Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აპირებს საქართველო მტრის აგრესიასთან გამკლავებას?


ნატო-საქართველოს ერთობლიბი წვრთნები. კრწანისის სამხედრო პოლიგონი, 2 მარტი, 2017 წ.
ნატო-საქართველოს ერთობლიბი წვრთნები. კრწანისის სამხედრო პოლიგონი, 2 მარტი, 2017 წ.

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება ნატოს შეკავების განახლებული პოლიტიკის შესაბამისად და ნატოს სტანდარტების მიხედვით შემდგომი განვითარება იმისათვის, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ ორი უმთავრესი ამოცანის შესახებ მინისტრმა ლევან იზორიამ 13 თებერვალს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამოსვლისას ილაპარაკა. ითქვა, რომ მტრის აგრესიის შეკავების ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების, დახმარება. „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილია საბრძოლო მომზადების ცენტრის ამოქმედება და ქართველი სამხედროების წვრთნა და აღჭურვა ნატოს სტანდარტების შესაბამისად. ტყვიამფრქვევები და ავტომატური იარაღი უკვე მიეწოდა საქართველოს. პარალელურად, გრძელდება ჯაველინის (Javelin) სისტემის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემის ელემენტების შესყიდვაზე ზრუნვა. შეძლებს თუ ვერა საქართველო გაუმკლავდეს მტრის აგრესიას?

საქართველო სათანადოდ აფასებს ნატოსთან თანამშრომლობას არსებითი პაკეტის შესრულების პროცესში, კვლავაც აქტიურად აპირებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს კვლავაც განიხილავს უსაფრთხოების დაცვის ერთადერთ ეფექტიან გარანტად - ეს აქცენტები არაერთხელ დაისვა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას გამოსვლაში 13 თებერვალს, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. ხაზგასმით ითქვა ისიც, რომ სწორედ ნატოს სტრატეგიას შეესაბამება საქართველოს მეორე უმთავრესი ამოცანა, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას უკავშირდება. ამ ჭრილში საგანგებო როლს თამაშობს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში შემუშავებული პროგრამა - „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“. ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, 2018 წლის მაისში დასრულდება საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობა და ქართველი ჯარისკაცები, წვრთნასთან ერთად, ნატოს სტანდარტებით აღიჭურვებიან.

ლევან იზორია
ლევან იზორია

„მაისიდან ცხრა ქვეით ბატალიონს ექნება შესაძლებლობა სამთვიანი მომზადების კურსები მთელი სამი წლის განმავლობაში გაიარონ ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორებთან ერთად. თუკი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უწინ წვრთნებითა და სწავლებებით, განსაკუთრებით საერთაშორისო მისიების ფარგლებში, ამოცანების განსახორციელებლად ვემზადებოდით, ისტორიულია წელს ის ფაქტი, რომ ეს სწავლებები დაკავშირებული იქნება უკვე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებიდან მისიების შესრულებასთან. ამ პროგრამის ფარგლებში ცხრა სამანევრო ბატალიონი მიიღებს ნატოს შესაბამის აღჭურვილობას“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ჩვენ ათი წლის განმავლობაში ვითხოვდით „ჯაველინების“ შეძენას. არ მინდა საჯაროდ ვთქვა, მაგრამ არსებობდა გარკვეული გარემოებები, რის გამოც, ყოველ ჯერზე, როდესაც ეს საკითხი იყო დაყენებული, უარი ითქვა...

თავდაცვის მინისტრის თქმით, „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ ფარგლებში, 2017-2018 წლების გეგმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს გამოყოფილი აქვს, დაახლოებით, 117 მილიონი დოლარი. აქედან 37 მილიონი დოლარი მცირე შეიარაღებას, ხოლო 25 მილიონი დოლარი კავშირგაბმულობის უსაფრთხო სისტემის შექმნა-ამოქმედებას მოხმარდება.

„გასულ წელს მივიღეთ ასეულობით ტყვიამფრქვევი, მივიღეთ ათასობით ავტომატი უკვე წელს. სხვა დეტალებზე ვერ მოგახსენებთ, რადგანაც ეს გარკვეულწილად საიდუმლოების შემცველი ინფორმაციებია. ეს პროცესი კვლავაც გრძელდება“ ,- აღნიშნა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობა „თვისებრივად ახალ ეტაპზე“ გადავიდა და ამის მკაფიო მაგალითია საქართველოსთვის ჯაველინის (Javelin) სისტემის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიყიდვის ფაქტი. ლევან იზორიას თქმით, 2018 წელს საქართველომ აშშ-ისგან უკვე შეიძინა გეგმით გათვალისწინებული მოცულობის ნახევარზე მეტი და ახლო მომავალში კვლავაც გაგრძელდება ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჯაველინის (Javelin) სისტემის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების შესყიდვის პროცესი.

„ჩვენ ათი წლის განმავლობაში ვითხოვდით „ჯაველინების“ შეძენას. არ მინდა საჯაროდ ვთქვა, მაგრამ არსებობდა გარკვეული გარემოებები, რის გამოც ყოველ ჯერზე, როდესაც ეს საკითხი იყო დაყენებული, უარი ითქვა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ჩვენ თუ ვყიდულობთ იარაღს, თუ ვამზადებთ სამხედროებს, თუ გვაქვს ისეთი ტექნიკა, რომელიც ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს აგრესორს, ის უნდა დაფიქრდეს - ღირს კი ასეთი აგრესიის განხორციელება? თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება ემსახურება ერთდერთ მიზანს...

თუკი აგრესორი საქართველოზე თავდასხმას გადაწყვეტს, ქვეყანა, ცხადია, ძირითადად საერთაშორისო პარტნიორების პოლიტიკური მხარდაჭერის იმედად რჩება, თუმცა, ვიდრე ეს მხარდაჭერა სათანადო შედეგს მოიტანს, ლევან იზორიას თქმით, ომის შემთხვევაში მყისიერად ამოქმედდება ეროვნული თავდაცვის გეგმა - 2017 წლის მიწურულს შემუშავებული 4-ტომიანი საიდუმლო დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი როგორც მთელი სტრუქტურის, ისე თითოეული დანაყოფის სამოქმედო გეგმა:

„მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტად შეაყოვნო თავდამსხმელი, მიაყენო ჭარბი ზიანი და შეაჩერო აგრესია“.

თუმცა, ლევან იზორიას თქმით, შესაძლებელია საქართველოს შეიარაღებული ძალების ისე გაძლიერება, რომ აგრესორს თავდასხმის სურვილი აღარ გაუჩნდეს:

„ჩვენ თუ ვყიდულობთ იარაღს, თუ ვამზადებთ სამხედროებს, თუ გვაქვს ისეთი ტექნიკა, რომელიც ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს აგრესორს, ის უნდა დაფიქრდეს - ღირს კი ასეთი აგრესიის განხორციელება? თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება ემსახურება ერთადერთ მიზანს, მათ შორის, აგრესორის აღქმის თვალსაზრისითაც, ჩვენ ვიყოთ იმდენად ძლიერი, რომ მას ჰქონდეს შეკავების საფუძველი და ეს საფუძველი უნდა შევქმნათ ჩვენ თვითონ. სწორედ ამიტომ ვსაუბრობ შეიარაღებულ ძალებზე, როგორც შეკავების მძლავრ ფაქტორზე“.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 2018 წლის ბიუჯეტით საქართველო სრულად აკმაყოფილებს ნატოს მოთხოვნას, რომ წევრი თუ პარტნიორი ქვეყნების მშპ-ის 2 პროცენტი მიმართული იყოს თავდაცვის ბიუჯეტზე, საიდანაც 20 პროცენტი შეიარაღებას მოხმარდება. ლევან იზორიას თქმით, აქ იგულისხმება როგორც ჯაველინის (Javelin) სისტემის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების შეძენა აშშ-ისგან, ასევე ანტისაჰაერო სისტემის ელემენტების შეძენა, საფრანგეთის პროექტის ფარგლებში.

რაღაც ძირითადი საშუალებები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ქვეყანას იმისათვის, რომ შეძლოს მოწინააღმდეგის საჰაერო შემოტევის დროულად აღმოჩენა და შემდეგ მისი საჰაერო ობიექტრების შეძლებისდაგვარად გაუვნებელყოფა. ქვეყანას ასევე უნდა შეეძლოს ეფექტიანად მოქმედება სახმელეთო და საზღვაო შემოტევების შემთხვევაში, თავდაცვის აუცილებელი საშუალებების გამოყენებით...

„ჩვენ შევიმუშავეთ ძირითადი თავდაცვის სისტემების შესყიდვების სტრატეგია 2018-2023 წლებისთვის, რომელსაც ჯერ პროექტის სახე აქვს, მაგრამ წელს დამტკიცდება... ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ასევე ავიაციის განვითარება. ჩვენ ამ მიზნით 23 მილიონი გამოვყავით და ასევე ამერიკული მხარე გვპირდება დამატებით დახმარებას იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი ავიაციის მოდერნიზება და განახლება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში 13 თებერვალს გამართულ სხდომას სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილიც ესწრებოდა. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ ფარგლებში აშშ საქართველოს დაეხმარება სწორედ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, რაც უპასუხებს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს - აგრესიული მეზობლის, რუსეთის, ფაქტორის გათვალისწინებით. ანალიტიკოსი თვლის, რომ ომის შემთხვევაში საქართველოს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს დროის მოგება იქამდე, ვიდრე მას საერთაშორისო პარტნიორები პოლიტიკურ დახმარებას აღმოუჩენენ:

„რაღაც ძირითადი საშუალებები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ქვეყანას იმისათვის, რომ შეძლოს მოწინააღმდეგის საჰაერო შემოტევის დროულად აღმოჩენა და შემდეგ მისი საჰაერო ობიექტების შეძლებისდაგვარად გაუვნებელყოფა. ქვეყანას ასევე უნდა შეეძლოს ეფექტიანად მოქმედება სახმელეთო და საზღვაო შემოტევების შემთხვევაში, თავდაცვის აუცილებელი საშუალებების გამოყენებით. ასპროცენტიანი მომზადება შეუძლებელია მაშინ, როცა მტერიც შეიძლება ამასობაში გაძლიერდეს. მაშინ მთელი ქვეყანა ავტომატებით უნდა იდგეს და ამ შემთხვევაში ეკონომიკა არ განვითარდება“.

ჯაველინის (Javelin) სისტემის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი
ჯაველინის (Javelin) სისტემის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პროცესში განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს აშშ-ისგან ჯაველინის (Javelin) სისტემის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების შეძენა, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი ირაკლი მჭედლიშვილი, რომელიც ასევე ესწრებოდა 13 თებერვალს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში გამართულ სხდომას:

„ქართული მხარისთვის „ჯაველინების“ მიყიდვა აშშ-ის მხრიდან დიდი ნდობის გამოხატულებას წარმოადგენს. საქმე ის არის, რომ მაღალტექნოლოგიური იარაღი შემთხვევით ხელში ვერ გადავა. მიმღებს არა მხოლოდ მისი მოხმარება უნდა შეეძლოს, არამედ ის უნდა იყოს ასევე მკაცრი კონტროლის ქვეშ, უნდა იყოს იმის გარანტია, რომ ეს იარაღი არ მოხვდება შემთხვევითი ადამიანების ხელში, მტრის ხელში და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ამერიკულმა მხარემ ასეთი გარანტიები დაინახა, თუმცა ქართულ მხარეს ეს კმაყოფილებით მოდუნების უფლებას არ აძლევს“.

თუკი თავდაცვის მინისტრის სიტყვებით ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით არ არის დაკონკრეტებული საქართველოს ადგილი და როლი ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში. ლევან იზორიას თქმით, საქართველოს მიერ 2017 წელს შეთავაზებული გეგმა ჯერ ისევ განხილვის ფაზაშია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG