Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას დატოვებს ნარმანია?


დავით ნარმანია
დავით ნარმანია

11 ნოემბერს იწურება თბილისის მოქმედი მერის უფლებამოსილება. დავით ნარმანიამ დღეს მერის რანგში თბილისის მთავრობის ბოლო სხდომა გამართა, მიმდინარე საკითხების განხილვასთან ერთად, თავისი სამწლიანი მუშაობაც შეაჯამა. რა კვალი დაამჩნია დავით ნარმანიამ დედაქალაქს და რას ფიქრობენ თბილისელები მის მმართველობაზე?

რას დატოვებს ნარმანია?
please wait

No media source currently available

0:00 0:05:20 0:00
გადმოწერა

იწურება თბილისის მოქმედი მერის უფლებამოსილება

დავით ნარმანია:

  • დაიგო 7 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი გზა;
  • კაპიტალურად გარემონტდა მეტროს ორი სადგური;
  • დასრულდა ახალი მეტროს სადგურის მშენებლობა;
  • მარშრუტებზე მუშაობს 143 ახალი ავტობუსი;
  • დაირგო 700 000-ზე მეტი ხე-მცენარე;
  • მოეწყო თექვსმეტი ახალი სარწყავი ქსელი;
  • რეაბილიტაცია განხორციელდა 63 ადგილზე;
  • მოეწყო ორასამდე ახალი სკვერი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხუთასს;
  • მერიამ შეიძინა 12 ათას 870 ნაგავშემკრები კონტეინერი და 48 ერთეული მძიმე ტექნიკა.

დავით ნარმანია ამბობს, რომ პირნათელია თბილისელი ამომრჩევლის წინაშე, რადგანაც მისი მერობის დროს დაირგო 700 000-ზე მეტი ხე-მცენარე, მოეწყო თექვსმეტი ახალი სარწყავი ქსელი, რეაბილიტაცია განხორციელდა 63 ადგილზე, მერიამ შეიძინა 12 ათას 870 ნაგავშემკრები კონტეინერი და 48 ერთეული მძიმე ტექნიკა, თუმცა, დავით ნარმანიას თქმით, მისი, როგორც მერის, მთავარი წარმატება ინფრასტრუქტურასა და ტრანსპორტის სფეროს უკავშირდება:

„ტრანსპორტში ავტობუსების ჩანაცვლება იყო ყველაზე მთავარი პრიორიტეტი, რომლის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით 143 ახალი ავტობუსი შევიძინეთ და ემსახურება ქალაქს. კაპიტალურად გარემონტდა მეტროს ორი სადგური - „ახმეტელის თეატრი“ და „ვარკეთილი“. დასრულდა ახალი მეტროს სადგურის, „სახელმწიფო უნივერსიტეტის“, მშენებლობა, გზების პროექტი. 7 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი გზა დავაგეთ ამ სამი წლის განმავლობაში“.

გარდა ამისა, დავით ნარმანიას თქმით, სამი წლის განმავლობაში მოეწყო ორასამდე ახალი სკვერი, რეაბილიტაცია კი ჩაუტარდა ხუთასს. თბილისის მერის მტკიცებით, ასევე წარმატებული იყო ქალაქის ისტორიულ ნაწილში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები. საინტერესოა, ასევე ფიქრობენ თუ არა თბილისელები მერის საქმიანობაზე.

„თავის თავს თვითონ შეიძლება ათი ქულა დაუწეროს, მაგრამ იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რა ინფრასტრუქტურულ განაშენიანებას ვხედავთ, ორ ქულაზე მეტი არ ეკუთვნის“, უთხრა 53 წლის ამირან კ-მ რადიო თავისუფლებას. „ბევრი რამ გააკეთა, ბევრი - ვერა, მაგრამ დავაფასოთ იმის მიხედვით, რაც გააკეთა“, მიაჩნია ოთარ მ-ს, ლამარა ე. კი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუკი თბილისის მერად თბილისის მკვიდრს აირჩევდნენ. „კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, ცუდად გააგრძელა“, - მიაჩნია 63 წლის ედიშერ ვ-ს.

თბილისელთა განწყობას ასევე თვალსაჩინოდ გადმოსცემს ორიოდე კვირის წინ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევა - "თბილისის მოსახლეობის საჭიროებების შეფასება", რომელიც "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" მოამზადა და რომლის მიხედვითაც, რესპონდენტების უმრავლესობა - 56 % - მიიჩნევს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისი არასწორად ვითარდებოდა, ხოლო თბილისის ბოლო სამწლიანი განვითარება ერთმნიშვნელოვნად დადებითად ფასდება თბილისელთა მხოლოდ ოთხი პროცენტის მიერ. ამ ოთხ პროცენტს არ მიეკუთვნება სამოქალაქო აქტივისტი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, ერეკლე ურუშაძე:

ერეკლე ურუშაძე
ერეკლე ურუშაძე

„თუ ავიღებთ უშუალოდ ქალაქის მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიც არის, მაგალითად, ქალაქის განაშენიანების მართვა, სატრანსპორტო სისტემების მართვა და განვითარება, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა და პოლიტიკა, ამ სფეროებში 2014 წელსაც ბევრი პრობლემა გვქონდა და არ არსებობდა ამ სფეროების მართვის მწყობრი სისტემები და დღესაც, სამი წლის შემდეგ, სამწუხაროდ, მართვისა და რეგულირების ეფექტური სისტემა ვერ შეიქმნა და შეიძლება ითქვას, რომ განაშენიანების, ტრანსპორტის, ეკოლოგიის მხრივ ვართ იმავე ადგილზე, სადაც ვიყავით სამი წლის წინ, პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქალაქისთვის დაკარგული სამი წელიწადი ქალაქის მართვის ძირითადი პრობლემების გადაჭრის კუთხით“.

თბილისი
თბილისი

ერეკლე ურუშაძის თქმით, დავით ნარმანიას მერობის პერიოდში კიდევ უფრო შემცირდა მერიის, როგორც პირდაპირი წესით არჩეული ინსტიტუციის, დამოუკიდებლობის ხარისხი, რომელიც არც წინა წლებში ყოფილა მაღალი.

„პრობლემები მანამდეც იყო, მაგრამ კიდევ ერთი ტიპის პრობლემა, რომელმაც თავი იჩინა ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ეს არის ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიების სერიოზული გავლენა ქალაქის მმართველობაზე, ანუ მერის დამოუკიდებლობა შემცირდა. თუ 2014 წლამდე შეგვეძლო გვეთქვა, რომ თბილისის მერია არ იყო საკმარისად დამოუკიდებელი პრეზიდენტისგან, მმართველი პარტიისგან, შეიძლება ვთქვათ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არამართლზომიერად ერეოდა საქალაქო საკითხების გადაწყვეტაში, ახლა კი ამას დაემატა კიდევ უფრო მძიმე პრობლემა, როცა ერთი მოცემული ბიზნესჯგუფის წარმომადგენელს აქვს გავლენა ქალაქის მართვაზე, უთხრა ერეკლე ურუშაძემ რადიო თავისუფლებას.

საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელიც ჩართულია ურბანულ საკითხებში და, რიგ შემთხვევაში, აპროტესტებს ამ თემებს, ვითარება უკეთესობისკენ არ შეცვლილა. უფრო პირიქით, ვითარება დამძიმდა...
ცირა ელისაშვილი

ამ გავლენის პირდაპირი გამოძახილია იმ მშენებლობების მომრავლება, რომლებიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ ქალაქის ისტორიულ ნაწილს. ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილის თქმით, ქალაქგანვითარების თვალსაზრისით, ნარმანიას მერობის პეროდში ვითარება არ გაუმჯობესებულა.

„იყო მოლოდინი იმისა, რომ იმ სამშენებლო ნებართვებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს გაიცა, ახალი მერი გადახედავდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ძველ, უკვე გაცემულ ნებართვებს დაემატა ახალი ნებართვები, რომლებიც ასევე მიუღებელია. ამდენად, საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელიც ჩართულია ურბანულ საკითხებში და, რიგ შემთხვევაში, აპროტესტებს ამ თემებს, ვითარება უკეთესობისკენ არ შეცვლილა. უფრო პირიქით, ვითარება დამძიმდა“, - ეს განცხადება ცირა ელისაშვილმა დავით ნარმანიას მერობის სამი წლისთავზე გააკეთა. დავით ნარმანია თბილისის მერის თანამდებობას 2014 წლის 12 ივლისიდან იკავებს, უფლებამოსილების ვადა კი 11 ნოემბერს ეწურება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG