Accessibility links

კახეთის ახალი მერები მოადგილეებს სამსახურიდან ითხოვენ


სიღნაღი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა მერმა პირველივე სამუშაო დღე საკადრო ცვლილებებით დაიწყო. გიორგი გოგილაშვილმა სამივე მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლა. სიღნაღის მსგავსად, ყოფილ მოადგილეებთან მუშაობას არც გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი აპირებს. როგორ აფასებენ კახეთში დაწყებულ საკადრო ცვლილებებს მესამე სექტორის წარმომადგენლები?

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით:

  • ახალი მერის არჩევის შემდეგ უწყების ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილეებს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდებათ;
  • თუმცა კანონი მერს არ ავალდებულებს ისინი თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

კახეთში ახლად არჩეული მერების ნაწილმა მუშაობა თანამშრომლების გათავისუფლებით დაიწყო. ასე მოხდა სიღნაღსა და გურჯაანში. სიღნაღის მერმა გიორგი გოგილაშვილმა გვითხრა, რომ მას ,,კანონი ავალდებულებს ყოფილი გამგებლის მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლოს და ახალი კადრები დანიშნოს“. გოგილაშვილის თქმით, „ზოგადად, როდესაც ახალი მერი მუშაობას იწყებს, წინასაარჩევნოდ გაცმული დაპირებების შესრულება რომ შეძლოს, საკუთარი გუნდით უნდა მოვიდეს“.

ეკა ჩახნაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ყოფილი მოადგილეა. ის გვეუბნება, რომ ახალი მერის მოსვლის შემდეგ მას და კიდევ ორ მოადგილეს უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდა, თუმცა, ჩახნაშვილისვე თქმით, „თუკი მერს უნდოდა, მათ თანამდებობებზე დატოვებდა“. ეკა ამბობს, რომ ახალი მერი მათ ისე დაემშვიდობა, სამომავლო თანამშრომლობა გამორიცხულია.

სიღნაღის ახალ მერს, გიორგი გოგილაშვილს, გადაწყვეტილება დაუწუნეს მესამე სექტორის წარმომადგენლებმა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივის“ თანამშრომლის, ნანა ბაგალიშვილის, განცხადებით, ისინი ეკა ჩახნაშვილის გათავისუფლებას სხვადსხვა ფორმით გააპროტესტებენ.

სიღნაღის მსგავსად, ყოფილ მოადგილეებთან მუშაობას არც გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი აპირებს. ის მერიაში ახალი გუნდით მისვლას ბუნებრივ პროცესად მიიჩნევს, თუმცა ახალი მოადგილეები ჯერ არ დაუსახელებია. ხანდამაშვილმა ისიც გვითხრა, რომ თანამდებობის დატოვება მან მერიის სამსახურის უფროსებსაც სთხოვა.

სიღნაღი
სიღნაღი

სიღნაღისა და გურჯაანის ახალი მერებისგან განსხვავებით, გამგებლის ყოფილი მოადგილეები არ გაუთავისუფლებია ახმეტის მერს, იოსებ ქარუმაშვილს. მისი თქმით, ჯერ მათ მუშაობას დააკვირდება და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებს. ახმეტის მერს ჩვენ იმ დროს ვესაუბრეთ, როდესაც ძველ მოადგილეებთან ერთად თათბირს მართავდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, ახალი მერის არჩევის შემდეგ უწყების ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილეებს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდებათ, თუმცა კანონი მერს არ ავალდებულებს ისინი თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG