Accessibility links

გიორგი მამალაძის მიმართ საგამოძიებო პროცედურები დაიწყო


საქართველოს საპატრიარქო

24 თებერვალს პროკურატურამ, დაკავებულის სურვილის მიუხედავად, ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა ვერ მოასწრო. ამის მიზეზად დროის სიმცირე დასახელდა, რითიც ბრალდებულის ადვოკატებს კიდევ უფრო გაუმყარდათ ეჭვი იმის შესახებ, რომ პროკურატურა არ ჩქარობს. ბრალდებულის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები კი ექსპერტიზის პროცედურით დაიწყო. კერძოდ, მას ჩაუტარდა დნმ-ის ანალიზი და ექსპერტიზა კალიგრაფიასა და ხმაზე. მათგან ამ უკანასკნელით, ხმის ნიმუშებით, პროკურატურა საქმეში არსებული აუდიომტკიცებულებების ნამდვილობის, კერძოდ, დანაშაულში გიორგი მამალაძის მონაწილეობის დამტკიცებას შეეცდება, მისი ადვოკატებიკი იმედოვნებენ, რომ დეკანოზის ჩვენება რადიკალურად შეცვლის პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების ვერსიას.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დნმ-ის, კალიგრაფიისა და ხმის ნიმუშების ასაღებად საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები ეგრეთ წოდებულ მატროსოვის ციხეში 16 საათისთვის მივიდნენ.

“ექსპერტიზა დღეს არ ტარდება. დღეს, უბრალოდ, მოხდება ნიმუშების აღება ბრალდებულისგან, ვინაიდან უკვე არის დანიშნული ექსპერტიზები და, შესაბამისად, ეს აღებული ნიმუშები უნდა გადაიგზავნოს სრულყოფილი ექსპერტიზის ჩასატარებლად. დანიშნულია საქმეზე ბიოლოგიური, ფონოსკოპიური და გრაფიკული ექსპერტიზა და დღეს მოსულები ვართ, რომ ავიღოთ შესაბამისი ნიმუშები. ამის შემდეგ თუ ბრალდებული გამოთქვამს სურვილს, რომ მისცეს ჩვენება გამოძიებას, მოხდება მისი დაკითხვა“, განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

სასჯელაღსრულების ეგრეთ წოდებულ მატროსოვის დაწესებულებაში გიორგი მამალაძის მიმართ დაწყებულ საგამოძიებო პროცედურებს ესწრება დაცვის მხარეც. ადვოკატი გიორგი ფანცულაია კიდევ ერთხელ შენიშნავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მზად არის გამოძიების შეკითხვებს პასუხი გასცეს:

“ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს. მათ შორის დასამალი არ გვაქვს ის, რომ ჩვენ ვართ უდანაშაულოები და, ასევე, იმ კითხვებზე არ გვაქვს დასამალი პასუხები, რაზეც ამ დღეების განმავლობაში ისმოდა კითხვები. ჩვენ მივცემთ პროკურატურას ინფორმაციას სრულს, რათა თუ მათ მართლაც უნდათ საქმის გამოძიება... მიიღონ ინფორმაცია, გამოიძიონ და დადონ საქმეზე ჭეშმარიტება“, განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ,

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი ექსპერტიზის, მათ შორის, ხმის ექსპერტიზის მნიშვნელობაზე შემდეგ განმარტებას იძლევა:

“უნდა ჩაატარონ ექსპერტიზა, მამა გიორგი არის თუ არა ის, ვინც აუდიოჩანაწერში საუბრობს. აუდიოჩანაწერები, მე რაც მოვისმინე, რასაც, უფრო სწორად, გავეცანი, იქ ძალიან ბევრ ადამიანია, რომლებიც მამაოდ იხსენიებენ, ეტყობა მრევლის წარმომადგენლებიც არიან და გარკვეული პიროვნებებიც. მე აუდიოჩანაწერში ციანიდთან დაკავშირებით არაფერი მინახია და თუ მოსმენა კიდევ დამატებით აქვთ...“

საექპერტო მასალების, კერძოდ, კალიგრაფიული ნიმუშების აღების მცდელობა იყო ჩაქვის სასულიერო გიმნაზიაშიც, რომლის დირექტორიც დაკავებული დეკანოზია. გინაზიის დირექტორის მოადგილემ მარიამ ტარიელიძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ 23 თებერვალს სკოლაში მივიდა ადამიანი, რომელმაც სასწავლებლის თანამშრომლებს აჭარის პროკურატურის წარმომადგენლად გააცნო თავი. მარიამ ტარიელიძემ დეკანოზის ხელნაწერები უცხო პირს არ გადასცა:

“არ ვიცი, რამდენად სანდო იყო ეს დოკუმენტი, მართლა წარმოადგენდა ის პიროვნება თუ არა პროკურატურის თანამშრომელს. უბრალოდ, ჩემში უნდობლობა გამოიწვია იმან, რომ ის ითხოვდა მამაოს ხელნაწერს, ნებისმიერი სახის, თუნდაც პატარა ფურცლის ნაგლეჯს და თვითონ მოთხოვნის პროცესი იყო ისეთი, რაც იწვევდა მის მიმართ უნდობლობას. არ ვაყენებ შეურაცხყოფას არავის, უბრალოდ, იყო სხვისი გამოგზავნილი, ესე ჩავთვალე მე, იმიტომ რომ ის დროდადრო ეკონტაქტებოდა ტელეფონზე სხვას, ის აძლევდა იქიდან რჩევებს, სამჯერ გაბრუნდა და უკან დაბრუნდა“.

მარიამ ტარიელიძის ნათქვამს, თავის მხრივ, მოჰყვა პროკურატურის განმარტებაც. პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ ანალოგიური მოთხოვნით მიმართვები დაიგზავნა საპატრიარქოსა და საავადმყოფოში, რომლის დირექტორიც ასევე იყო დაკავებული. დეკანოზს მკვლელობის მომზადება ედება ბრალად, თუმცა პროკურორი ამბობს, რომ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპისათვის არ არის მიზანშეწონილი იმის თქმა, თუ ვისი მკვლელობა იგეგმებოდა. საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას თანახმად, ჩვენების მისაცემად მზადაა პატრიარქის მდივან-რეფერატი შორენა თეთრუაშვილიც, თუმცა როდის გაიმართება დაკითხვა, ჯერ ცნობილი არ არის:

“ჩვენ ველოდებით პროკურატურიდან შეტყობინებას. ქალბატონი შორენა მზად არის ნებისმიერ საკითხზე გასცეს პასუხი, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ამ თემაზე გარკვეული მანიპულაციები, ვინაიდან ჩვენ არაფერი დასამალი არა გვაქვს ყველა გარემოებაზე, ყველა საკითხზე, რაც საინტერესო იქნება პროკურატურისათვის, მზად ვართ ამომწურავი პასუხი გავცეთ“.

საგამოძიებო ორგანოებიდან, თავის მხრივ, დოკუმენტები გამოითხოვა სახალხო დამცველის აპარატმა, რომელიც ეგრეთ წოდებული „ციანიდის საქმის“ მონიტორინგს აწარმოებს. როგორც ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, აქამდე საქმის გამოძიება მხარეთა თანასწორობის პრინციპის უგულებელყოფით, პროცესუალური დარღვევებით წარიმართა:

“დღემდე რეალურად თანასწორუფლებიანობის და შეჯიბრებითობის პრინციპი დარღვეულია. იმედი მაქვს, რომ ადვოკატებს მიეცემათ შესაძლებლობა საკუთარი დაცვის ობიექტი დაიცვან და ხელის შეშლა აღარ მოხდეს, რასაც ამ ერთი კვირის განმავლობაში ჰქონდა ადგილი, და ასევე სხვა საპროცესო უფლებები იყოს გარანტირებული ამ შემთხვევაში. ამ მიმართებით სერიოზული პრობლემები ნამდვილად იყო გასული კვირის განმავლობაში“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG