Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახმაურებული საქმეების გამოძიება პარლამენტმა პროკურატურას მიანდო


გახმაურებული საქმეების შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. ამ საკითხს პარლამენტმა 5 თებერვალს უყარა კენჭი და, 31 ხმით 29-ის წინააღმდეგ, კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა. კომისიის შექმნას საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად 11 არასამთავრობო ორგანიზაციაც ითხოვდა. რა მიზეზით თქვა უარი პარლამენტმა ვაზაგაშვილის, რობაქიძის, გამცემლიძის, ფოტორეპორტიორების, რაფალიანცისადა სხვა საქმეების გამოსაძიებლად კომისიის შექმნაზე?

საპარლამენტო უმრავლესობამ უარი განაცხადა კომისიის შექმნაზე ზურაბ ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძის, შალვა თათუხაშვილის, ეროსი კიწმარიშვილის, ბარბარე რაფალიანცის, არჩილ მაისურაძის და სხვათა საქმეების გამოსაძიებლად, იმ საქმეებისა, რომლებშიც სამართალდამცავთა მხრიდან ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევები იკვეთება - უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ გამოძიება პროკურატურის საქმეა და არა საპარლამენტო კომისიისა. ეს განწყობა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ გამოხატა:

„მიგვაჩნია, რომ ამ საქმეებზე ძალიან აქტიურად უნდა იმუშაოს პროკურატურამ. ჩვენ ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო ორგანოებს და ვფიქრობთ, რომ არანაირი საფუძველი დღეს პარლამენტში ამ კომისიის შექმნის არ არსებობს, მით უმეტეს, როდესაც საუბარია იმ საქმეებზე, რომლებიც წლების წინ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში იყო ჩადენილი“.

თქვენ არ ენდობოდით პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს ჩვენ დროს, ჩვენ არ ვენდობით თქვენ დროს. სხვათა შორის, ჩვენი უნდობლობის დამადასტურებლად შეიძლება ისიც გამოდგეს, რომ სულ ახლახან დაიწყო მთავრობიდან პროკურატურაშიც და შსს-შიც კუდიანებზე ნადირობა...
დავით დარჩიაშვილი

საპარლამენტო უმცირესობა კი გასულ წლებში - მათ შორის, 2012 წლის შემდეგ-გახმაურებული საქმეების საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნას სწორედ საგამოძიებო ორგანოებზე ზედამხედველობის აუცილებლობით ხსნიდა. დეპუტატ დავით დარჩიაშვილის თქმით, როგორც ამჟამინდელი ხელისუფლება არ ენდობოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ პროკურატურას, ისე არ ენდობა საპარლამენტო უმცირესობა ამჟამინდელ საგამოძიებო ორგანოებს:

„თქვენ არ ენდობოდით პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს ჩვენ დროს, ჩვენ არ ვენდობით თქვენ დროს. სხვათა შორის, ჩვენი უნდობლობის დამადასტურებლად შეიძლება ისიც გამოდგეს, რომ სულ ახლახან დაიწყო მთავრობიდან პროკურატურაშიც და შსს-შიც კუდიანებზე ნადირობა და ადამიანების დათხოვნა და დაპატიმრება . ე.ი. ამ ორი წლის განმავლობაში ეს ადამიანები იყვნენ, ფორმალური ლოგიკა რომ გამოვიყენოთ, ის ადამიანები, ვისდამიც თურმე თქვენი ნდობა საფუძვლიანი და დასაბუთებული იყო“.

საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებული უარი დეპუტატმა თინა ხიდაშელმა იმ არგუმენტითაც ახსნა, რომ საქმეთა ნაწილს ჯერ კიდევ საგამოძიებო ორგანოები სწავლობენ და საპარლამენტო კომისია ფორმალურ ხასიათს შეიძენდა, რის გამოც, თინა ხიდაშელის სიტყვებით, კომისიის შექმნა აზრსდაკარგავდა:

„ჩვენ დღეს საგამოძიებო კომისიას ვერ შევქმნით საქმეებზე, რომლებზეც ღია საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს, სადაც 80%შემთხვევებში ჩვენ მივიღებდით პასუხს, რომ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მივიღებთ პასუხს და ეს იქნებოდა სამართლებრივად დასაბუთებული. და ის მოთხოვნა, რაც ადრე მქონდა, ახლაც ძალაშია, რომ იმ ძველ, ვითომ დამთავრებულ, საქმეებზე ნამდვილად ამ პარლამენტში არ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია“.

ამ კომისიის შექმნა შედის დღევანდელი მთავრობის ინტერესებში, ასევე დაზარალებულებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესებში და ასევე იმ პირების ინტერესებშიც, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ სისტემაში და შეიძლება ჰქონდათ ან არ ჰქონდათ კავშირი ამ საქმესთან...
ეკა გიგაური

ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე, სადაც სამართალდამცავთა მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევები იკვეთება, საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, საპარლამენტო უმცირესობის გარდა, 11 არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავდა პარლამენტს.26 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ამ საქმეებზე დღემდე არ ჩატარებულა ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება არც ძველი და არც ახალი ხელისუფლების პირობებში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნით გამოირიცხება ინტერესთა კონფლიქტის საკითხი რიგ საქმეებთან მიმართებაში, რადგან მათი უმეტესობა სწორედ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. 26 იანვარს ეკა გიგაურისვე განცხადებით, საპარლამენტო კომისია იმასაც დაადგენდა, ჭიანურდება თუ არა გახმაურებული საქმეების გამოძიება:

უმრავლესობა წავიდა ამის წინააღმდეგი, იმიტომ რომ სამართალდამცავი ორგანოებიდან მოდის ეს ქაოსი ამ ქვეყანაში - უნდათ, რომ შექმნან პოლიციური სახელმწიფო...
ზაზა ხატიაშვილი

„ამ კომისიის შექმნა შედის დღევანდელი მთავრობის ინტერესებში, ასევე დაზარალებულებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესებში და ასევე იმ პირების ინტერესებშიც, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ სისტემაში და შეიძლება ჰქონდათ ან არ ჰქონდათ კავშირი ამ საქმესთან. ანუ ისიც უნდა დადგინდეს, ვის და რა დონის შემხებლობა ჰქონდა ამ საქმეებთან, რომ მათ მომავალში საზოგადოებამ კითხვები აღარ დაუსვას“.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ერთ-ერთი იყო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც დროებითი საგამოძიებო კომისიის პარლამენტში შექმნას ემხრობოდნენ. მისი სიტყვებით, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი გაგრძელებაა არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციისა:

„უმრავლესობა წავიდა ამის წინააღმდეგი, იმიტომ რომ სამართალდამცავი ორგანოებიდან მოდის ეს ქაოსი ამ ქვეყანაში - უნდათ, რომ შექმნან პოლიციური სახელმწიფო. დაარტყეს არასამთავრობო სექტორს და დაარტყამენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შუშის სასახლეზე არ იტყვის, რომ ის არის საოცრება და მის ბინადარზე არ იტყვის, რომ ის არის საოცარი კაცი“.

აღსანიშნავია, რომ წარსულში ჩადენილ დანაშაულთა გამოსაძიებლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია უკვე მეორედ ითხოვდა. გასული წლის სექტემბერში საპარლამენტო უმრავლესობამ ასევე უარი თქვა ბარბარე რაფალიანცის საქმის საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

სამართალდამცავთა მხრიდან წარსულში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულთა გამოძიება მიაჩნია საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩს“ ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად. ორგანიზაციის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია, ანგარიშში ასახული მოვლენებიდან გამომდინარე, მთავარ პრობლემად სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულთა გამოუძიებლობას ასახელებდა. მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს, შსს გენერალური ინპექციის გარდა, სხვა ორგანო, რომელიც ამ შესაძლო დანაშაულებებს გამოიძიებდა. „ჰიუმან რაიტს უოჩს“ რეკომენდაციაც სწორედ ასეთი მექანიზმის შექმნის თაობაზე აქვს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG