Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ამოქმედდა კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ ძალაში შევიდა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმად, უცხოეთიდან ფინანსირებული მასმედიის საშუალებები „უცხოელ აგენტებად“ შეფასდებიან. ამ ორგანიზაციებს შორის არიან ჩვენი რადიო, რადიო თავისუფლება, და მისი ტელეარხი, „ნასტოიაშჩეე ვრემია“, რომლებმაც უკვე მიიღეს შეტყობინება საქმიანობის შესაძლებელი შეზღუდვის შესახებ. მსგავსი შინაარსის წერილი მისწერა რუსეთის ხელისუფლებამ ასევე რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის სხვა პროექტებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში მოქმედებენ და მაუწყებლობენ. იუსტიციის სამინისტროს წერილებში არ არის დაზუსტებული, რა შედეგები მოჰყვება კანონმდებლობის შეცვლას. ჩვენი რადიოს პრეზიდენტმა, ტომ კენტმა, შაბათს განაცხადა, რომ ძნელია შეფასდეს ეფექტი, რომელიც მოჰყვება ახალი კანონის ამოქმედებას მანამ, სანამ არ მიგვიღია ზუსტი ინფორმაცია, თუ რა შეზღუდვებს უნდა ველოდეთ და რომელ რედაქციებს შეეხება ისინი. ჩვენ ჩვენს ჟურნალისტურ საქმიანობას ვაგრძელებთ - ვაწვდით სანდო და ობიექტურ ინფორმაციას რუსულენოვან აუდიტორიას, განაცხადა თომას კენტმა.

რუსეთის კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“ გააკრიტიკეს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, უფლებადამცველმა ჯგუფებმა, სხვათა შორის, რუსეთის პრეზიდენტთან არსებულმა ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საბჭომ.

განცხადება გაავრცელა მაუწყებლობის საკითხებში აშშ-ის მმართველთა საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ლენსინგმა. რუსეთში ახალი კანონის ძალაში შესვლის თაობაზე რუსეთის ოფიციალურ ინსტიტუტებს ადრე არაერთხელ გაუკეთებიათ მინიშნება, რომ ახალ კანონს შეეძლო კიდევ უფრო შეეზღუდა აშშ-ის რადიოსადგურების მუშაობა რუსეთში. საქმე ეხება რადიო თავისუფლებას და ამერიკის ხმას, აღნიშნავს ლენსინგი. ჩვენ გულდასმით შევისწავლით რუსეთის ხელისუფლების ყველა ოფიციალურ შეტყობინებას, რომელიც ჩვენს მუშაობას შეეხება. იმაზე მარჩიელობას, რა შედეგები მოჰყვება კანონს ჩვენი ჟურნალისტების საქმიანობისთვის, არ დავიწყებთ, - წერს ლენსინგი, - მაგრამ რეალობის დამახინჯება იქნებოდა, ამ ზომებს თუ განვსაზღვრავდით როგორც პასუხს აშშ-ის მოქმედებაზე. რუსეთის მედია თავისუფლად საქმიანობს აშშ-ში, მათი პროგრამების გადაცემა ხდება საკაბელო ტელევიზიებით და ეფ-ემ სიხშირეებზე. ამავე დროს, რუსეთში ამერიკული მედიის ორგანიზაციები, რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა, მოკლებული არიან სატელევიზიო მაუწყებლობასა და საეთერო რადიო-სიხშირეებთან წვდომას. ლენსინგის განცხადებაში წერია:

„ჩვენი ჟურნალისტები პროფესიული საქმიანობის შესრულებისას რუსეთში აწყდებიან არსებით შეზღუდვებს და მაუწყებლობის საკითხებში აშშ-ის მმართველთა საბჭო მოხარული იქნებოდა, თუ ახლანდელი ყურადღება რუსეთისა და აშშ-ის მედიაკომპანიებთან დაკავშირებული საპასუხო ზომების მიმართ დაგვირგვინდებოდა აშშ-ის მედიაჯგუფებისთვის იმავე უფლებების მინიჭებით, როგორიც რუსეთის მედიასაშუალებებს აქვთ აშშ-ში“.

ჯონ ლენსინგი აცხადებს, რომ აშშ-ის მედიაკომპანიები ყველა პირობებში დარჩებიან ერთგული თავიანთი მისიისა, რომელიც ამერიკის კანონმდებლობას ეფუძნება: მიაწოდონ მომხმარებელს - სხვათა შორის, რუსეთში - ზუსტი, ობიექტური და სრული ინფორმაცია.

რუსეთის კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“ გააკრიტიკეს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, უფლებადამცველმა ჯგუფებმა, სხვათა შორის, რუსეთის პრეზიდენტთან არსებულმა ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საბჭომ. მაია კოციანჩიჩმა, ევროკომისიის წარმომადგენელმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების სფეროში, 26 ნოემბერს განაცხადა, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. კოციანჩიჩის აზრით, რუსეთის კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ დამატებით საფრთხეს ქმნის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და ინფორმაციაზე წვდომისთვის. ის კიდევ ერთი მცდელობაა, შეუმცირონ დამოუკიდებელ ხმებს სივრცე, ფიქრობს ევროკომისიის წარმომადგენელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG