Accessibility links

13 თებერვალს მსოფლიო რადიოს მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ეს დღე იუნესკოს ინიციატივით დაარსდა და წელს ის უკვე მეექვსედ აღინიშნება. ამ დღის მიზანია რადიოს, როგორც მედიასაშუალების, მნიშვნელობის ხაზგასმა და მისი განვითარების ხელშეწყობა. რას ნიშნავს რადიო თქვენთვის? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ მიმართა როგორც თავის მსმენელებს, ისე პოლიტიკოსებს, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს, სპორტსმენებს.

please wait

No media source currently available

0:00 0:05:57 0:00
Direct link

„ცვლილებების, ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში რადიო კვლავაც რჩება ერთ-ერთ უმთავრეს გზად ინფორმაციისა და ცოდნის მისაღებად“, წერს თავის სპეციალურ მიმართვაში იუნესკოს გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვა. ის თავის მიმართვას რადიოს მსოფლიო დღეს უძღვნის. სწორედ იუნესკოს გადაწყვეტილებით დაარსდა რადიოს მსოფლიო დღე 13 თებერვალს და წელს ეს დღე უკვე მეექვსედ აღინიშნება. ირინა ბოკოვა წერს:

„დღეს ინფორმაციის გაცვლისა და წვდომის ნამდვილი რევოლუციაა. და მაინც, მიუხედავად ამისა, მიუხედავად სიღრმისეული ცვლილებებისა, რადიო არასდროს განვითარებულა ისე დინამიკურად, არ ყოფილა ისეთი მიმზიდველი და არ უთამაშია ისეთი დიდი როლი, როგორც დღეს. გზად სამსახურისკენ და სახლისკენ, ოფისებსა და მის კედლებს გარეთ, მშვიდობისა თუ კონფლიქტებისა და საგანგებო სიტუაციების პერიოდში რადიო რჩება ინფორმაციის წყაროდ, რომელიც მოიცავს სხვადასხვა თაობასა და კულტურას. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში რადიო ქალებსა და კაცებს აძლევს საშუალებას გამოხატონ საკუთარი აზრი. რადიო უსმენს აუდიტორიას და მის მოთხოვნებს უპასუხებს“.

რადიოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, რადიო ისევ რჩება ყველაზე დიდი აუდიტორიის მომცველ მედიასაშუალებად, ის აგრძელებს სრულყოფას, მისი ხმა სწვდება საზოგადოების ყველა ფენას და აძლევს მათ საშუალებას მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ დისკუსიებში.

რას ნიშნავს რადიო თქვენთვის? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ მიმართა როგორც თავის მსმენელებს, ისე პოლიტიკოსებს, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს, სპორტსმენებს. როგორც გაირკვა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინფორმაციის მიღების არაერთი გზა არსებობს, რადიო კვლავაც რჩება ინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სანდო წყაროდ.

დღეს ინტერნეტმა ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ რადიოს მაინც დარჩა რაღაც განსაკუთრებული ხიბლი, განსაკუთრებით ის, რომ უნდა იყო ყურადღებით და უსმინო ბგერებს. ანუ ხმას ისმენ და ცდილობ სწორედ ხმის საშუალებით აღიქვა ყველაფერი...
უჩა ნანუაშვილი

ნინო მინდიაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ცხოვრობს, ოკუპირებული ცხინვალიდან რამდენიმე მეტრში. ამბობს, რომ მის სოფელში ოკუპირებული ტერიტორიიდან უპრობლემოდ აღწევს რუსული სატელევიზიო პროპაგანდა. მართალია, ნიქოზში ქართული ციფრული მაუწყებლობა სრულყოფილად ვრცელდება, მაგრამ სოფელში ყველას არა აქვს ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობა და ამიტომ ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვან საშუალებად რადიო რჩება. ნინო მინდიაშვილი იხსენებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა მისი ოჯახი და მეზობლები თავს სარდაფს აფარებდნენ, მათთვის ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო რადიო იყო:

„ჩემს სახლში იმყოფებოდა 16 მეზობელი. ისინი უსმენდნენ რადიოს და ამ რადიოთი იღებდნენ ინფორმაციას. მთელი კატეგორიაა, რომელიც რადიოზეა დამოკიდებული და მისგან იღებს ინფორმაციას. ეს არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად მუშაობენ ბაღებში, მინდვრებში და სულ უნდათ, რომ ჰქონდეთ ინფორმაცია. არ ელოდებიან ტელევიზორში რომელ საათზე გავა საინფორმაციო. ხშირია მოხმარება ახალგაზრდებშიც. ინტერნეტის საშუალებით უსმენენ რადიოს, იღებენ ინფორმაციას, ან ტელეფონში რადიოს საშუალებით, ან, უბრალოდ, რადიომიმღებით. საბედნიეროდ, ტელევიზორსაც აქვს რადიოს ფუნქცია და ხშირად რადიოს იქაც უსმენენ. უფრო მოსახერხებელია ინფორმაციის მისაღებად, ვიდრე ტელევიზია, თუნდაც მგზავრობისას“.

„რადიო აკავშირებს ადამიანებს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მისი თქმით, რადიო პოზიტიურ როლს ასრულებს და ხელს უწყობს გაყოფილი საზოგადოების გამთლიანებას და ინფორმაციის მიწოდებას მეორე მხარისთვის. მისი თქმით, ციფრულ ეპოქაში რადიოს კვლავ არ დაუკარგავს მნიშვნელობა და ფლობს იმ განსაკუთრებულ ძალას, რომელიც ყველა მედიასაშუალებას არა აქვს:

„დღეს ინტერნეტმა ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ რადიოს მაინც დარჩა რაღაც განსაკუთრებული ხიბლი, განსაკუთრებით ის, რომ უნდა იყო ყურადღებით და უსმინო ბგერებს. ანუ ხმას ისმენ და ცდილობ სწორედ ხმის საშუალებით აღიქვა ყველაფერი. ასეთ კონცენტრაციას სხვა დროს, სხვა მედიასაშუალებით, ვერ ახდენ. ამიტომ რადიო ნამდვილად ცოტა განსხვავებულია და ბევრ რამესთან დაკავშირებით მეტი ეფექტის მოხდენა შეუძლია“.

ვფიქრობ, მოსაზრება, რომ რადიო ნელ-ნელა კვდება, როგორც მინიმუმ საკამათოა. მე პირადად ამას არ ვეთანხმები. ჩემთვის კარგი რადიო ნიშნავს ოპერატიულ ინფორმაციას, ოპერატიულ საინფორმაციო გამოშვებებს და, ბუნებრივია...
მიხეილ გიორგაძე

„რადიო ცოცხალია. რადიო არასდროს დასრულდება“, - ასე უთხრა რადიო თავისუფლებას მხატვარმა გია ბუღაძემ, რომელიც ყველაზე მეტად რადიოს ენდობა. რადიოს უსმენს მაშინაც, როცა ხატავს და ამბობს, რომ ის წარმოსახვის, ფანტაზიის გაღვივებაში ეხმარება:

„ჩემს პროფესიას ეს ძალიან ეხმარება, ფანტაზიას მიღვივებს. შემეცნების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან კარგია, როდესაც გესმის და შეგიძლია ჩაუღრმავდე, თუ რა გესმის. თვალნათლივ ჩანს, რომ ადამიანში სმენითი ფაქტორი დღესაც ძალიან მნიშვნელოვნად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალური ცნობიერებისკენ დღეს უფრო მეტად არის ყურადღება გადატანილი. ჩემთვის რადიოს ხიბლი სწორედ იმაშია, რომ სმენადია და სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მე კი, ჩემი მხრიდან, სიტყვას და კარგად გამოთქმულ აზრს ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას“.

არა მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად და მუსიკის მოსასმენად, არამედ აუდიტორიასთან ურთიერთობის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა რადიო ოლიმპიური ჩემპიონის, ძალოსან ლაშა ტალახაძისთვის:

„როცა შეჯიბრებებიდან ვბრუნდებით ხოლმე, პირველად რადიოში მივდივართ ხოლმე და რადიოს გზით ვრცელდება ხოლმე ჩვენი წარმატებები. და ასეთ დროს რადიოში ბევრი ადამიანი გვიკავშირდება ხოლმე, კითხვებს გვისვამენ, გვილოცავენ პირდაპირ ეთერში... რადიოს ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია“.

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე რადიოს აქტიური მსმენელია. ის თვლის, რომ, მიუხედავად დიდი კონკურენციისა, დღეს რადიო ძალიან ბევრი ადამიანისთვის კვლავაც რჩება ინფორმაციის მიღების წყაროდ. სწორედ ამიტომ ის არ ეთანხმება აზრს, რომ რადიომ, შესაძლოა, აქტუალობა დაკარგოს:

„ვფიქრობ, მოსაზრება, რომ რადიო ნელ-ნელა კვდება, როგორც მინიმუმ საკამათოა. მე პირადად ამას არ ვეთანხმები. ჩემთვის კარგი რადიო ნიშნავს ოპერატიულ ინფორმაციას, ოპერატიულ საინფორმაციო გამოშვებებს და, ბუნებრივია, კარგ და გემოვნებიან მუსიკას“.“

„მადლიერება რადიოსადმი“ - ასე ჰქვია ბესიკ ხარანაულის ლექსს, რომელსაც ის რადიო თავისუფლებისთვის კითხულობს:

„მაშინ რადიოს ხმა არავის არ აღიზიანებდა.
ზამთრობით, ბინდში, როცა ჯერ კიდევ კარგა ბნელოდა
და ზაფხულობით ახალ მზეს რომ თან მოჰყვებოდა,
გამომაფხიზლებელ ჰიმნს დაიწყებდა
და ამ ყრუ და მივარდნილ სოფელს სამყაროსთან აზიარებდა“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG