Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უვიზო წესები


18 დეკემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ ბოლო, რიგით მეოთხე, დადებითი ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე, ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის წესებისა და შესაძლებლობების განმარტება კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა. რა წესებს უნდა დაექვემდებარონ საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ და რა იციან მათ ამის შესახებ?

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ანუ უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის - ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმე თვეში საშუალება ექნებათ თავისუფლად გადაადგილდნენ შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ოთხ არაწევრ ქვეყანას და შენგენის ზონის ოთხ კანდიდატ ქვეყანას. ჯერ კიდევ გასული ზაფხულიდან მოყოლებული, სატელევიზიო სივრცეში პერიოდულად ჩნდებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამზადებული საინფორმაციო-სარეკლამო რგოლი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოგზაურონ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპის ქვეყნებში მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია განხორციელდება. 18 დეკემბრის საღამოდან, ანუ მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ ბოლო, რიგით მეოთხე, დადებითი ანგარიში გამოაქვეყნა და რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას შეეხება, ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის წესებისა და შესაძლებლობების განმარტება კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა: „უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით“...

სასაზღვრო პუნქტთან კი მგზავრებს შესაძლოა დასჭირდეთ შემდეგი დოკუმენტაცია: მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი, დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა და სასტუმროს ჯავშანი. უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები - მაგალითად, ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნესშეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. ის, რომ უვიზო რეჟიმი არ შეეხება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღებისა თუ მუშაობის მიზნით, ამის შესახებ განმარტებები გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც: „ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მუშაობის უფლებას. ეს იქნება ჩვეულებრივი ბიზნეს თუ ტურისტული ვიზიტი, მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არ იქნება მუშაობის უფლება ევროკავშირის ქვეყნებში“.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ამ პროცესს ადარებენ, მაგალითად, იმ დროს და სიტუაციას, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის იყო უვიზო მიმოსვლა და ხშირად მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ჩადიოდა რუსეთში, რჩებოდა, მუშაობდა და ა.შ. ცხადია, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ევროკავშირთან ამას არ ნიშნავს...
კორნელი კაკაჩია

თუკი 18 დეკემბრამდე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები რიტორიკისა და პოლიტიკური ელიტის დონეზე განიხილებოდა, 18 დეკემბრიდან ეს საკითხი უკვე რიგით მოქალაქეებს შეეხო, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელიც, მოლდოვის მაგალითზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა ექვსი თვის თავზე, ზაფხულის დასაწყისში, შეეძლებათ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედება არ გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნებში გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, იქ სამუშაოდ ჩასვლას, საქართველოს მოქალაქეებმა ევროპაში წასვლის შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენონ იმ გამოცდილების გასაზიარებლად, რასაც ევროპა, ევროპის ეკონომიკა თუ კულტურა სთავაზობს მათ: „ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ამ პროცესს ადარებენ, მაგალითად, იმ დროს და სიტუაციას, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის იყო უვიზო მიმოსვლა და ხშირად მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ჩადიოდა რუსეთში, რჩებოდა, მუშაობდა და ა.შ. ცხადია, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ევროკავშირთან ამას არ ნიშნავს და ამან გარკვეულწილად შესაძლოა საზოგადოების ნაწილში ფრუსტრაციაც გამოიწვიოს, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუკი ევროპაში ჩავა, ციურ მანანასავით ჩამოვარდება რაღაც. ცხადია, ამის გარანტია არ არის, მაგრამ ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება იმისა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ადგილზე ნახონ და გაეცნონ ეკონომიკისა თუ კულტურის მიღწევებს და თუ რაიმე იდეები აქვთ, იგივე ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, ადგილზე ვიზიტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს იდეები მეტ-ნაკლებად განახორციელონ“.

იმის გასარკვევად, თუ რა იციან თავად მოქალაქეებმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ, რადიო თავისუფლება რიგით მოქალაქეებს გაესაუბრა. მათ უმეტესობას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმაზე, თუ რა წესებს უნდა დაექვემდებარონ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ, მაგრამ უმრავლესობა მიესალმება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას:

რაც უფრო გამარტივდება ახალგაზრდებისა და სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ გასვლა, მით უკეთესი.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი მიღწევა, რადგან ის მოსახლეობა, რომელსაც დიდი სურვილი აქვს ნახოს ევროპა და ამისათვის ბევრი ბიუროკრატიული მექანიზმის გადალახვა უწევდა, ახლა უფრო მარტივად შეძლებენ ევროპაში წასვლას. არ ვიცი, საბოლოო ჯამში, ახალგაზრდებთან ერთად, მე მგონი, ჩემი ასაკის ხალხიც უფრო ადვილად წავა ევროპაში.

ჩემი აზრით, ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. სავაჭრო სისტემა განვითარდება.

რაც მოვისმინე, მგონი, სტუდენტთა ვიზებს უფრო ეხება საქმე. წახვალ, გაეცნობი სხვის ცხოვრებას, რაღაც კეთილს და კარგს გადმოიღებ. გაცვლა-გამოცვლაა, ურთიერთობაა...

ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე ვარაუდობს, რომ ევროკავშირში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული იურიდიული პროცედურები არ გაიწელება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილებას უახლოეს რამდენიმე თვეში შეძლებენ. რაც შეეხება შემდგომ პროცედურას უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ევროკომისია 2016 წლის დასაწყისში წარადგენს ოფიციალურ წინადადებას ევროკავშირის 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG