Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გვასწავლის „მე და საზოგადოება“


თბილისის ერთერთი საჯარო სკოლა
თბილისის ერთერთი საჯარო სკოლა

სამედიცინო-ფსიქოლოგიურმა ცენტრმა „თანადგომამ“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, საზოგადოებას გააცნო შედეგები კვლევისა, თუ როგორია დამოკიდებულება საგნის „მე და საზოგადოების“ მიმართ. გამოკვლევაში ხუთი ქალაქის 60-ზე მეტი სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეების მშობლებმა მიიღეს მონაწილეობა. რა შედეგები აჩვენა გამოკვლევამ და რატომ გაქრა საგნის სტანდარტის პირველი ვერსიებიდან საკითხები რელიგიური ტოლერანტობისა და გენდერის შესახებ?

ნინო ჯიქურს, 55-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს, ყოველდღიური შეხება აქვს იმ ბავშვებთან, რომლებმაც, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან უნდა ისწავლონ ახალი საგანი - „მე და საზოგადოება“. ნინო ამბობს, რომ მოსწავლეებს ის ყოველდღიურად ესაუბრება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, საზოგადოებაში მოქცევის წესები, თანატოლებსა თუ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და ა.შ., თუმცა ფიქრობს, რომ თუკი ამ თემებზე საუბარს ცალკე საგანი დაეთმობა, ეს გაცილებით ეფექტური იქნება როგორც მოსწავლეების, ისე პედაგოგებისათვის სასურველი მიზნის მისაღწევად. ნინო ჯიქური ის ერთ-ერთი პედაგოგია, რომელიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტის განხილვაში. ამიტომაც ამბობს, რომ იმ აღშფოთებას, რომელსაც ადგილი აქვს საზოგადოების გარკვეულ წრეებში ახალი საგნის შემოღებასთან დაკავშირებით, საფუძველი არ გააჩნია:

„პირადად მე, როგორც ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც ჩართული ვიყავი საგნის სტანდარტის სამუშაო ვერსიის შექმნაში, შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს იმის გამო, რა აჟიოტაჟიც გამოიწვია ამ საგნის დანერგვამ. არ მგონია, პედაგოგს ენახა გეგმაში ისეთი თემები, რაზეც საუბარია, და ამის მიხედვით გაკვეთილი ჩაეტარებინა“.

სწორედ ნინო ჯიქურის მიერ ნახსენები ე.წ. „ისეთი თემები“ გახდა საზოგადოების ნაწილის აღშფოთებისა და მოგვიანებით უკვე პეტიციის შექმნის მიზეზი. პეტიციის ხელმომწერებმა, რომელთა შორისაც არიან ხელოვნებისა თუ სპორტის სხვადასხვა დარგის ცნობილი წარმომადგენლები, 10 თებერვალს მიმართეს საქართველოს პარლამენტს. ისინი მიიჩნევენ, რომ “ახალი სავალდებულო საგნის “მე და საზოგადოება” მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, ერთი მხრივ, ბილწი და უსაშინლესი ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორე მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა”. ამ პეტიციასთან ერთად უნდა ვახსენოთ გასული წლის შემოდგომაზე საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის განცხადებაც, სადაც ვკითხულობთ, რომ მათთვის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა ამ საგნის პედაგოგთა გადამზადებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები, რომელშიც, მათივე თქმით, საუბარია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიმღეობაზე და ა.შ. საბოლოოდ, საპატრიარქოს განათლების ცენტრი ასკვნის, რომ „ეს არის საგანი, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ პრინციპებს, ასევე ზოგად ადამიანურ პრინციპებს“.

კვლევის პრეზენტაცია
კვლევის პრეზენტაცია

საგნის მიმართ საზოგადოების ნაწილში გაჩენილი პროტესტი გახდა მიზეზი იმისა, რომ სამედიცინო-ფსიქოლოგიურმა ცენტრმა „თანადგომამ“ გამოკვლევა ჩაატარა. რომლის მიზანიც იყო შეესწავლათ, თუ რა დამოკიდებულებები, განწყობები და საჭიროებები არსებობს საზოგადოებაში ახალი საგნის საკითხებთან დაკავშირებით. მათ თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმისა და თელავის 60-ზე მეტი სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები გამოკითხეს. სერგო ჩიხლაძე, გამოკვლევის ავტორი, ამბობს, რომ ფოკუსჯგუფებში მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა ოჯახი, ცხოვრების ჯანსაღი წესი, გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, მოსწავლეთა შორის ძალადობის პრევენცია, რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და სხვა. ეს სწორედ ის საკითხებია, რომელთაც საგნის სტანდარტის ამჟამინდელი ვერსია აერთიანებს. რაც შეეხება საგნის სტანდარტის პირველად ვერსიაში არსებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა რელიგია და გენდერი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ განხილვების შედეგად ეს საკითხები სტანდარტის ამჟამინდევლი ვერსიიდან გაქრა:

„თავიდან რელიგიის თემა სტანდარტის სამუშაო ვერსიაში შესული იყო, რელიგია, როგორც შემწყნარებლობა სხვადასხვა რელიგიის მიმართ, და, ჩემი პირადი აზრია, რომ ეს სავსებით მისაღები იყო, რადგან ჩვენ მრავალეთნიკურ გარემოში ვცხოვრობთ და შემწყნარებლები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. თუმცა ამანაც კი დაპირისპირება გამოიწვია და ბოლო ვერსიაში, რაც ამჟამად გვაქვს, რელიგია საერთოდ ამოღებულია. რაც შეეხება გენდერს, გენდერი სტანდარტის პირველად ვერსიაში განხილული იყო როგორც გოგონების და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები, სახლში მშობლებს ბიჭიც და გოგოც თანაბრად უნდა ეხმარებოდეს ან, თუნდაც, ის, რომ ბავშვს ასწავლიდნენ, რომ ბავშვის აღზრდაში დედაც და მამაც თანაბრად უნდა მონაწილეობდეს და ა.შ. აი, ასეთ ჭრილში იყო განხილული გენდერის საკითხი, თუმცა ესეც კი კამათის საგნად იქცა და ესეც ამოიღეს. მოგეხსენებათ, ჩვენს საზოგადოებაში გენდერის თემატიკა პრობლემატურია, რაც ამ თემის მიმართ დაბალ განათლებაზე მეტყველებს“.

საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტის დოკუმენტი ამჟამადაც დამუშავების პროცესშია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე ამბობს, რომ სტანდარტის შემუშავებაში იმთავითვე აქტიურად იყვნენ ჩართულნი დარგის ექსპერტები და პედაგოგები, მოგვიანებით კი სტანდარტის სამუშაო ვერსია დაეგზავნა ასეულობით საერთაშორისო თუ ადგილობრივ დაინტერესებულ ორგანიზაციას. რაც შეეხება პეტიციაში ნახსენებ ბრალდებებს, ნათია ჯოხაძე „ბინძურს“ უწოდებს, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, ხოლო კითხვას იმის შესახებ, თუ, მაგალითად, რატომ გაქრა სტანდარტის სამუშაო ვერსიიდან საკითხი რელიგიური ტოლერანტობის შესახებ, ნათია ჯოხაძე გვპასუხობს:

ნათია ჯოხაძე: „მე პირადად არ მიმუშავია საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, ისინი ექსპერტებთან ერთად განიხილავდნენ ამ საკითხებს, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ საპატრიარქო ყოფილიყო წინააღმდეგი შემწყნარებლობისა, მოყვასის სიყვარულისა, ტოლერანტობისა და დემოკრატიული ღირებულებებისა“.

რადიო თავისუფლება: „რაც შეეხება რელიგიურ შემწყნარებლობას?“

ნათია ჯოხაძე: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ რელიგიური ნაწილი საერთოდ აღარ იქნება, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი კონსულტაცია გავიარეთ ფსიქოლოგებთან და ექსპერტებთან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ასაკის ბავშვებისთვის ნაადრევია ამ მიმართულებით მუშაობა“.

რადიო თავისუფლება: „მაგრამ ვიცით, რომ ამ ასაკის ბავშვებთან ზოგიერთი პედაგოგი შედის და გაკვეთილს ლოცვით იწყებს“.

ნათია ჯოხაძე: „სავარაუდოდ. თუმცა თქვენ იცით, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ჯგუფმა უნდა მიმართოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და ისინი შეისწავლიან საკითხს“.

ნათია ჯოხაძის თქმით, საგანი „მე და საზოგადოება“, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, 2017-18 წლიდან დაინერგება მესამე-მეოთხე კლასებში. შესაბამისად, ის იმედს გამოთქვამს, რომ დროულად დამტკიცდება საგნის სტანდარტი, რის შემდეგაც საგნის სახელმძღვანელოების შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდება.

XS
SM
MD
LG