Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა დაფინანსდეს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალები?


ბათუმი
ბათუმი

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის 5 მილიონ 21 ათასი ლარია განსაზღვრული. ამ თანხიდან 250 ათასი ლარი კულტურაში თავისუფალი ინიციატივებისთვისაა გათვლილი.

ფესტივალები ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში

  • ბიუჯეტის პროექტში კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის 5 მილიონ 21 ათასი ლარია განსაზღვრული.
  • 250 ათასი ლარი კულტურაში თავისუფალი ინიციატივებისთვისაა გათვლილი.
  • ბათუმის მერია ათი გამარჯვებული პროექტის დაფინანსებას აპირებს.
  • თანხა განისაზღვრა ტრადიციული ოთხი ფესტივალისთვის: „ბიაფი“, „ტოფუზი“, ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, მონოპიესების ფესტივალი.

ამ მიმართულებით ქალაქის მერია ათი გამარჯვებული პროექტის დაფინანსებას აპირებს. მომავალი წლის ბიუჯეტში თანხა განისაზღვრა, აგრეთვე, ქალაქისთვის უკვე ტრადიციული ოთხი ფესტივალისთვის, სადაც ბათუმის მერია 410 000 ლარით თანადამფინანსებლად მონაწილეობას გეგმავს. ესენია: ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი „ბიაფი“, ბათუმის ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ტოფუზი“, ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის ფესტივალი და მონოპიესების ფესტივალი. მათი ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხი მომავალი წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვისას მსჯელობის საგნად იქცა საკრებულოში განათლების კულტურისა და სპორტის კომისიის სხდომაზე, სადაც 2018 წლის კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ბათუმის მერიაში განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურს ხელმძღვანელმა მერაბ ქიძინიძემ ილაპარაკა. მიუხედავად იმისა, რომ მერიამ მომავალ წელს ოთხი მთავარი ფესტივალის დაფინანსება გადაწყვიტა, მერაბ ქიძინიძემ განაცხადა, მართებული იქნება, თუ მათ ბიზნესსექტორი დააფინანსებსო:

„საზოგადოდ, ხალხის ფულის ხარჯვაზე, ბიუჯეტის დატვირთვაზე ვლაპარაკობ, ბიუჯეტის ფულის ხარჯვაზე, არამედ შემოვიდეს ამ მიმართულებით ბიზნესი თავისი ინტერესით, შემოვიდეს შოუ, შემოვიდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც უნდა ეს ფესტივალები აიღოს და ჩვენ გავცვალოთ ეს ადგილები და მხოლოდ მცირედი თანადაფინანსებით შევიდეთ, ხოლო დიდი წილი პასუხისმგებლობა იყოს მათი და ბათუმი ჩაერთვება თავისი სახელით. ბათუმს რომ სახელი აქვს და პოპულარიზაცია, თქვენთვის ეს ახალი არ არის. რაც უფრო ნაკლები იქნება ბიუჯეტის ჩართვა, უკეთესია“.

მერიის კულტურისა და განათლების სამსახურის ხელმძღვანელს დაეთანხმა მირდატ ქამადაძე, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. მეტიც, მას მიაჩნია, რომ მსგავსი ფესტივალების ბიუჯეტიდან დაფინანსება უნდა შეწყდეს:

„თქვენ სწორად ბრძანეთ, შოუბიზნესი უნდა გახდესო. მაგ მიმართულებით უნდა წავიდეთ, ჩემი აზრით, დღესვე. ერთადერთი, რაშიც შეიძლება ფული ჩაიდოს, ეს არის ფოლკლორი, რომელიც თაობებს უნდა დარჩეს. ახლა აქ მოვისმინე რაღაც მონოპიესებზე, ანიმაციურ ფილმებზე ვსაუბრობთ - ამაში ფულს რატომ ვხარჯავთ, საერთოდ, დღეს, როდესაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი შემოქმედება საჯარო გახადოს სოც. ქსელების დახმარებით?! თუ ვინმეს მოსწონს ამ ადამიანების შემოქმედება, შეუძლია იყიდოს ბილეთი და წავიდეს. მე, მაგალითად, არ მომწონს და არ წავალ. რატომ უნდა ჩაიდოს ჩემი გადასახადიდან ეს თანხა? ერთადერთი, რაზეც შეიძლება ბიუჯეტის ფული დაიხარჯოს, ეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა“, თქვა მირდატ ქამადაძემ.

ბათუმი
ბათუმი

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური სერვისების განვითარება პრიორიტეტული მიმართულებებია. ასეთი პროექტებისთვის 78 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება, რაც მთლიანი ბიუჯეტის 54 % -ზე მეტია. ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, თვითმმართველი ორგანოების მოვალეობებს განეკუთვნება ადგილობრივ დონეზე შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარება, რისთვისაც ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში 5 მილიონ ლარზე მეტია გათვლილი. პრიორიტეტი კი ფესტივალებია, აცხადებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ნატალია ზოიძე:

„მიმაჩნია, რომ რაც შეიძლება მეტი კულტურული მიმართულებით დახუნძლული უნდა იყოს ქალაქი, მათ შორის, ფესტივალებით. კიდეც გვქონდა ასეთი სლოგანი: ბათუმი - ფესტივალების ქალაქი! შესაბამისად, რა თქმა უნდა, სასურველია, თუ ბიზნესი ჩაერევა და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ასეთი ფესტივალების დაფინანსებასა და მხარდაჭერაში. თუ არა, სულ უარი ვთქვათ და დავტოვოთ ქალაქი ფესტივალების გარეშე, ნამდვილად არასწორი იქნება“.

მუნიციპალიტეტი, ერთი მხრივ, საზოგადოების დაკვეთას უნდა ასრულებდეს და ქალაქის განვითარებისთვის უნდა ზრუნავდეს და, სწორედ ამ ფესტივალების მსგავსად, უნდა იფიქრონ გრძელვადიან კულტურულ პროექტებზე და ალტერნატიულ ზეგავლენებზე, რომელიც მოსახლეობის განვითარებას და კეთილდღეობას უწყობს ხელს...
ნათია აფხაზავა

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა მიიჩნევს, რომ თვითმმართელობამ უნდა გააგრძელოს დაფინანსება ფესტივალებისა და სხვა კულტურული პროექტების, რომლებიც ქალაქში კულტურული და არაკომერციული ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების განვითარებას ისახავს მიზნად. მისი თქმით, ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვისას ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის, ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის რა იქნება უკეთესი:

„მუნიციპალიტეტი, ერთი მხრივ, საზოგადოების დაკვეთას უნდა ასრულებდეს და ქალაქის განვითარებისთვის უნდა ზრუნავდეს და, სწორედ ამ ფესტივალების მსგავსად, უნდა იფიქრონ გრძელვადიან კულტურულ პროექტებზე და ალტერნატიულ ზეგავლენებზე, რომელიც მოსახლეობის განვითარებას და კეთილდღეობას უწყობს ხელს“.

ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტი 146 მილიონ 121 ათასი ლარით განისაზღვრა. საბიუჯეტო პრიორიტეტებსა და დაფინანსებულ პროგრამებზე მსჯელობა ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულომ მიმდინარე კვირის დასაწყისში დაიწყო, მომავალი წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კი, შენიშვნებით, ბათუმის მერიას 25 დეკემბრამდე უნდა დაუბრუნოს.

XS
SM
MD
LG