Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკისა და „ჰიბრიდული ომის“ საფრთხეები


საპროტესტო აქცია ბერშუეთში
საპროტესტო აქცია ბერშუეთში

მიმდინარე კვირაში საგანგებო ყურადღების ქვეშ მოექცა საოკუპაციო ზოლი, რომელმაც, რუსეთის მიზანმიმართული საოკუპაციო პოლიტიკის შედეგად, რამდენიმე ასეული მეტრით გადმოიწია საქართველოს სიღრმეში. ამ ფაქტს განგაში მოჰყვა საქართველოში.

10 ივლისს ორასამდე სტუდენტმა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ზოლთან ახლოს, გააპროტესტა, სწორედ იქ, სადაც რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერი დადგეს. სტუდენტები მოითხოვდნენ რუსეთის განგრძობადი საოკუპაციო პოლიტიკის წინააღმდეგ უფრო მწვავე რეაგირებას საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მოსახლეობის მხრიდან.

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ბერშუეთში, უფრო მასშტაბური საპროტესტო აქცია 14 ივლისსაც გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩასულმა ადამიანებმა, მათ შორის - პოლიტიკოსებმა, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა მსვლელობა მოაწყვეს სოფელ სობისიდან ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერისკენ და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ, პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, პოლიციის მითითებებს დამორჩილებოდნენ. აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო ბანერიდან რამდენიმე მეტრში ალტერნატიული ბანერი აღმართეს. მასზე ეწერა: “საქართველოს სახელმწიფო საზღვარი როკის გვირაბთან -101 კილომეტრი.”

ამერიკის შეერთებული შტატები ამაზე საუბარს გააგრძელებს და ხმას აიმაღლებს ამის წინააღმდეგ. მიუღებელია ნებისმიერი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის ცალმხრივი შეცვლა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ოჯახებზე, ხალხზე, მათ თავისუფალ გადაადგილებაზე...
იან კელი

14 ივლისს საოკუპაციო ხაზთან - სოფელ ყარაფილას სიახლოვეს - იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელიც. მან საოკუპაციო ძალების მიერ დამონტაჟებული ბანერი მოინახულა. ეს ბანერი 400-იოდე მეტრითაა დაშორებული საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალიდან და პრაქტიკულად ოკუპაციის ზოლში აქცევს სტრატეგიული მნიშვნელობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, რომელიც სოფელ ორჭოსანთან უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. ამერიკის ელჩმა დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ მცოცავი ოკუპაცია და განაცხადა, რომ მიუღებელია „როდესაც 21-ე საუკუნეში მეზობელი ქვეყანა ასე უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.

„ამერიკის შეერთებული შტატები ამაზე საუბარს გააგრძელებს და ხმას აიმაღლებს ამის წინააღმდეგ. მიუღებელია ნებისმიერი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის ცალმხრივი შეცვლა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ოჯახებზე, ხალხზე, მათ თავისუფალ გადაადგილებაზე“, - განაცხადა იან კელიმ.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მცოცავი ოკუპაციის გაგრძელების პროცესი, რომელიც ამ დღეებში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც - ავნევში, კნოლევში, თამარაშენსა და ცერონისში - გამოვლინდა, თბილისმაც გააპროტესტა. ეს თემა განხილვის საგანი იყო ეუთოს არაფორმალურ მინისტერიალზეც, რომელიც ეუთოს სივრცეში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხებოდა. ინფორმაცია ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ განთავსებისა და ოკუპირებული რეგიონის საქართველოსგან კიდევ უფრო იზოლირების საფრთხის შესახებ მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიაწოდა.

12 ივლისს რუსეთის უკანონო ქმედებების შესახებ სასაუბროდ საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ დიპლომატებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია მცოცავი ანექსიის ბოლო ფაქტებისა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებული შემთხვევების შესახებ:

“გვაშფოთებს ის ბოლო განვითარებები, რომლებსაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხელოვნური ბარიერების, მავთულხლართების გავლება, გაგრძელება ამ პროცესის, რაც კიდევ უფრო ართულებს იქ დარჩენილი ქართული მოსახლეობის მდგომარეობას. ასევე გვაშფოთებს ის გახშირებული დაკავებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. გვაშფოთებს გამალებითი მილიტარიზაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების. ასევე გვაშფოთებს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება იწყებს, აპირებს გალის რაიონში დროებითი დოკუმენტების დარიგებას ქართველი მოსახლეობისთვის“.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები პირობით საზღვრისპირა რეგიონებში რუსეთის ქმედებების შესაჩერებლად აქცენტს საერთაშორისო ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობაზე აკეთებენ, თუმცა პოლიტიკური ოპონენტები და ექსპერტების ნაწილი ხელისუფლების რეაგირებას არასაკმარისად მიიჩნევენ და თბილისს უფრო მეტი აქტიურობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე საქართველოს პრობლემების უფრო უკეთ წარმოჩენისკენ მოუწოდებენ.

ერგნეთის შეხვედრის მონაწილეები
ერგნეთის შეხვედრის მონაწილეები

რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის ფარგლებში დამატებითი მიწების მიტაცების საკითხი ქართულმა მხარემ 11 ივლისს ერგნეთში, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების“ 79-ე შეხვედრაზე წამოაყენა. მთავარი თემა იყო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთელი ფერმერის, გია ხოდელის, მიწის ნაკვეთში ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერის განთავსება. ფერმერი აცხადებდა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მის მიწის ნაკვეთში შეიჭრნენ და 10 ჰექტარამდე მიწა ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში მოაქციეს.

შეხვედრას პირველად დაესწრო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის დისკუსიის ფორმატში მურად ჯიოევი. მისი თქმით, საფორტიფიკაციო ნაგებობებს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ძალები და ოსი მესაზღვრეები საზღვრის გასწვრივ აგებენ და საქართველოს ტერიტორიაზე არ იჭრებიან.

ქართული მხარე ოსურ მხარეს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზებაში ადანაშაულებს. იმ ფაქტს, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოსურმა მხარემ უკვე დაიწყო ახალი თხრილების გავლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებად მიიჩნევს.

მიმდინარე კვირაში საქართველოს დეოკუპაციის საკითხის მოგვარების მოტივით „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქს - მოსკოვს - ეწვივნენ. საქართველოს პარლამენტის წევრები - ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე - 11 ივლისს რუსეთის ფედერაციის სათათბიროში შეხვდნენ სათათბიროს დსთ-ს ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარეს, ლეონიდ კალაშნიკოვს. სათათბიროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ჰუმანიტარული თანამშრომლობის, საპარლამენტთაშორისო კავშირების განვითარებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივები. განიხილებოდა ასევე საქართველოს თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან.

„ჩვენ გადავდგით პოლიტიკურად არაპოპულარული ნაბიჯი, რადგან გვინდა, რომ გაკეთდეს საქმე და არა პოლიტიკური პიარი“, - ამ სიტყვებით შეაჯამა 11 ივლისს რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებთან გამართული შეხვედრა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გიორგი ლომიამ:

„გვინდა მოსკოვს შევთავაზოთ ახალი დიალოგის ფორმატი. ეს იქნება საქართველო-რუსეთი-ნატოს სამმხრივი ფორმატი, რომელმაც საშუალება უნდა მისცეს ჩვენს ქვეყანას, რომ უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი“.

პირველ რიგში, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩავაყენოთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების საქმის კურსში და მათთან ერთად შევიმუშაოთ რუსეთის შეკავების პოლიტიკა, რომელიც სანქციებით იქნება გამაგრებული...
ხათუნა ლაგაზიძე

მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ვიზიტს და მათ მიერ პირდაპირი დიალოგის წარმოების შეთავაზებას უარყოფითად შეხვდა როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია. დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს გაემიჯნა მმართველი გუნდი. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 11 ივლისს განაცხადა, რომ ეს არის პარტიული ვიზიტი და ამ ვიზიტს ვერანაირი კავშირი ვერ ექნება პარლამენტთან.

პოლიტოლოგების ნაწილი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების რუსეთში ვიზიტს არ განიხილავს როგორც მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფაქტს და ასე ფიქრობს, მაგალითად, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძეც. მისთვის ეს „ჰიბრიდული ომის“ ნაწილია. ამ ჭრილში პოლიტოლოგი „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტთან აერთიანებს რუსეთის მიზანმიმართულ „მცოცავ ოკუპაციას“ და, გარდა ამისა, თბილისში ჩატარებულ აქციას უცხო ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ, სახელწოდებით „ქართველთა მარში“. მისი სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლებას მეტი აქტიურობა და წინდახედულობა ჰმართებს:

„ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, რომ შესაბამისი შეფასება მისცეს ამ პროცესებს და მოახდინოს პრევენცია შემდგომი ნაბიჯებისა. ანალიზის შედეგად და რისკების შეფასების შედეგად, არც ისე რთულია რუსეთის შემდგომი ნაბიჯების გამოთვლა და შესაბამისი პრევენცია, ოღონდ ეს ნამდვილად სცილდება საქართველოს შესაძლებლობებს და, პირველ რიგში, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩავაყენოთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების საქმის კურსში და მათთან ერთად შევიმუშაოთ რუსეთის შეკავების პოლიტიკა, რომელიც სანქციებით იქნება გამაგრებული“.

„ქართველთა მარში“, რომელსაც პოლიტოლოგები რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკისა და ჰიბრიდული ომის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ, ულტრანაციონალისტურმა ორგანიზაციებმა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, 14 ივლისს გამართეს. მსვლელობა მოძრაობა „ეროვნულების“ ორგანიზებით მოეწყო და მისი მონაწილეები ქვეყანაში არალეგალურად მყოფი უცხოელების გაძევებასა და საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას მოითხოვდნენ. მოთხოვნათა შორის იყო ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის უცხოური დაფინანსების აკრძალვა. რასისტული და ქსენოფობიური შინაარსის მსვლელობაში მონაწილეობდა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის - „პატრიოტთა ალიანსის“ -წარმომადგენელი, ემზარ კვიციანიც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG