Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიმს აპატურაი: რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველო


ჯეიმს აპატურაი
ჯეიმს აპატურაი
რუსეთი სამხრეთ კავკასიაში პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას რომ ცდილობს, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთში სტუმრად მყოფმა ვლადიმირ პუტინმა. თუმცა კრემლის მიზანი უფრო ფართოა: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების და, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ხილვა მას სურს ჯერ საბაჟო კავშირში, ხოლო სამომავლოდ ევრაზიულ კავშირში. მოსკოვის პრობლემა ის არის, რომ ამ ქვეყნების ერთ ნაწილს ევროკავშირისა და ნატოსკენ მიუწევს გული. რას ნიშნავს და რა რეაქციები მოჰყვა ვლადიმირ პუტინის მიერ სომხეთში გაკეთებულ განცხადებებს?

ერევანი მოსკოვის ერთგული თანამოაზრეა და ამაზე ის მქუხარე ტაშიც მეტყველებს, რომელიც ვლადიმირ პუტინის გამოსვლას მოჰყვა 2 დეკემბერს ქალაქ გიუმრიში, რუსულ-სომხურ რეგიონთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მსმენელები აშკარად კმაყოფილი დატოვა მისმა დაპირებამ, რომ რუსეთი არსად წავა და სამხრეთ კავკასიაში კიდევ უფრო მეტი გავლენის მოპოვებას შეეცდება:

„რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, რუსეთი არასოდეს აპირებდა აქედან წასვლას - პირიქით, ვაპირებთ აქ ჩვენი პოზიციების გაძლიერებას.… გავაძლიერებთ პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში და დავეყრდნობით ყველაფერ საუკეთესოს, რაც ჩვენი წინაპრებისაგან გვერგო, დავეყრდნობით კეთილ ურთიერთობებს რეგიონის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის, სომხეთთან".

ანალიტიკოსებისთვის, პოლიტიკოსებისა თუ დიპლომატებისთვის არაფერია ახალი იმაში, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიას საკუთარი გავლენის სფეროდ აღიქვამს და არც ის არის გასაკვირი, რომ მოსკოვი საგანგებოდ ღიზიანდება ყოველ ჯერზე, როდესაც სამხრეთ კავკასიის რომელიმე ქვეყანა ნატოსკენ ან ევროკავშირისკენ სავალ გზაზე თუნდაც ერთ პატარა ნაბიჯს გადადგამს.

ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთი გააქტიურდა ევროკავშირის ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით, სადაც მოლდავეთისა და საქართველოს შემთხვევაში ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდა. უკრაინამ კი, როგორც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან შანტაჟის გამო თქვა უარი ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, რასაც ხალხმრავალი მიტინგები მოჰყვა. მართალია, დიდი პროგრესი არ ჰქონდა, მაგრამ ვილნიუსის სამიტის წინ აზერბაიჯანმაც თქვა უარი სამომავლოდ ასოცირების შესახებ შეთანხმებისთვის მუშაობაზე და ევროპას პარტნიორობის სხვა ფორმატის შემუშავება შესთავაზა.

როგორი ურთიერთობა ექნება ერევანს მოსკოვთან, ერევნის გადასაწყვეტია. სომხეთმა გადაწყვიტა, შეუერთდეს საბაჟო კავშირს. ეს მისი სუვერენული გადაწყვეტილებაა და მასზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს დარჩებიან რუსეთის სამხედრო ნაწილები სომხეთის ტერიტორიაზე...
ჯეიმს აპატურაი
აშკარად რუსეთის სასარგებლოა არჩევანი, რომელიც სომხეთმა გააკეთა: მას არასოდეს გამოუხატავს სწრაფვა ნატოსკენ და სულ ახლახან, ვილნიუსის სამიტამდე, თანხმობა განაცხადა საბაჟო კავშირში შესვლაზე, რაც ევროკავშირთან დაახლოებას ეწინააღმდეგება. საბაჟო კავშირში, რომელიც ევრაზიული კავშირის საძირკველად მოიხსენიება, რუსეთთან ერთად ამ ეტაპზე არიან მხოლოდ ყაზახეთი და ბელორუსია.

ის, რომ თითოეულმა ქვეყანამ მომავალი თავად უნდა განსაზღვროს და თავისუფალი არჩევანი უნდა გააკეთოს, 3 დეკემბერს ბრიუსელში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმაც აღნიშნა. ჯეიმს აპატურაიმ პუტინის განცხადების საპასუხოდ გაკეთებულ კომენტარში საქართველოს არჩევანსაც გაუსვა ხაზი:

„როგორი ურთიერთობა ექნება ერევანს მოსკოვთან, ერევნის გადასაწყვეტია. სომხეთმა გადაწყვიტა, შეუერთდეს საბაჟო კავშირს. ეს მისი სუვერენული გადაწყვეტილებაა და მასზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს დარჩებიან რუსეთის სამხედრო ნაწილები სომხეთის ტერიტორიაზე. მაგრამ რაც შეეხება ქვეყანას, რომელსაც არ სურს რომელიმე უცხო სახელმწიფოს ჯარები თავის საზღვრებსა თუ თავის ტერიტორიაზე, და ასეთია საქართველო, - ჩვენ ძალიან ცხადად ვამბობთ, რომ რუსეთმა არა მხოლოდ უნდა შეცვალოს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება, არამედ უნდა დატოვოს საქართველო. და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“.

თუმცა რუსეთი საქართველოს არ ტოვებს და, მეტიც, სამხრეთ კავკასიაში მეტი გავლენის მოპოვების მიზანთან მიმართებით ანალიტიკოსების ერთი ნაწილი რეალურ საფრთხესაც ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს. თუმცა, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელმა ირაკლი მჭედლიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ყველაფერი საქართველოს წინდახედულებაზეა დამოკიდებული:

”ჩემი აზრით, გამორიცხულია, რომ რუსეთმა პირდაპირი მოქმედებები განახორციელოს. ის შეეცდება, რომ საფუძველი შექმნას თავისი ნების თავზე მოსახვევად. კონტრზომა არის ის, რომ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ, არ ავყვეთ დაძაბულობის ესკალაციაში. ჩემი აზრით, თუ საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შორსმჭვრეტელური დამოკიდებულება და გონებით გათვლილ ნაბიჯებს გადადგამენ, ეს საფრთხეები მნიშვნელოვნად შემცირდება”.

ის, რომ რუსეთისგან მომავალი საფრთხის თავიდან აცილება სიფრთხილისა და ”ნერვების ომის” გაძლების შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ თენგიზ ფხალაძემაც აღნიშნა. იმავდროულად, მისი აზრით, ”მეტი დახმარება, მეტი თანადგომა და პრევენციის უფრო მეტი და ძლიერი მექანიზმია” საჭირო დასავლელი პატნიორების მხრიდან, რათა ევროკავშირისა და ნატოსკენ სავალ გზაზე ამა თუ იმ ქვეყანამ რუსეთის წნეხისგან დაიცვას თავი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG