Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაბანში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა


ცესკოს ინფორმაციით, გარდაბნის რაიონში რიგგარეშე არჩევნები მშვიდ ვითარებაში დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დაფიქსირდა. რამდენიმე უბანზე დაიწერა საჩივრები, რომელთა უმრავლესობა ტექნიკურ ხარვეზებს შეეხებოდა. გარდაბანში რიგგარეშე არჩევნები ყოფილი გამგებლის, გარსევან ნიორაძის, გარდაცვალების გამო დაინიშნა. არჩევნებში მონაწილეობდა ორი კანდიდატი - ერთი „ნაციონალური მოძრაობიდან", ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო "ქართული ოცნებიდან" გოჩა ჯამარაული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, გარდაბნის რაიონში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რომლებიც რამდენიმე უბანზე გამოვლინდა, მალევე მოგვარდა.

რიგგარეშე არჩევნების მიმდინარეობას გარდაბანში 16 სადამკვირვებლო ორგანიზაცია ადევნებდა თვალს. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ იურისტის ნინო რიჟამაძის განცხადებით, სერიოზული ხარვეზები და დარღვევები, რაც არჩევნების მიმდინარეობაზე გავლენას მოახდენდა, არ დაფიქსირებულა:

„თუმცა ყარაჯალის 59-ე უბანზე პირბადიანი და ქუდიანი ადამიანები საარჩევნო უბნის მიმდებარედ აკონტროლებდნენ სიტუაციას, პარტიებს და კანდიდატებს მოუწოდებდნენ აღეკვეთათ მხარდამჭერების მსგავსი მობილიზაცია, ვინაიდან ეს ხელს უშლის არჩევნების მიმდინარეობას“.

უბნის შიგნით სრული სიმშვიდეა ჯერჯერობით და იმედია, ასეც დარჩება, მაგრამ უბნის გარეთ აქ რამდენიმე ათეული მანქანა იყო მობილიზებული, მათ შორის, ახალგაზრდები იყვნენ, რომელთაც არაფერი საერთო არჩევნებთან არ აქვთ...
გიგა ბოკერია

საარჩევნო უბნებში არა, მაგრამ მის გარეთ არსებულ მცირე ინციდენტზე მიუთითებდა რადიო თავისუფლებასთან საუბარში გარდაბნის 21-ე საარჩევნო უბანზე მყოფი დამკვირვებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი პრესის“ წარმომადგენელი პაპუნა პაპავა. მისი თქმით, იყო მცირე ექსცესები და, მოსახლეობის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ მათ ხელოვნურ მობილიზებას:

„ამწუთასაც, დაახლოებით 26 ადამიანი საარჩევნო უბნის წინ დგას და კატეგორიულად მოუწოდებს სხვებს, მოიყვანონ ადამიანები საარჩევნო უბანზე“.

საარჩევნო უბნებთან არსებული ჯგუფების მობილიზებაზე საუბრობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის, დიმიტრი შაშკინიც და გიგა ბოკერიაც:

„უბნის შიგნით სრული სიმშვიდეა ჯერჯერობით და იმედია, ასეც დარჩება, მაგრამ უბნის გარეთ აქ რამდენიმე ათეული მანქანა იყო მობილიზებული, მათ შორის, ახალგაზრდები იყვნენ, რომელთაც არაფერი საერთო არჩევნებთან არ აქვთ და ყველა ნიშნით არიან ფიზიკურად მომზადებული ახალგაზრდები და ეს გამოიყურება როგორც პოტენციური პრობლემა. ამიტომ აქვე მინდა მოვუწოდო მთავრობას, ივანიშვილის რეჟიმს, კანდიდატს, მის შტაბს, რომ მათთვის, პირველ რიგში, ჯობს თავი შეიკავონ ამ ტიპის ჯგუფების მოძრაობისგან“.

ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო პროცესში ყოველგვარ ჩარევას გამორიცხავდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. მათ შორის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, უსაფუძვლოა მტკიცება, თითქოს არჩევნების პროცესში მონაწილეობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები:

„მე მგონი, ეს დრო ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ 2012 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ამას იყენებდა და ბევრი დრო არ გასულა, სულ სამი წელი გავიდა და კარგად გვახსოვს ყველას, როგორ იყენებდა, როგორი ზეწოლა იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ, ჟურნალისტებზე. ეს დრო საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება და ის ინფორმაცია, თითქოს სუსია ჩარეული, არის ძალიან დიდი სიცრუე“.

ზვიად დევდარიანი
ზვიად დევდარიანი

გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ - წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდა) აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის თქმით, პოლიტიკურ ძალთა დიდმა ნაწილმა თავისი დამოკიდებულება საარჩევნო სისტემის მიმართ ღიად გამოხატა. ისინი მოითხოვენ სისტემის შეცვლას, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ არსებული სისტემა არ ასახავს ამომრჩეველთა პოზიციას სამართლიანად. შესაბამისად, ზვიად დევდარიანი იმას, რომ ორი პოლიტიკური ძალის გარდა ყველა სხვა პარტიამ უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, ორი მიზეზით ხსნის - ერთი, რომ მათ შესაძლოა არ სურდეთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თავიანთი პოლიტიკური რეიტინგის გამომზეურება და, მეორე, რომ ისინი, ზოგადად, საარჩევნო სისტემას არ ეთანხმებიან:

„ისინი არ არიან მზად ან არ აქვთ შესაბამისი რესურსი, ან თვლიან, რომ მათი მონაწილეობა ფიქტიური იქნება და სერიოზულ, საპარლამენტო არჩევნებამდე მათი რეიტინგები გამომზეურდება და, მეორე, რომ პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება ამ თემაზე უკავშირდება, ზოგადად, მათ დამოკიდებულებას საარჩევნო კანონმდებლობის მიმართ“.

როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ყველა საარჩევნო უბანი, კანონის შესაბამისად, საღამოს 8 საათზე დაიხურა, რასაც ხმების დათვლის პროცედურა მოჰყვება. ამავდროულად, ანა მიქელაძემ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ ვითარების ესკალაციისაგან.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG