Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო უახლოვდება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას


არაოფიციალური ინფორმაციით, ევროკომისია უახლოეს პერიოდში მიმართავს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას უკავშირდება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ინფორმაციით, ეს 2 მარტს უნდა მომხდარიყო და ცხოველი მოლოდინიც სწორედ მის მიერ სოციალურ ქსელში 1 მარტს გავრცელებულმა მისალოცმა განცხადებამ წარმოშვა. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, შორს არ არის ის დრო, როდესაც ევროკომისია ამ ნაბიჯს გადადგამს და ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას წინ ვერაფერი დაუდგება. სავარაუდოდ, უვიზოდ მგზავრობა შესაძლებელი იქნება უკვე ზაფხულიდან.

„ხვალ, (2 მარტს) ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქვეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის !!! ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, ბოლო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის შეთანხმების ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესაყვანად.
გილოცავთ ყველას და მადლობა ყველას, ვინც, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა შინ და გარეთ, ამ დიდ ბრძოლაში ეს დიდი გამარჯვება მოგვაპოვებინა. დარწმუნებული იყავით, ეს გამარჯვება უდიდეს სიკეთეებს მოუტანს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას !“ –
ამ შინაარსის განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ 1 მარტს, საღამოს, სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოაქვეყნა, აუდიტორიას ბედნიერება გაუზიარა როგორც ევროკავშირთან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ, და იქვე ისიც აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა მიღებული ეს სასიხარულო ინფორმაცია ბრიუსელიდან „ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარებისგან“.

ჩვენ ველოდებით, რომ ეს მოხდება ძალიან მალე და, შესაბამისად, ეს მისცემს შესაძლებლობას, რომ ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უკვე იმსჯელონ ამ ცვლილების განხორციელებაზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული მალე და, შესაბამისად, საქართველო დამსახურებულად მიიღებს ვიზის ლიბერალიზაციას...
მიხეილ ჯანელიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გზავნილი ბევრმა გადაწყვეტილ საქმედ მიიჩნია და დიდი ინტერესით დაელოდა 2 მარტს. თუმცა მოხდა ისე, რომ 2 მარტს ევროკომისიას ზემოხსენებული ნაბიჯი არ გადაუდგამს, სამაგიეროდ, სოციალურ ქსელში ზვიად კვაჭანტირაძის მიერ გამოქვეყნებული ტექსტი შეიცვალა და მას ჩაემატა სიტყვა „სავარაუდოდ“, რამაც ბევრი დააბნია. მაგრამ, საერთო ჯამში, ეს ოპტიმისტურ მოლოდინს არ ცვლის და, თარიღების დაუკონკრეტებლად, ტელეკომპანია „იმედთან“ სწორედ ასეთ მოლოდინზე ლაპარაკობს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელიც ბრიუსელში იმყოფება:

„ჩვენ ველოდებით, რომ ეს მოხდება ძალიან მალე და, შესაბამისად, ეს მისცემს შესაძლებლობას, რომ ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უკვე იმსჯელონ ამ ცვლილების განხორციელებაზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული მალე და, შესაბამისად, საქართველო დამსახურებულად მიიღებს ვიზის ლიბერალიზაციას“.

საგარეო უწყების გარდა, პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების დიდი ნაწილიც თვლის, რომ ევროკომისია საქართველოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივით ახლო მომავალში მიმართავს ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს. ამ შინაარსის ინფორმაცია არაოფიციალური არხებით ჯერ კიდევ 24 თებერვალს მიაწოდეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკს.

იმის გამო, რომ საქართველომ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა (რაც ევროკომისიის მიერ 2015 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნებულ დასკვნით ანგარიშში დადასტურდა), ახლა ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს თავისი დანაპირები და უნდა მიანიჭოს საქართველოს უვიზოდ მიმოსვლის ნებართვა, – ამბობს ჩვენთან საუბრისას ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე. მას ეჭვი არ ეპარება, რომ ეს სწორედ ასე იქნება, ამ პროცესს ვერაფერი შეუშლის ხელს და, მათ შორის, ვერც მიგრაციის კრიზისი. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძე დარჩენილ პროცედურებს განმარტავს:

ვანო ჩხიკვაძე
ვანო ჩხიკვაძე

„ეს ცვლილების პაკეტი უნდა შევიდეს ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტში (სავარაუდოდ, ეს იქნება კომიტეტი, სახელწოდებით – Civil Liberties, Justice and Home Affairs) და კომიტეტმა უნდა მოამზადოს თავისი დასკვნა ამ ცვლილებასთან დაკავშირებით. შემდეგ, სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე, ევროპარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას. ამის მერე საქმეში ერთვება ევროკავშირის საბჭო, ანუ ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები (იმის მიხედვით, თუ რომელ მინისტრს აქვს ჩაბარებული ეს პორტფელი კონკრეტულ ქვეყანაში) და ისინი იღებენ უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ანუ რეალურად ისინი უყრიან კენჭს. მაგრამ, როდესაც ევროკომისიის დასკვნა დადებითია, როგორც წესი, ისინი წინააღმდეგ აღარ მიდიან და, როგორც წესი, მათი გადაწყვეტილებაც დადებითია“.

ამის შემდეგ ცვლილების დოკუმენტს ხელს აწერენ ევროსაბჭოს პრეზიდენტი და ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი, ხოლო შემდეგ ქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში და მე-20 დღეს შედის ძალაში. ვანო ჩხიკვაძისთვის ძნელი სათქმელია, თუ რა დროს მოითხოვს მთელი ეს პროცესი, თუმცა, თუკი მოლდავეთის მაგალითით ვიმსჯელებთ, არის იმედი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება უკვე ზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება პირობებს, მოგზაურობისთვის აუცილებელი პირობები დაწვრილებით არის აღწერილი ვიდეორგოლებში, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებამდე კარგა ხნით ადრე გაავრცელა:

„უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე – 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით. სასაზღვრო პუნქტთან მგზავრებს შესაძლოა დასჭირდეთ შემდეგი დოკუმენტაცია: მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი, დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა და სასტუმროს ჯავშანი“.

რუსეთის "რბილი ძალის" ზეგავლენა საქართველოში, რაზეც საუბრობდა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ბატონი კლეპერი თავის ცნობილ მოხსენებაში. მე არ მგონია, რომ მხოლოდ სავიზო ლიბერალიზაცია საკმარისი იყოს ამ პრობლემის გადასაჭრელად...
ზაალ ანჯაფარიძე

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის მიერ 2015 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიში უკრაინის შემთხვევაშიც დადებითი იყო, წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის შედეგებმა ბოლომდე მაინც ვერ დააკმაყოფილა ბრიუსელი და, შესაბამისად, ამ ქვეყნისთვის ამ ეტაპზე ევროკომისია არ აპირებს საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებას. მართალია, საქართველოში უკრაინას წარმატებას უსურვებენ, მაგრამ, ბევრის აზრით, უსამართლობა იქნებოდა, თუკი ევროკომისია ამ ორი ქვეყნის საკითხებს ერთმანეთისგან არ გამიჯნავდა და პროცესში საქართველო დაზარალდებოდა. უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ანალიტიკოსები ასეთ საფრთხეზეც ლაპარაკობდნენ.

ეს იქნება დიდი შენატანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში და ეს დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს, ამბობს ჩვენთან საუბრისას დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, თუმცა ის ფიქრობს, რომ შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა ვერ მოხსნის რუსეთის საქართველოზე ზეგავლენის საფრთხეს:

„არა მგონია, რომ ამან მოაგვაროს ის პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ და რასთან შეწინააღმდეგებასაც ჩვენ ვცდილობთ, ანუ რუსეთის რბილი ძალის ზეგავლენა საქართველოში, რაზეც საუბრობდა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ბატონი კლეპერი თავის ცნობილ მოხსენებაში. მე არ მგონია, რომ მხოლოდ სავიზო ლიბერალიზაცია საკმარისი იყოს ამ პრობლემის გადასაჭრელად“.

იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული ოჯახისკენ სვლა შეუქცევადი გახდეს, ზაალ ანჯაფარიძის თქმით, აღმოსავლეთის პარტნიორობის რომელიმე მორიგ სამიტზე ოფიციალურად უნდა დადასტურდეს, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG