Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ჯარიმა დააკისრეს „გოლოსს“


რუსეთში სასამართლომ ჯარიმა დააკისრა არასამთავრობო ორგანიზაცია „გოლოსს“ იმის გამო, რომ, ახალი კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას არ გაუვლია რეგისტრაცია, როგორც „უცხოეთის აგენტს“. „უცხოეთის აგენტობასთან“ დაკავშირებული ბრალდებით, რუსეთში პირველად გაიმართა სასამართლო პროცესი.

„გოლოსს“, რომელმაც ბოლო წლებში სახელი გაითქვა რუსეთში არჩევნების მეთვალყურეობითა და საარჩევნო პროცესში დარღვევების დაფიქსირებით, 300 000 რუბლის (9500-მდე დოლარის) გადახდა მოუწევს. ის პირველი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც პროცესი მოუწყვეს რუსეთში შარშან, ნოემბერში ამოქმედებული კანონის დარღვევის ბრალდებით. ახალი კანონით, უცხოეთიდან დაფინანსების მიმღებ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ ორგანიზაციებს ევალებათ რეგისტრაცია გაიარონ როგორც „უცხოეთის აგენტებმა“. „გოლოსთან“ ერთად, ჯარიმა დაეკისრა მის დირექტორსაც, ლილია შიბანოვას: მას 100 000 რუბლის (3200-მდე დოლარის) გადახდა მოუწევს.

უფლებადამცველ ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ მოსკოვის ბიუროს დირექტორის მოადგილემ ტატიანა ლოკშინამ ჩვენს რადიოსთან საუბარში ოთხშაბათს განმარტა, რატომ იწვევს რუსეთის სამოქალაქო სექტორში უკმაყოფილებას ტერმინი „უცხოეთის აგენტი“: „რუსეთში „უცხოეთის აგენტი“ მარტო ერთ რამეს ნიშნავს - ეს არის უცხოეთის ჯაშუში და, ამდენად, კანონი, როგორც ჩანს, შექმნილია საზოგადოების თვალში არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზებისა და მარგინალიზების მიზნით“, ამიტომ რუსეთში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია უარს ამბობს ახალი კანონის შესრულებაზეო.

სასამართლოში „გოლოსის“ ლიდერების არგუმენტი იყო ის, რომ მათმა ორგანიზაციამ უცხოეთიდან დაფინანსების მიღება შეწყვიტა ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, ამიტომ შეუსაბამო იქნებოდა „უცხოეთის აგენტად“ რეგისტრაციის გავლა. შესაბამისად, „გოლოსი“ თავს უდნაშაულოდ მიიჩნევს, რის შესახებაც ნათქვამია ხუთშაბათს, სასამართლოს სხდომის შემდეგ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იქვე გამოთქმულია ვარაუდი, რომ „ბევრი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ბედიც არის დამოკიდებული მოსკოვის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე“.

„გოლოსი“ მისი სამართლებრივი დევნის ნამდვილ მიზეზად იმ გარემოებას მიიჩნევს, რომ ორგანიზაციამ დარღვევები ამხილა რუსეთში 2011 წლის საპარლამენტო და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას.

პროკურატურა კი აპელირებს კანონზე, რომელიც უცხოეთის აგენტებს ეხება და აცხადებს, რომ გოლოსს მიღებული აქვს „ანდრეი სახაროვის სახელობის თავისუფლების პრემიით“ გათვალისწინებული ფულადი ჯილდო. ეს პრემია მას შარშან მიანიჭა ნორვეგიის „ჰელსინკის კომიტეტმა“. „გოლოსი“ ირწმუნება, რომ უარი თქვა ფულზე და ის „ჰელსინკის კომიტეტს“ დაუბრუნა საკორესპონდენციო ანგარიშის გავლით.

„გოლოსის“ დაჯარიმების ფონია რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების ტალღა, როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, „უცხოეთის აგენტობასთან“ დაკავშირებული კანონის დაცვა-არდაცვის დასადგენად. წელს სამართალდამცველებმა უკვე 200-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციაში განახორციელეს რეიდები, რასაც კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა უცხოეთიდან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პროცესი „კუდიანებზე ნადირობას“ შეადარა.

„ჰიუმან რაითს უოჩი“, რომელმაც ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალთან“ ერთად ოთხშაბათს გამოაქვეყნა ანგარიში რუსეთზე, „უპრეცედენტოდ“ მიიჩნევს რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის მასშტაბს პრეზიდენტის პოსტზე შარშან ვლადიმირ პუტინის დაბრუნების შემდეგ.
XS
SM
MD
LG