Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ თქვას უარი ქართულ ღვინოსა და „ბორჯომზე“


რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტი მთავრობას ურჩევს, ქვეყანაში საქართველოდან ბორჯომისა და ღვინის იმპორტი აკრძალოს. ამის მიზეზი კი გახდა უკრაინის, საქართველოს, ჩერნოგორიის, ალბანეთისა და ლიხტენშტეინის მიერ სევასტოპოლისა და ყირიმის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერა. რუსული მედიის თანახმად, დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომელშიც ამ ქვეყნების გადაწყვეტილებას დაგმობს და მთავრობას მათ მიმართ საპასუხო ზომების მიღების რეკომენდაციით მიმართავს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტი მთავრობისადმი საგანგებო მიმართვას ამზადებს, გამოცემა „ლენტა რუმ“ გაავრცელა. „ლენტა რუსთან“ საუბარში ამავე კომიტეტის წევრი იან ზელინსკი ამბობს, რომ რეაგირება აუცილებელია. მისი აზრით, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც სანქციების გახანგრძლივებას დაუჭირეს მხარი, „სისულელე“ ჩაიდინეს, რადგან რუსეთის საპასუხო ზომებისგან უფრო მეტად დაზარალდებიან. საქართველომ, იან ზელინსკის თანახმად, საფრთხის ქვეშ დააყენა თავისი ღვინისა და „ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე შეტანა. ჩვენ მათი ღვინისა და მინერალური წყლის გარეშეც გავძლებთო, განუცხადა რუსმა დეპუტატმა „ლენტა რუს“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან მოლაპარაკების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, იან ზელინსკის ამ განცხადებებში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და ფიქრობს, რომ იგი თავისი კომიტეტის - ამ შემთხვევაში, დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის - აზრს გამოხატავს და იმედი აქვს, რომ დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინიციატივას მთავრობა არ გაითვალისწინებს:

ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

“ეს გადაწყვეტილება არ არის. როგორც ჩანს, ეს დუმის ერთ-ერთი კომიტეტის წევრების ინიციატივაა. რაიმე ახალ რეალობასთან, ახალ გადაწყვეტილებასთან საქმე არა გვაქვს. ეს ჯერ კიდევ 2014 წელს მოხდა. ამას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს მხოლოდ სევასტოპოლსა და ყირიმს არ ეხება, ჩვენც ანალოგიური ვითარება გვაქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - ამიტომ საქართველო, რა თქმა უნდა, ამ საკითხს განსაკუთრებული სენსიტიურობით ეკიდება“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან მოლაპარაკების საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს, დაახლოებით, ამ შინაარსის განცხადებების გაკეთება მოუხდა თითქმის ერთი წლის წინაც, კერძოდ, მაშინ, როდესაც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს მიმართა, შეემუშავებინათ ზომები იმ ქვეყნებიდან პროდუქციის იმპორტის შეზღუდვისთვის, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირის სანქციებს შეუერთდნენ. საბოლოოდ, გასულ წელს რუსეთმა სანქცირებული ქვეყნების გაფართოებულ სიაში საქართველო არ შეიყვანა.

ევროკავშირმა ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციები 2014 წლის 23 ივნისს მიიღო. იმავე წელს გადაწყვეტილებას მონტენეგროსთან, ალბანეთთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და უკრაინასთან ერთად საქართველოც შეუერთდა. ევროკავშირმა სანქციების გახანგრძლივებას წელს 17 ივნისს დაუჭირა მხარი, უკვე მეორედ, და საქართველოს მხარდაჭერაც კიდევ ერთი წლით ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა. შესაბამისად, საქართველოში წარმოებული პროდუქცია, უკვე არსებული პრაქტიკისა და გამოცდილების მიხედვით, კიდევ ერთხელ დადგა რუსეთის ბაზრიდან გაძევების საფრთხის წინაშე.

„ბიზნესი თავისი ბუნებით კოსმოპოლიტურია“, - გვითხრა შექმნილი ვითარების კომენტირებისას ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ. იგი ფიქრობს, რომ ვინაიდან ბიზნესს გლობალისტური მისწრაფებები ახასიათებს, მას რაც შეიძლება მეტ ქვეყანასა და რეგიონში უნდა ადგილის დამკვიდრება. ამდენად, სოსო არჩვაძის თანახმად, სავსებით ბუნებრივია, რომ ქართულ ბიზნესს უნდა ღირსეულად იყოს წარმოდგენილი რუსულ ბაზარზე - მათ შორის ისეთი პროდუქციით, როგორიცაა ქართული მინერალური წყალი და ღვინო:

“თუმცა მინდა გითხრათ, რომ ის დონე, რომელიც საქართველოს ჰქონდა რუსეთის ბაზარზე 2005 წლის ჩათვლით, ვიდრე ცნობილი გარემოებების გამო რუსეთმა ემბარგო არ გამოაცხადა საქართველოს პროდუქციაზე, აღარ განმეორდება. მაშინ, დაახლოებით, ოთხი მეხუთედი ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ფიზიკური ექსპორტისა მოდიოდა რუსულ ბაზარზე. ამჯერად ეს მაჩვენებელი სადღაც მესამედიდან 40 პროცენტის ფარგლებში მერყეობს და იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ბაზრებზეც ადგილი აქვს სოლიდურ ზრდას, მათ შორის, აღმოსავლეთის მიმართულებით, - პირველ რიგში ვგულისხმობ ჩინეთს, - ეს პროცენტი არა მგონია, რომ ოდესმე დაუბრუნდეს თავის ძველ ნიშნულს“.

პირველ რიგში, ბევრი საწარმო ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩავარდება, იმიტომ რომ, უნდათ, არ უნდათ, დიდ ნაწილს ბაზრისას, ზოგიერთი ჩვენი საწარმოსთვის მაინც რუსეთის ბაზარში უჭირავს და, შესაბამისად, ეს დიდ სირთულეებს შეუქმნით...
სოსო არჩვაძე

სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ უახლოეს წლებში კლება გაგრძელდება და, დაახლოებით, 35-40 პროცენტის ფარგლებში გაჩერდება. თუმცა, იგი აქვე დასძენს, რომ სეგმენტი, რომელიც დღეს აქვს საქართველოს ღვინოს რუსულ ბაზარზე, მაინც სოლიდურია და მისი დაკარგვა არ იქნებოდა კარგი. ექსპერტის აზრს იზიარებს მეღვინე იაგო ბიტარიშვილი, რომელიც ამბობს, რომ რუსული ბაზარი სპეციფიკურია და სხვა ბაზრებისგან, პირველ რიგში, არაპროგნოზირებულობის ნიშნით განსხვავდება. ამ ნიშნის ერთ-ერთი გამოხატულებაა მოსალოდნელი სანქციებიც, რომელზეც დუმის კომიტეტი განცხადებას ამზადებს:

„პირველ რიგში, ბევრი საწარმო ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩავარდება, იმიტომ რომ, უნდათ, არ უნდათ, დიდ ნაწილს ბაზრისას, ზოგიერთი ჩვენი საწარმოსთვის მაინც რუსეთის ბაზარში უჭირავს და, შესაბამისად, ეს დიდ სირთულეებს შეუქმნით, ფინანსურ სირთულეებს, უკვე მერამდენედ და ერთხელ შექმნილი სირთულეები რამდენჯერმე რომ გამეორდება, მით უმეტეს რთულია. მე ვფიქრობ, რომ სწორ მიმართულებად აქვს არჩეული იგივე ღვინის ეროვნულ სააგენტოს, რომ სხვა ბაზრებზეც მუშაობენ აქტიურად, პრომოუშენის თვალსაზრისით. ჩინეთთან დაკავშირებით ბევრი სიახლე იყო ბოლო პერიოდში და, მე მგონი, ამ მიმართულებით უნდა გავააქტიუროთ ჩვენი მუშაობა, რომ ბაზრის დიფერენცირება მოვახდინოთ“.

საქართველოში წარმოებული ღვინო და მინერალური წყალი რუსეთში 2006 წელს აიკრძალა. აკრძალვა ოფიციალურად ეგრეთ წოდებული სანიტარული ნორმების დარღვევის გამო დაწესდა, თუმცა რეალურად ის საქართველოში რუსი ჯაშუშების დაკავებას მოჰყვა. ემბარგო ქართულ პროდუქციაზე 7 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 2016 წლის 20 ივლისს, „ლენტა რუსთან“ საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შესაძლო აკრძალვის საკითხზე საუბრისას, დეპუტატმა იან ზელისნკიმ ქართული ღვინის ხარისხი კვლავ უარყოფით კონტექსტში მოიხსენია და განაცხადა, რომ, ამ მხრივ, ყირიმის პოტენციალის გაძლიერებაა საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG