Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომერციული ბანკები განტევების ვაცის როლში?


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის შენობა გახსნა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის შენობა გახსნა.
საქართველოს პრეზიდენტმა კომერციული ბანკები მოსახლეობის დიდი ნაწილის უსახლკაროდ დატოვებასა და ”გაღატაკებაში” დაადანაშაულა და, ანტისაბანკო განწყობის თავიდან აცილების მიზნით, სამომავლოდ მათ სიფრთხილე ურჩია. ეროვნული ბანკის ახალ შენობასთან შეკრებილ ბანკირებს პრეზიდენტმა 15 ივნისს საკრედიტო განაკვეთების შემცირებისკენაც მოუწოდა. როგორ უნდა დარეგულირდეს საკრედიტო განაკვეთის ოდენობა და რამდენად გამართლებულია, როცა პრეზიდენტი ასეთ მითითებებს აძლევს კერძო სექტორს და ამ შემთხვევაში - კომერციული ბანკებს?

”ძალიან გთხოვთ - ვიყოთ ფრთხილად და გაფრთხილებთ, რომ იყავით ფრთხილად, რადგანაც მიიღებთ სერიოზულ ანტისაბანკო განწყობას საქართველოში. ნუ გამოეკიდებით და ნუ დახარბდებით პატარა შემოსავლებს”, - ამ სიტყვებით მიმართა 15 ივნისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კომერციული ბანკების წარმომადგენლებს და იქვე აღნიშნა, რომ არ შეიძლება ბანკმა ფული ადამიანის ”უკიდურესი გაღატაკებით” გააკეთოს:

”მე დავდივარ ძალიან ბევრს და მხვდება უამრავი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ერთოთახიანი ბინა, ოროთახიანი ბინა, სამოთახიანი ბინა და ბანკებმა წაართვეს და ხალხი დარჩა ქუჩაში. ხალხო, ფრთხილად იყავით, ძალიან გთხოვთ, რა... ჩვენ ვიღებთ ძალიან დიდ ჯგუფს ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც თქვენ მიერ არიან გაღატაკებული და განადგურების პირას მისული. და ნუ ვიტყვით, რომ მათ თავად გააკეთეს ეს არჩევანი.”

პრეზიდენტი ლაპარაკობს საფრთხეზე, ჩამოყალიბდეს ”მთელი კლასი აბსოლუტურად დამშეული, გაუბედურებული, განადგურებული ხალხისა“, რომელმაც ვერ დააბრუნა ბანკებიდან აღებული კრედიტები და გაღატაკებული, უსახლკაროდაც დარჩა.

პრეზიდენტის მკაცრ ტონზე არაფერს ამბობს, მაგრამ იმაში, რომ დაუბრუნებელი კრედიტების გამო კომერციული ბანკები მოვალეებს ბინებსაც გაუყიდიან, უცნაურს ვერაფერს ხედავს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში მთავარი პასუხისმგებლობა საქმეში ჩაუხედავ კლიენტს ეკისრება:

თქვენ როგორ გგონიათ, ეს არ ხდება ევროპასა და ამერიკაში?
ზურაბ გვასალია

”მათ, ვინც ამ დღეშია ჩავარდნილი, სესხის მომსახურებაზე ხშირ შემთხვევაში არასწორი გათვლები აქვთ. ჩვენ - მაღალგანვითარებული საფინანსო ბაზარი და წინ წასული ეკონომიკა გვექნება თუ არა - ასეთი შემთხვევები ყოველთვის გვექნება. თქვენ როგორ გგონიათ, ეს არ ხდება ევროპასა და ამერიკაში? რა თქმა უნდა ხდება.”

მართალია კლიენტი თავად მიდის ბანკში და, ხშირად რეკლამით გაბრუებული, არამართებულ გადაწყვეტილებებსაც თავად იღებს, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობის კლიენტზე დაკისრებას გაუმართლებლად მიიჩნევს ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე. ის თვლის, რომ სიტუაცია ეროვნული ბანკის მიერ არის პროვოცირებული, რადგანაც სწორედ მისი მონეტარული პოლიტიკის რეგულაციები წაახალისებს კომერციული ბანკების სარისკო მოქმედებებს. მაგალითად, სესხის გაცემის პროცესს მატერიალური უზრუნველყოფის გარეშე.

გავიხსენოთ, რომ ვერდაბრუნებული კრედიტებისა და გამწარებული კლიენტების პრობლემამ საქართველოში განსაკუთრებული სიმწვავით რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იჩინა თავი. იმის გამო, რომ კომერციულმა ბანკებმა ომი ფორსმაჟორულ სიტუაციად არ მიიჩნიეს, ბევრი ადამიანი აღმოჩნდა უსახლკაროდ დარჩენის საფრთხის წინაშე და ეს პრობლემა დღემდე ინარჩუნებს სიმწვავეს. მაგალითად, ქობულეთში საოჯახო სასტუმროებისთვის აღებული და ვერდაბრუნებული კრედიტების გამო საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა დაახლოებით 270 ოჯახი. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება რეგიონიდან, სწორედ საბანკო კრედიტის სიმძიმის გამო ძალიან ბევრი სახლი იყიდება აღმაშენებლის გამზირზე. ქობულეთელების თქმით, მათი მდგომარეობა ვერც სახელმწიფოს გარკვეულმა დახმარებამ გააუმჯობესა.

ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ საბანკო საკრედიტო განაკვეთები შემ-ცირ-დეს, ხალხო!
მიხეილ სააკაშვილი

15 ივნისს პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან გაისმა კიდევ ერთი მოწოდება, რითაც მან ბანკების წინაშე არარეალურად მაღალი საკრედიტო განაკვეთების საკითხი წამოაყენა. პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში არსებული ”წარმოუდგენელი გაჭირვებისა და წარმოუდგენელი უბედურების” პირობებში ბანკებმა განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე უნდა იზრუნონ და მათ მიერ გაცემული კრედიტები უნდა იყოს ”დაბალგანაკვეთიანი” და უნდა ჰქონდეს ”ეკონომიკური აზრი” მათ აღებას:

”აქ ხართ ბანკირები შეკრებილი. ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ საბანკო საკრედიტო განაკვეთები შემ-ცირ-დეს, ხალხო! არის ძალიან მაღალი და თქვენ ჩემზე კარგად იცით ეს.”

ის, რომ პრეზიდენტმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე საუბრისას საკრედიტო განაკვეთის შემცირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, ზურაბ გვასალიას არ უკვირს. თუმცა, მისი თქმით, ამ განაკვეთის შემცირებით უპირველეს ყოვლისა თავად ბანკები არიან დაინტერესებული:

”საბანკო სექტორი პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ მოხდეს ბიზნესის განვითარება, ეს კი ვერ მოხდება მაღალი საბანკო განაკვეთების პირობებში. ბანკი დაინტერესებულია, რომ თავისი კლიენტურის ბაზა გაზარდოს და რაც შეიძლება მეტი მსესხებელი ჰყავდეს. აქედან არის მათი მოგება. მოგების ფორმირება მაღალი საპროცენტო განაკვეთებით დიდხანს ვერ გასტანს ვერსად...”

ზურაბ გვასალიას თქმით, საქართველოში მაღალი საკრედიტო განაკვეთის არსებობა დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რომ კრიზისის გამო ევროპის ბაზარზე გაძვირებულია საკრედიტო რესურსი და ამიტომ ბანკებისთვის იაფი საკრედიტო რესურსის მოზიდვა ძნელია. ამას თან ერთვის არაერთი რისკი და ვითარება, ცხადია, ქვეყნის სტაბილურობის ფაქტორზეც არის დამოკიდებული. თუმცა, როგორც კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ნარმანიამ განაცხადა ახლახან რადიო თავისუფლების პროგრამაში სტუმრობისას, საკრედიტო განაკვეთის შემცირებას ხელს შეუწყობდა რეალური კონკურენცია ბანკებს შორის. თუმცა, მისი თქმით, კონკურენცია მეტად სუსტია საქართველოში, რადგანაც ”გასესხებული ფულის 60 პროცენტზე მეტი მხოლოდ სამ კომერციულ ბანკზე მოდის.”

ყველაფრის მიუხედავად, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ გვასალიას დაკვირვებით, საკრედიტო განაკვეთების შემცირების პროცესი მიმდინარეობს და ტენდენციის შედეგები კიდევ უფრო შესამჩნევი წლის ბოლოსთვის გახდება.

რა არის ძვირი და რა არის იაფი, მთავრობამ უნდა დაადგინოს ეს?!
პაატა შეშელიძე

წლის ბოლოსკენ კი საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და პრეზიდენტის მოწოდებებიც ბევრმა სწორედ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნია. მაგალითად, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ 15 ივნისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კონკრეტული ”წინასაარჩევნო ინსტრუქციები” გასცა. ხოლო
ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტის, პაატა შეშელიძის თქმით, პრეზიდენტი შეეცადა მორიგი ”განტევების ვაცი” მოეძებნა.

ზოგადად კი, პაატა შეშელიძე მეტად უსიამოვნო სიგნალად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 15 ივნისს პრეზიდენტმა კერძო ბიზნესის კერძო საქმეებში ჩარევის მცდელობა გამოავლინა. ”ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტი თვლის, რომ კერძო სექტორის შემოსავალი ხელისუფლების საკონტროლებელი არ უნდა იყოს და თუ ეს ასე იქნება, ქვეყანა ნაბიჯს უკან გადადგამს:

”ასეთი რიტორიკა ცუდის მანიშნებელია. ამას წინათ იყო ლაპარაკი, რომ ავიაბილეთებია ძალიან ძვირი, იმის წინ იყო ლაპარაკი, რომ რაღაცა კიდევ ძვირია... ჩემი აზრით, მიდის იმის გადახედვა - მუშაობდეს თუ არა საბაზრო სისტემა. რა არის ძვირი და რა არის იაფი, მთავრობამ უნდა დაადგინოს ეს?! მაშინ ჩვენ უკან მივდივართ - საბჭოთა სამყაროსკენ, სადაც იყო ფასების დადგენა, რეგულირება და მთავრობა იყო მთავარი მეწარმე.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG