Accessibility links

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI-მ) გამოაქვეყნა კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ გასცემს მერია უფლებას ხეების მოჭრაზე. კვლევაში საუბარია საკანონმდებლო პრობლემებზე და გამოთქმულია ვარაუდი, რომ შესაძლოა სამშენებლო კომპანიები და მერია საკითხს არაკეთილსინდისიერად უდგებოდნენ. პარლამენტში კი უკვე განიხილება სამშენებლო კომპანია „ემ კვადრატის“ საკანონმდებლო ინიციატივა მშენებლობისთვის ხეების მოჭრის პროცესის გამარტივების შესახებ.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI-ს) კვლევის მიხედვით, 2011-დან, 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით, თბილისის მერიამ 1700-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსისა და მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის ნებართვა გასცა, ამ მშენებლობებისთვის კი 2013 წლიდან 2016 წლის აგვისტომდე 3 500-ზე მეტი ხე მოიჭრა. მათგან, მერიის ინფორმაციით, დაავადებული იყო 827 ხე.

როგორც კვლევის ავტორი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანალიტიკოსი, გიორგი ხატიაშვილი ამბობს, 2016 წელს მერიის მიერ ხეების მოჭრის შესახებ გაცემულ ნებართვებში, წინა წლებთან შედარებით, 5-ჯერ გაიზარდა დაზიანებულ ხეთა რაოდენობა, რაც გადაწყვეტილებების მიმღებთა კეთილსინდისიერებას საეჭვოს ხდის:

„ამას ემთხვევა „ემ კვადრატის“ ინიციატივა, რომ დაზიანებულ ხეებზე მოიხსნას კომპენსაციის ვალდებულება. ამაში ჩვენ ვხედავთ სამ პრობლემას: პირველი - კომპენსაციის მოხსნა შეიძლება გახდეს სტიმული კერძო კომპანიებისთვის, რომ დააზიანონ ხე ან გაახმონ და შემდეგ უპრობლემოდ მოჭრან ის; მეორე, რომ ხეების ჭრაზე ნებართვების გაცემით მიღებული შემოსავალი მერიაში დაიკლებს; მესამე - კორუფციის რისკები“.

დღს მოქმედი კანონმდებლობით, თბილისსა და მის შემოგარენში მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვისთვის სხვადასხვა თანხაა გადასახდელი იმის მიხედვით, თუ რა და რა ასაკის მცენარე მოიჭრა. ხეების თვითნებურად მოჭრა კი ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. სამშენებლო კომპანია „ემ კვადრატი“ ითხოვს დაზიანებული ხეების მოჭრისთვის გადასახადი გაუქმდეს. მათი ეს ინიციატივა პარლამენტის გაერთიანებულმა კომიტეტებმა 20 დეკემბერს განიხილეს და კანონპროექტის ინიცირებას მხარი დაუჭირეს. ამან გარემოს დამცველი ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ კანონმა არა მხოლოდ ხეების ჭრა უნდა დაარეგულიროს, არამედ უკეთ უნდა აღწეროს სამშენებლო კომპანიების მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი:

„კანონმდებლობის ნაკლოვანებები განსაკუთრებით თბილისშია თვალსაჩინო, რადგან მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ამასთან დაკავშირებით - ხე ნამდვილად მოსაჭრელია დაავადების გამო თუ არა. ამა თუ იმ მშენებლობამ თუ სხვა პროექტმა შეიძლება გარემოს ძლიერი ზიანი მიაყენოს იმის მიუხედავად, იქ ხე მანამდე იყო თუ არა ან, ზოგადად, მშენებლობისთვის მოჭრილი ხე დაზიანებული იყო თუ არა“.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, 2016 წელს, 16 აგვისტოს ჩათვლით, მოჭრილი 709 ხიდან დაზიანებულის სტატუსი 500-ს ჰქონდა მინიჭებული. თბილისის მერი დავით ნარმანია ამ პროცესს „სანიტარულ ჭრას“ უწოდებს:

„სანიტარული ჭრა აუცილებელია, რათა დაზიანებულმა და დაავადებულმა ხეებმა სხვა ჯანსაღი ხეებიც არ დააზიანოს. შეფასება ხდება წინასწარ, სანამ ხეები დაინომრება, და ამაზე დაყრდნობით ვიღებთ გადაწყვეტილებას“.

ხეების მდგომარეობას მერიის მიერ შერჩეული ორგანიზაციები ადგენენ. 2016 წელს ასეთ დასკვნებს მერიას ძირითადად სამი კომპანია - „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“, „ფორესთ კომპანი“ და „ფორესთ კომპანი+“ - აწვდიდა.

გარემოს დამცველი ორგანიზაციების ეჭვს ამ კომპანიების საქმიანობაც იწვევს. მათი თქმით, საჭიროა დეტალურად გაიწეროს პროცედურები, რომლებიც ხეების მოჭრის ნებართვის გაცემას უკავშირდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG