Accessibility links

12 თებერვალს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობამ კიდევ ერთხელ მოითხოვა თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე დროებითი საგამოძებო კომისიის შექმნა, რადგან ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ამ საქმის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს - გამოძიება კი, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, სანამ გამოძიება არ დასრულდება, პროცესში პარლამენტი არ ჩაერთვება, აფგან მუხთარლი კი, რომელიც დღე-ნახევრით იყო აზერბაიჯანის ციხიდან გამოშვებული, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ხელს სწორედ საქართველოს ხელისუფლებას ადებს.

please wait

No media source currently available

0:00 0:05:52 0:00
Direct link

„მუხთარლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა იმისთვის, რომ გამოძიება არ ჩატარებულიყო, და ამას მოწმობს 300 არაფრის მთქმელი მოწმის დაკითხვის ოქმიც“, უთხრა რადიო თავისუფლებას აფგან მუხთარლის ადვოკატმა, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა. სწორედ იმიტომ, ამბობს ჩოფიკაშვილი, რომ მუხთარლის საქმეს საქართველოში არ იძიებენ დროულად და ეფექტიანად, საჭიროა საპარლამენტო კომისიის შექმნა, რაც უკვე არაერთხელ მოითხოვა დაცვის მხარემ:

„ამ საქმის მნიშვნელობიდან და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა შეასრულოს ის ფუნქცია, რომელსაც ასეთ მდგომარეობაში უნდა ასრულებდეს, და შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. ჩვენ მივმართეთ ამ თხოვნით, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. სამწუხაროა ისიც, რომ აფგან მუხთარლის ცოლს, ლეილა მუსტაფაევას, და მათ მცირეწლოვან ბავშვს მოუწია საქართველოს დატოვება და მესამე ქვეყნის ძებნა თავშესაფრისთვის. ახლა ისინი გერმანიაში არიან“.

ჩოფიკაშვილი ასევე აცხადებს, რომ აფგან მუხთარლის ბოლო ინტერვიუ იმის საფუძველია, რომ პროკურატურამ გამოძიება სწორი მუხლით აწარმოოს, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), ასევე 154-ე მუხლით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანოაბში უკანონოდ ხელის შეშლა). 9 თვის შემდეგაც, ამბობს ადვოკატი, პროკურატურას არ დაუდგენია დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა.

თავად აფგან მუხთარლიმ, რომელიც აზერბაიჯანის ციხიდან თავისი დის, დისშვილისა და ძმისშვილის ორმოცზე დღე-ნახევრით გამოუშვეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში პირდაპირ დაადო ხელი საქართველოს ხელისუფლებას. მან თქვა, რომ „ეს მოხდა კვირიკაშვილის სანქციით და, ალბათ, ბრძანებით“, და კიდევ ერთხელ მოჰყვა თბილისიდან თავისი გაუჩინარების ამბავს.

არათუ გამოძიება არ მიმდინარეობს ამ საქმეზე, არამედ ნებაც კი არ არსებობს, რომ ამ საკითხზე დისკუსია გაიმართოს. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე პირდაპირ მუხთარლის ლანძღვა დაიწყო. შეურაცხყოფენ მოქალაქეს, რომელიც დაიჩაგრა ამ ქვეყანაში, გაქრა და უკანონოდ გადაიყვანეს სხვა ქვეყნის საზღვარზე...
ელენე ხოშტარია

მუხთარლის ამ განცხადებას აბსოლუტურ სიცრუედ მიიჩნევს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. მისი კოლეგა უმრავლესობიდან გიორგი ვოლსკი კი ამბობს, რომ მუხთარლი ცდილობს სკანდალური განცხადებებით საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას.

მუხთარლი წლების განმავლობაში კომფორტულად ცხოვრობდა საქართველოში და არანაირი პრობლემა მის ჟურნალისტურ საქმიანობას არ შექმნია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ხელისუფლებას არა აქვს არანაირი სურვილი უპასუხოს მუხთარლისთან დაკავშირებულ შეკითხვებს და ამის პასუხია მათი უარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, - ასე გვიპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ, თუმცა კი, მისი თქმით, ოპოზციამ ჯერ კიდევ ივნისში მოითხოვა საპარლამენტო დროებითი კომისიის შექმნა:

ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოძიება ოფიციალურად უნდა დამთავრდეს და მერე ვნახოთ, იქნება თუ არა საჭირო დამატებით კომისიის შექმნა. დღეს, ამ ეტაპზე, ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ...
ლევან გოგიჩაიშვილი

„არათუ გამოძიება არ მიმდინარეობს ამ საქმეზე, არამედ ნებაც კი არ არსებობს, რომ ამ საკითხზე დისკუსია გაიმართოს. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე პირდაპირ მუხთარლის ლანძღვა დაიწყო. შეურაცხყოფენ მოქალაქეს, რომელიც დაიჩაგრა ამ ქვეყანაში, გაქრა და უკანონოდ გადაიყვანეს სხვა ქვეყნის საზღვარზე. „ქართული ოცნება“ ძალიან მიეჩვია იმას, რომ რაღაც მოხდება და შემდეგ ამას ყველა ივიწყებს. თუ ჩვენ შევძლებთ და ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს და შეიქმნება საგამოძიებო კომისია, მათ აუცილებლად მოუწევთ პასუხების გაცემა. ეს ჩვენი პირადი ინტერესი კი არ არის, არამედ ქვეყნის პრესტიჟის საკითხია“.

ოპოზიციის ეს მოთხოვნა პოლიტიკური ქულების დაწერის გზად მიაჩნიათ უმრავლესობაში. ლევან გოგიჩაიშვილმა, მაგალითად, მოგვიგო, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ დადგება:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოძიება ოფიციალურად უნდა დამთავრდეს და მერე ვნახოთ, იქნება თუ არა საჭირო დამატებით კომისიის შექმნა. დღეს, ამ ეტაპზე, ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ. ის, რომ აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის ციხეში არ აწამებენ და კარგად ექცევიან, ეს საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა და ამას ყველა უნდა ხედავდეს. ადამიანურად, მე მესმის მისი და მისი განცხადებების, რასაც ამბობს, რადგან ციხეშია და ვიცი, რას ნიშნავს რეჟიმის ციხეში ყოფნა, მაგრამ მაინც მგონია, რომ მუხთარლისაც ცოტა მეტი მოუვიდა შეფასებებისას. მე მაინც პოლიტიკური ამბავი მგონია ეს, რასაც ოპოზიცია თავისთვის იყენებს. მე, პირადად, მუხთარლის ვერსიისა არ მჯერა“.

აფგან მუხთარლის საქმე უკვე გადაგზავნილია სტრასბურგში,სადაც ის უჩივის ორივე სახელმწიფოს - აზერბაიჯანსაც და საქართველოსაც. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს. აზერბაიჯანის სასამართლომ მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG