Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს


მიხეილ სააკაშვილი ამსტერდამში

ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის გეგმაზე ლაპარაკობს და, მართალია, კონკრეტულ დროს არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლება 2018 წელსვე უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ უკრაინიდან პოლონეთში დეპორტირებულმა მიხეილ სააკაშვილმა ილაპარაკა 3 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, რომელშიც ის საქართველოს მოსახლეობას ეკონომიკურ წინსვლას ჰპირდება. ამ ყველაფერზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ერთადერთი პასუხი აქვს: თუკი ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვა, მას ციხე ელოდება.

სააკაშვილის დაბრუნების გეგმები

  • პენსიონერებს - 400 ლარი, პედაგოგებს - მინიმუმ 1000 ლარი, პოლიციელებს კი - მინიმუმ 2000 ლარი - ეს დაპირებები მიხეილ სააკაშვილმა 3 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ჩამოთვალა.
  • ექს-პრეზიდენტის შეფასებით, ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში ამჟამად „კატასტროფულია“ და ეკონომიკის განვითარების ხელშემშლელ „მაფიასთან“ ბრძოლა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია.
  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს ძირითადად წარსულის პოლიტიკოსად მოიხსენიებენ და მის დაბრუნებასთან დაკავშირებით მუდმივად კანონსა და საპატიმრო დაწესებულებას ახსენებენ.

პენსიონერებს - 400 ლარი, პედაგოგებს - მინიმუმ 1000 ლარი, პოლიციელებს კი - მინიმუმ 2000 ლარი - ეს დაპირებები მიხეილ სააკაშვილმა 3 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ჩამოთვალა. თქვა, რომ დაპირებების შესრულება შესაძლებელი იქნება „ხელისუფლების შეცვლის“ შემდეგ, ხოლო „ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ“. სააკაშვილის შეფასებით, ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში ამჟამად „კატასტროფულია“ და ეკონომიკის განვითარების ხელშემშლელ „მაფიასთან“ ბრძოლა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია. ექს-პრეზიდენტი ამბობს ასევე, რომ საქართველოში ჩამოსვლასა და პროცესების ხელმძღვანელობას აპირებს:

„მე ჩამოვალ საქართველოში და ამ ყველა პროგრამას მე განვახორციელებ ჩვენს გუნდთან ერთად. მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს ძირითადად წარსულის პოლიტიკოსად მოიხსენიებენ და მის დაბრუნებასთან დაკავშირებით მუდმივად კანონსა და საპატიმრო დაწესებულებას ახსენებენ. ამ ტიპის კომენტარები გაკეთდა მიხეილ სააკაშვილის 3 აპრილის ვიდეომიმართვის კვალდაკვალაც. ექს-პრეზიდენტს საქართველოში საპატიმრო რომ ელის, დარწმუნებულია ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც:

„დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ, მოსამართლის მიერ გაცემული დაპატიმრების ბრძანების შესაბამისად, და ასევე არის განაჩენი გამოტანილი მის მიმართ, მას რაც ელოდება, ეს არის რეფორმირებული პენიტენციური სისტემა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ის საკანი, სადაც, განსხვავებით მისი პერიოდისგან, ადამიანებს აღარ აწამებენ“.

მიხეილ სააკაშვილის განაჩენი, რომელიც უკვე გამოტანილია, 5 იანვრით თარიღდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობისათვის მსჯავრდებული პირების შეწყალებისა და მათთვის სასჯელის განახევრებისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. გარდა ამისა, სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის საფუძველზე საქართველოდან არაერთხელ გაიგზავნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა.

როგორც კი იქ აღმოვჩნდები, ვინაიდან ხალხის ნაწილი ჩვენს მხარეზეა, სამართალდამცავებისა და შეიარაღებული ძალების უდიდესი ნაწილი ჩვენს მხარეზეა, - მე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი ვარ ჩემ ჯგუფთან ერთად, - საეჭვოა, რომ შეძლონ ჩემი შეკავება. ყოველ შემთხვევაში, თვითონ დარწმუნებული არიან, რომ ვერ შეძლებენ. ძალიან ეშინიათ...
მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ კი მარტში განაცხადა, რომ შეაჩერა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოება საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მიღებამდე. 2018 წლის 12 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს და იძულებით დააბრუნეს პოლონეთის ტერიტორიაზე. დეპორტირების მიუხედავად, სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ აპირებს კანონიერი გზით დაბრუნდეს უკრაინაში და არ გეგმავს პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას. მან მანამდე ასევე არაერთხელ გააკეთა განცხადება საქართველოში დაბრუნების შესახებაც.

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ, უკრაინის ხელისუფლების მსგავსად, ქვეყანაში მისი დაბრუნების პერსპექტივა ძალიან აშინებს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასაც. პოლონეთში დეპორტირების შემდეგ ექს-პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ დადარწმუნებით განაცხადა, რომ როგორც კი საქართველოში აღმოჩნდება, ამჟამინდელ ხელისუფლებას ხალხი 7-10 დღის ვადაში ჩამოაგდებს:

„როგორც კი იქ აღმოვჩნდები, ვინაიდან ხალხის ნაწილი ჩვენს მხარეზეა, სამართალდამცავებისა და შეიარაღებული ძალების უდიდესი ნაწილი ჩვენს მხარეზეა, - მე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი ვარ ჩემ ჯგუფთან ერთად, - საეჭვოა, რომ შეძლონ ჩემი შეკავება. ყოველ შემთხვევაში, თვითონ დარწმუნებული არიან, რომ ვერ შეძლებენ. ძალიან ეშინიათ“.

მიხეილ სააკაშვილის გეგმების სჯერათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და მხარდამჭერებს. მათი რწმენით, სააკაშვილი საჭირო დროს ჩვეულებრივად დაბრუნდება საქართველოში და ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის ეს გადაულახავი პრობლემა იქნება.

სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძეს, საქართველოს ექს-პრეზიდენტის სამომავლო საქმიანობა და შანსები არ შეუფასებია, მაგრამ 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მომავალი დემოკრატიულმა პროცესებმა უნდა გადაწყვიტოს:

„ყველა ადამიანი, ყველა პოლიტიკური დევნილი საქართველოდან, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, უნდა დაბრუნდეს საქართველოში და საქართველოს მოსახლეობამ არჩევნების გზით უნდა გადაწყვიტოს, მათ რა პოლიტიკური ბედი ექნებათ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა. პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს და ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს ფურცელი დახუროს, განვითარდეს და წინ წავიდეს“.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG