეის ავტორი, სიმაღლის სწორება კი იქ უკვე არსებულ მრავალსართულიან სახლთან აქვს.

ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა ეს წინადადება მიიღო და განსახილველად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს გადაუგზავნა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს, თუ რა აშენდეს ბათუმში, ძეგლის სტატუსის მქონე შენობის არეალში. ეს საბჭო მთლიანად საჯარო მოხელეებითაა დაკომპლექტებული და მის გადაწყვეტილებებს ეჭვის ქვეშ აყენებენ კულტურული მემკვიდრეობის დამცველი აქტივისტები, რომლებიც საბჭოს ყველა შეკრებას ესწრებიან და ხმაურიან პროტესტს გამოხატავენ. 7 დეკემბერს გამართულ სხდომაზე 11 საკითხი განიხილეს. მათ შორის იყო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ისტორიული სახლის ახალი კორპუსით ჩანაცვლების საკითხი, რომელიც აქტივისტმა შოთა გუჯაბიძემ გააპროტესტა:

ზონალურ საბჭოზე პროექტის განხილვის პროცესი
ზონალურ საბჭოზე პროექტის განხილვის პროცესი

„საკითხების და შემოსული პროექტების უმრავლესობა ჩემთვის მიუღებელია. ჩვეულებრივი ამბავია - აქ ხელყოფენ კულტურულ მემკვიდრეობას. ყველაზე მძიმე იყო ასათიანის რვა, სადაც არის ძველი ისტორიული სახლი ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლო წლებისაა და ამ პერიოდის აგურის ბელეტაჟები პრაქტიკულად აღარ გვაქვს და მხოლოდ ამ ქუჩაზე და მის მიმდებარედაა შემორჩენილი და შემოტანილია მის ნაცვლად რვასართულიანის პროექტი - ანუ ეს სახლი უნდა დაინგრეს თუ შენარჩუნდეს, შენი ქალაქის ისტორია უნდა დაინგრეს თუ შენარჩუნდეს. ამაზე ხმას არავინ იღებს. როგორც ხდება ხოლმე, ძალიან ადვილად იძლევიან მსგავს პროექტებზე თანხმობას“.

ასათიანის ქუჩის 8 ნომერში ისტორიული სახლის დანგრევას არ ეთანხმება ზონალური საბჭოს წევრი ლაშა ასლანიშვილი, რომელიც, ამავე დროს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელია:

„სურვილი აქვს ინვესტორს ააშენოს 8-სართულიანი სახლი. სამართლიანია თუ არა, საბჭომ განიხილა ეს საკითხი. ჩემი ხედვაა: ეს არის პატარა უბანი, ძალიან საინტერესო, ტიპიური ბათუმური ბელეტაჟებით, და, სიმართლე გითხრათ, მე პირადად სიმაღლის გამო თავი შევიკავე, რომ მხარი დამეჭირა აღნიშნული პროექტისთვის“.

კიდევ ერთხელ უნდა ვნახო პროექტი, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდე. სიმართლე გითხრათ, ცოტა შემაწუხა კორპუსის სიმაღლემ. არ ვიცი, ეს მონტაჟის ბრალი იყო თუ...
ნუგზარ ძნელაძე

სამშენებლო პროექტის დამტკიცებისთვის საჭიროა მას დაეთანხმოს უმრავლესობა ზონალური საბჭოს წევრებისა, რომლებიც თავიანთ პოზიციას სპეციალურ ცხრილში წერენ. სხდომა უკომენტაროდ დატოვა ბათუმის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ახალაძემ, რომელიც, ამავე დროს, ზონალური საბჭოს წევრია და ხმის უფლებითაც სარგებლობს. საბჭოს წევრმა ნუგზარ ძნელაძემ კი, რომელიც, ამავე დროს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ საკითხს უფრო დეტალურად შეისწავლის და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს:

„კიდევ ერთხელ უნდა ვნახო პროექტი, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდე. სიმართლე გითხრათ, ცოტა შემაწუხა კორპუსის სიმაღლემ. არ ვიცი, ეს მონტაჟის ბრალი იყო თუ...“

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო ლუკა ასათიანის რვა ნომერში მდებარე ისტორიული სახლის დანგრევისა და მის ნაცვლად რვასართულიანი კორპუსის აშენების საკითხზე, ერთ კვირაში გახდება ცნობილი. ამ გადაწყვეტილებას თვალს ადევნებს კულტურული მეკვიდრეობის დამცველი საზოგადოება „ბათომი“, რომლის დამფუძნებელი ნინო ინაიშვილი პრობლემად მიიჩნევს სახელმწიფოს მიდგომას, რომლითაც, მისივე თქმით, ბათუმში ისტორიული შენობების ნგრევა წახალისებულია:

ზონალურ საბჭოზე წარდგენილი პროექტები
ზონალურ საბჭოზე წარდგენილი პროექტები

„ხალხი მიეჩვია ამას, რომ შეუძლია დაანგრიოს ისტორიული ნაგებობა და ააშენოს კორპუსი. ამას მიიჩნევენ ბუნებრივ, ნორმალურ მოვლენად, იმიტომ რომ ეს წახალისებულია და პოლიტიკაა ასეთი ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად. მაგალითად, ასეთი პოლიტიკა აქვს ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს, ასე ფიქრობენ ზონალური საბჭოს წევრებიც. რა თქმა უნდა, საბჭოს წევრები, რომლებიც ქალაქისთვის ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ, უნდა იყვნენ პროფესიონალები და არა საჯარო მოხელეები“.

საზოგადოება „ბათომის“ აქტივისტებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, ერთი თვის წინ გამართულ შეხვედრაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებული ზონალური საბჭოს, საჯარო მოხელეების ნაცვლად, დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტება მოსთხოვეს და თანხმობა მიიღეს, თუმცა ამის შემდეგ ზონალურმა საბჭომ, ძველი შემადგენლობით, უკვე ორი სხდომა ჩაატარა. აჭარის მთავრობის პრესამსახურში აცხადებენ, რომ საკითხზე ამ დრომდე მუშაობენ და ჯერჯერობით ახალი ინფორმაცია არ აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG