Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ტაქტიკას ირჩევენ რესპუბლიკელები?


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„რესპუბლიკელები არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას” - პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ეს განცხადება, რომელიც მან ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა, მოჰყვა მანამდე რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის მიერ ასევე ფეისბუკით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ გადაწყვიტა, რა ფორმით მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ამ გადაწყვეტილების შინაარსი საჯაროდ ჯერ არ გამოუცხადებია. რას გეგმავს რესპუბლიკური პარტია, რომელიც ამჟამად კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია?

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ თავისი განცხადება, რომ „პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა 26-27 მარტს იმსჯელა მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე და მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოებას უახლოეს დღეებში აცნობებს“, ჟურნალისტებთან საუბარში ამგვარად განმარტა:

„კოალიციის დატოვებაზე საერთოდ არ ყოფილა მსჯელობა, მსჯელობა არის 2016 წლის არჩევნებზე რა ფორმით მიიღებს პარტია მონაწილეობას, პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე. ეს არის პარტიის გადაწყვეტილება. როდის გამოვაქვეყნებთ? რამდენიმე დღეში გახდება ეს გადაწყვეტილება ცნობილი“.

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელები კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვება-არდატოვების თაობაზე მკაფიო განმარტებას არ იძლევიან და არც ადასტურებენ, რომ დამოუკიდებლად სურთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ეკა ბესელია ამბობს, რომ გარკვეულ ეტაპზე პარტიებს დამოუკიდებლად ძალების მოსინჯვის სურვილი უჩნდებათ:

„ზოგჯერ დგება ეტაპი პოლიტიკურ პროცესში, როცა შესაძლებელია ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ინდივიდუალურად მოსინჯონ თავიანთი შესაძლებლობები და ამომრჩეველთა მხარდაჭერა გაზომონ არჩევნების დროს. ესეც არის ერთ-ერთი ფორმა. მე ვერ ვხედავ ტრაგედას ვერც იმაში, რომ კოალიცია ამ ფორმით იყოს და არ მგონია, რომ ეს იყოს მიუღებელი ფორმა და ვერ ვხედავ ვერანაირ ტრაგედიას, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ცალ-ცალკე მოვსინჯავთ ძალებს და შემდეგ ისევ გავერთიანდებით“.

კოალიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა კი აღნიშნა, რომ ის წინასაარჩევნოდ შექმნილი კოალიციების ნაცვლად უკვე არჩევნების შემდეგ თანამოაზრეობის პრინციპზე დამყარებული კოალიციების მომხრეა.

რესპუბლიკური პარტიის კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან შესაძლო გასვლის თაობაზე ვარაუდები მას შემდეგ გამოითქმის, რაც თებერვალში კოალიციაში დაპირისპირება მოჰყვა საგარეჯოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მრეწველთა პარტიის ლიდერის გოგი თოფაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს. გოგი თოფაძემ არჩევნების გაყალბებაში ბრალი დასდო თავდაცვის მინისტრს, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს თინა ხიდაშელს. ამ ბრალდების გამო გამოძიება პროკურატურამაც დაიწყო, თუმცა ძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით.

მანამდე კი დაპირისპირებას კოალიციაში ორგზის გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ერთხელ 19 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე, სადაც ბრალდებებს თავდაცვის მინისტრის მიმართ „სრულიად მიუღებელი“ უწოდა, მოგვიანებით კი - 3 მარტს, როცა პრემიერი რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულმა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განმარტა, რომ პარტიები - „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკელები“ - შეიმუშავებენ ორპარტიულ შეთანხმებას, რომელიც მათ საშუალებას მისცემს არჩევნებამდე სტაბილურ ვითარებაში მივიდნენ, მანამდე კი კოალიცია გააგრძელებსსტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში პარტნიორულ ურთიერთობას და სამომავლოდ ორპარტიული შეთანხმების დეტალებიც გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი შეთანხმების თაობაზე ამ დრომდე არაფერი თქმულა. პოლიტიკის ექსპერტებს ამ ეტაპზე უჭირთ იმსჯელონ რა კონფიგურაციით შეიძლება მივიდეს კოალიცია არჩევნებამდე. „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა რესპუბლიკელებთან შესაძლო გაერთიანება უარყვეს.

თუმცა ექსპერტებს არ უჭირთ თქვან, როგორი შეიძლება იყოს კოალიცია „ქართული ოცნება“ რესპუბლიკელების გარეშე. ამის თაობაზე რადიო თავისუფლებასთან „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი ამბობს:

„თუ ამ შემადგენლობის „ქართული ოცნებიდან“ რესპუბლიკელები გამოიყოფიან, რჩება ის გუნდი, რომლის წარმომადგენლებიც ცალკეულ შემთხვევებში აჟღერებენ პრორუსულ პოზიციებს, არცთუ ისე შემწყნარებლური განცხადებები აქვთ და სიძულვილის ენასაც კი იყენებენ სხვადასხვა უმცირესობების მიმართ. ამიტომ ჩვენი პროდასავლური ორიენტაციისთვის დღევანდელი კოალიციის კომბინაციის დაშლა შესაძლოა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც არ იქნეს აღქმული ერთგვაროვნად“.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერთა განცხადებით, პარტის წარმომადგენლები თანამდებობებზე რჩებიან. დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის თქმით, პარტიის შიგნით მიღებული გადაწყვეტილების გახმაურების თარიღიც შეთანხმებულია.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG