Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოს ემბარგოს არ უწესებს


მოლდავეთის და საქართველოს ღვინოები რუსეთის ერთ-ერთ მაღაზიაში
მოლდავეთის და საქართველოს ღვინოები რუსეთის ერთ-ერთ მაღაზიაში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მრჩეველი ზურაბ ჩეკურაშვილი მოსკოვში „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლებთან „ტექნიკური ხასიათის“ საკითხებზე სალაპარაკოდ ჩავიდა. ჯერჯერობით უცნობია, შეეხება თუ არა საუბარი სასურსათო ემბარგოს, რომლითაც, სხვადასხვა წყაროს ცნობით, რუსეთის ფედერაცია კვლავაც ემუქრებოდა საქართველოს. თუმცა ამ ეტაპისთვის საქართველო არ არის დასახელებული ემბარგოს ადრესატი ქვეყნების ჩამონათვალში, რომელიც 13 აგვისტოს რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დმიტრი მედვედევმა გაავრცელა. რა სიგნალები მოდის მოსკოვიდან და რატომ წამოსწია წინა პლანზე ემბარგოს თემა მოსკოვმა?

მოსკოვი უკვე რამდენიმე კვირაა ფიქრობს იმ ქვეყნების დასჯის ხერხებზე, რომლებიც უერთდებიან ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. 13 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე, ემბარგოს სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალი პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა გაახმაურა:

„ევროკავშირის ქვეყნებს, ავსტრალიას, კანადას, ნორვეგიასა და შეერთებულ შტატებს, საიდანაც შარშან აგვისტოში აიკრძალა გარკვეული სახეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემოტანა რუსეთში, ახლა დაემატა მთელი რიგი ქვეყნები და კერძოდ: ალბანეთი, ჩერნოგორია, ისლანდია, ლიხტენშტაინი და უკრაინა (საგანგებო დათქმით)“.

უკრაინასთან დაკავშირებული დათქმის მიხედვით, სასურსათო ემბარგო ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი ძალაში შევა უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი, მართალია, დროებით რეჟიმში, მაგრამ დიდწილად ამოქმედებულია საქართველოს შემთხვევაში და იმის მიუხედავადაც, რომ საქართველოც შეუერთდა ევროკავშირის სწორედ იმ ეკონომიკურ სანქციებს, რამაც ასე გააბრაზა რუსეთი (და ამას რუსეთის მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობაც ადასტურებს, მოსკოვმა ამ ეტაპზე საქართველო მაინც არ შეიტანა ემბარგოს ადრესატი ქვეყნების სიაში.

რატომ დაინდო რუსეთმა საქართველო და რატომ არ დაუწესა ემბარგო?

თუკი სააგენტო „ინტერფაქსის“ მიერ გამოქვეყნებული ცნობით ვიმსჯელებთ, რაც ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, საქართველო იურიდიულად არ არის მიერთებული ანტირუსულ სანქციებს. ამავე წყაროს თქმით, რუსეთი თავდაპირველად კონტრსანქციების დაწესებას საქათველოსაც უპირებდა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ „საქართველოს ჯერ არა აქვს მიღებული ნორმატიული აქტები და გაურკვეველია, მიიღებს თუ არა ასეთ აქტებს“ რუსეთის წინააღმდეგ.

რუსეთისგან საქართველოსთვის ახალი ემბარგოს დაწესებას არ მოელოდა პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და, კერძოდ, იმ რბილი განცხადებების ფონზე, რაც ბოლო კვირებში გაისმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან:

„საქართველოს ხელისუფლებამ პრინციპული პოზიცია არ დაიჭირა ამასთან დაკავშირებით. მათ თქვეს, რომ საქართველო არ უნდა შეუერთდეს არანაირ სანქციებს რუსეთის მიმართ და ეს სწორედ ის მესიჯებია, რაც მოსკოვს მუსიკასავით ესმის. ანუ მას სწორედ ასეთი მესიჯების მოსმენა უნდა და, აქედან გამომდინარე, ემბარგოს საკითხი გადაიდება, თუკი არ მოხდა რაიმე ახალი დაძაბულობა რუსულ–ქართულ ურთიერთობებში“.

ის, რომ საქართველოს რუსეთმა ამ ეტაპზე ემბარგო არ დაუწესა, არცსაქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელს ზვიად ხორგუაშვილს გაჰკვირვებია. რუსეთის თავშეკავებას ისიც დიდწილად მიაწერს საქართველოს ხელისუფლების და, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ გაუმართლებელია სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ. ხორგუაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ეს საკითხი სამომავლო ვაჭრობისთვის შემოინახა:

„საქართველოს მთავრობის გზავნილები ძალიან ნათელი იყო. ძალიან რბილი განცხადებები გაკეთდა და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ასეთ რბილ განცხადებებს აქვს თავისი შედეგი. შეიძლება რუსეთმა ეს ბერკეტი შეინახა მომავლისთვის – კოზირი ყოველთვის საჭიროა“.

თუ რაში გამოიყენებს რუსეთი შემონახულ კოზირს, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუმცა, როგორც ზვიად ხორგუაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სავარაუდოდ, ეს არ იქნება ნატოს თემა, რომელთან მიმართებითაც თბილისს მტკიცე პოზიცია აქვს და თვის ბოლოსთვის ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნაც იგეგმება.

ყოველივე ამის ფონზე ყურადღებას იპყრობს რუსეთის ფედერალური ტელეარხის „ტვ. ცეს“ ეთერში გასული სიუჟეტი, რომელშიც საქართველო არ მოიხსენიება იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც უნდა ჩაანაცვლონ ევროკავშირი რუსეთის ბაზარზე. მაგალითად, როცა სიუჟეტის ავტორი ლაპარაკობს ხილზე, სახელდებიან უზბეკეთი, ტაჯიკეთი და სომხეთი, ხოლო ბოსტნეულისა და ციტრუსების შემთხვევაში მოხსენიებული არიან ირანი, მაროკო და ეგვიპტე.

ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველს ზურაბ ჩეკურაშვილს, რომელიც 13 აგვისტოს მოსკოვში შეხვედრას მართავდა "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელ სერგეი დანკვერტთან. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მრჩეველი „ტექნიკური ხასიათის“ საკითხებზე აპირებდა მსჯელობას და წინასწარ არ იყო დაგეგმილი ემბარგოს საკითხის წამოწევა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG