Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ჩაიშალა ბრალდებული დეკანოზის დაკითხვა


საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს პროკურატურა ე.წ. „ციანიდის საქმის“ ფარგლებში განაგრძობს ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის, დაკითხვას. 28 თებერვალს პროკურატურაში დაიბარეს, ასევე, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, რომელმაც საჯარო გამოსვლის დროს განაცხადა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდის მიტანა საპატრიარქოს ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა სთხოვა და რომ დაკავებული დეკანოზი პროვოკაციის მსხვერპლია.

გადმოწერა

საქართველოს პროკურატურაში მისულმა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ პროკურატურაში დაიბარეს მას შემდეგ, რაც ხმა აღიმაღლა უსამართლობის წინააღმდეგ და საჯარო განცხადებები გააკეთა დეკანოზ გიორგი მამალაძისათვის მოწყობილი შესაძლო პროკოვოკაციის თაობაზე. მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ისიც განაცხადა, რომ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს მართავს პატრიარქის მდივან-რეფერენტი, რომლის გავლენა, შესაძლოა, ასევე ვრცელდებოდეს პროკურატურაზეც:

„მამა გიორგის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და სხვა დარღვევებიდან გამომდინარე, რასაც მე ვხედავ, პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს. არ ვარ სამართალმცოდნე, მაგრამ მიჩნდება ერთი ძალიან საინტერესო ეჭვი. შეიძლება ისეთ კურიოზულ შემთხვევას წავაწყდეთ, რომ, საბოლოოდ, ყველა ბრალდებებიდან გამომდინარე, მამა გიორგი მამალაძის ბრალდება გადაკვალიფიცირდეს გაუთქმელობის დარღვევით“.

თვითონ ექიმი ვერ მცემს პასუხს, რისგან იყო ეს ყველაფერი განპირობებული, გულისრევა რატომ დაეწყო, რატომ აქვს დაბალი ტემპერატურა. ვეკითხები ექიმს, ნორმალური სიცხე რამდენი უნდა ჰქონდეს ადამიანს? 35,5 ნორმალურია? მეუბნება, არაო...
მიხეილ რამიშვილი

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საქართველოს პროკურატურაში 28 თებერვალს დაიბარეს, წინა დღით კი პროკურატურას ჩვენება მისცა ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ. საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას, ვარაუდით, პეტრე ცაავას დაბარება, შესაძლოა, კავშირში იყოს ბრალდებულის მიერ მიცემულ ჩვენებასთან.

ის, რომ გიორგი მამალაძემ პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში რამდენიმე პირი დაასახელა, დაადასტურა ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამაც, თუმცა მან იქვე შენიშნა, რომ დაკითხვის დასრულებამდე კანონით აკრძალული აქვს მათი ვინაობის გამხელა:

„შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ იყო რამდენიმე მნიშვნელოვან გვარზე საუბარი და ისიც შემიძლია გითხრათ, რომ, მამა გიორგის მიერ მიცემული ჩვენებით, ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი იმ გაგებით, რომ იმედია, საქართველოს პროკურატურა რეალურად დაფიქრდება ბრალის ფორმულირებასთან დაკავშირებით“.

გიორგი ფანცულაია და ბრალდებულის კიდევ ერთი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, დიდ იმედებს ამყარებდნენ 28 თებერვლისთვის დანიშნულ დაკითხვაზე, თუმცა, როგორც ადვოკატმა განაცხადა, დაკითხვა ჩაიშალა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო: ბრალდებულს აღენიშნებოდა სხეულის დაბალი ტემპერატურა, დაბალი წნევა და ღებინება:

„თვითონ ექიმი ვერ მცემს პასუხს, რისგან იყო ეს ყველაფერი განპირობებული, გულისრევა რატომ დაეწყო, რატომ აქვს დაბალი ტემპერატურა. ვეკითხები ექიმს, ნორმალური სიცხე რამდენი უნდა ჰქონდეს ადამიანს? 35,5 ნორმალურია? მეუბნება, არაო... გონებაზე კი არის, მაგრამ შეუძლოდ არის აშკარად, მაგრამ ოქმი შეადგინა პროკურატურამ, თითქოს უარს ამბობს დაკითხვაზე. არადა, ცუდად არის, არ უთქვამს უარი“.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ამ განცხადების პასუხად, პროკურატურის წარმომადგენელმა ჯარჯი წიკლაურმა თქვა, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდა დაკითხვის სრულფასოვანი ჩატარების შესაძლებლობას:

„როგორც კი დავაპირეთ ბრალდებულისათვის კრიტიკული შეკითხვების დასმა, რასაც ვგეგმავდით დღეს, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე. კიდევ ერთხელ დაასახელა მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ შევადგინეთ შესაბამისი ოქმი. ექიმებმა ორჯერ გასინჯეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის აბსოლუტურად ნორმაში. მას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში. იგი უსაფუძვლოდ, სხვადასხვა მიზეზის მოგონებით თავს არიდებს პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც სხვადასხვა საბაბით ჩაშალა დაკითხვის პროცესი“.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით პროკურატურას არ დაუკითხავს პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, რომელსაც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი საპატრიარქოს ჩრდილოვან მმართველს უწოდებს და რომლის მოწამვლასაც, გამოძიების ვერსიით, აპირებდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG