Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხეების ჭრა უფასოდ?


პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს იმ კანონპროექტის შემუშავებას, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო კომპანიებს უნდა შეეძლოთ კერძო ტერიტორიაზე დაზიანებული ხეების მოჭრა გადასახადის გარეშე. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით კომპანია „ემ კვადრატმა“ 15 დეკემბერს მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს. გარემოს დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს საშიში ინიციატივაა და მასობრივი პროტესტით იმუქრებიან.

ხეების ჭრა უფასოდ
please wait

No media source currently available

0:00 0:04:01 0:00
გადმოწერა

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გარემოს დამცველი აქტივისტების ნაწილი პროტესტის დიდი ტალღის აგორებით იმუქრება. მათ უკმაყოფილებას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი, რომ პარლამენტს სულ 5 დღე დასჭირდა კომპანია „ემ კვადრატის“ განცხადების განხილვის დასაწყებად ხეების მარტივად მოჭრის თაობაზე, და მეორე, რომ 20 დეკემბერს, გაერთიანებულ სხდომაზე სამმა კომიტეტმა - მათ შორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა - მხარი დაუჭირა ამ თემაზე კანონპროექტის ინიცირებას.

ნატა ფერაძე
ნატა ფერაძე

„თუ [სამშენებლო კომპანიები] მწვანე საფარზე ზრუნავენ, ამას მივესალმებით, მაგრამ დღეს ამის ასეთი ტემპით განხილვისთვის ცალკე დეველოპერები, ცალკე პარლამენტი მიიღებს დიდ საპროტესტო ტალღას“, - ასე მიმართა პარტიზანმა მებაღემ, ნატა ფერაძემ, საპარლამენტო კომიტეტების წარმომადგენლებს.

დამსწრეთა ნაწილის პროტესტის მიუხედავად, კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ხეების ჭრაზე კანონპროექტის ინიცირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი კომიტეტი პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით დაიწყებს „ემ კვადრატის“ მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებზე მუშაობას.

სწორედ ეს სიჩქარე აეჭვებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელ ერეკლე ურუშაძეს. მისი თქმით, ეჭვი გაუჩინა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა პასიურობამაც, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ და რომელთაგანაც მხოლოდ „ემ კვადრატის“ დირექტორი გამოვიდა მოკლე სიტყვით:

„ნებისმიერი, ვისაც პარლამენტში წინადადება შეუტანია, დაადასტურებს, რომ ასე ჩქარა წინადადებები არ განიხილება, მით უმეტეს, კერძო სუბიექტებისგან შესული. მეორე მხრივ კი, უნდა ვიფიქროთ, ვინ შეიძლება იხეიროს ამ ცვლილებით, რადგან რეალურად თანხა, რომელიც „ემ კვადრატს“ დაეზოგება [დაზიანებული ხეების მოჭრისთვის გადასახადის გაუქმების შედეგად], მიზერულია, მათი პროექტების ღირებულებასთან შედარებით. ეს შეიძლება აწყობდეს ისეთ კომპანიას, რომელიც ქალაქგარეთ გეგმავს მშენებლობას და რამდენიმე ათასი ხის მოჭრა სჭირდება“.

რამდენად ლოგიკურია, რომ განიხილება საკითხი, მერია ესწრება და არაფერს ამბობს იმაზე, რომ ამ საკითხზე კანონპროექტი უკვე მომზადებული აქვს?..
ერეკლე ურუშაძე

კომპანია „ემ კვადრატის“ განცხადებაში მოთხოვნილი იყო დაზიანებული ხეების მოჭრისთვის გადასახადების გაუქმება და ხეების მდგომარეობის შეფასების მკაფიო სისტემის შემუშავება. პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ამ საკითხების ასე დაჩქარებით განხილვის მიზეზი განმარტა:

„როგორც ვიცი, ეს საკითხი, უკვე წელიწადია, განიხილება და იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი სექტემბრიდან, ფაქტობრივად, პარალიზებული იყო, მხოლოდ ეს არის ამ საკითხის დაჩქარებულად შემოტანის მიზეზი“.

გარემოს დამცველებისთვის ეს განმარტება საკმარისი არ არის. მათ დაეჭვებას იწვევს თბილისის მერიის მიერ შემუშავებული ცვლილებების პროექტი „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში. ამ პროექტში, რომელიც მერიამ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას განსახილველად 2016 წლის ნოემბერში გადაუგზავნა, მოჭრილი ხეების გამო გადასახადების გაუქმებაზეა საუბარი. სანაცვლოდ კი კომპანიამ ხეები სხვაგან უნდა დარგოს. ერეკლე ურუშაძის შეფასებით, არ შეიძლება ეს დამთხვევა ყოფილიყო:

„რამდენად ლოგიკურია, რომ განიხილება საკითხი, მერია ესწრება და არაფერს ამბობს იმაზე, რომ ამ საკითხზე კანონპროექტი უკვე მომზადებული აქვს?“

სამშენებლო კომპანიების განცხადების საპასუხოდ, პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებით შევიდა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“. ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვენ, შევიდეს კანონმდებლობაში ცვლილებები და გამკაცრდეს დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების ჭრა. ორგანიზაციის წარმომადგენელი ქეთი გუჯარაიძე ამბობს, რომ ამ განცხადებაზე პარლამენტის რეაქციით გამოჩნდება, თუ ვისი ინტერესებია უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის - საზოგადოების თუ ბიზნესის.

XS
SM
MD
LG