Accessibility links

2016 წელს საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირსა და ნატოსთან დაკავშირებული მოლოდინებით, სამომავლო გეგმებითა და პროცესების დაგვირგვინების იმედებით იყო აღსავსე. ძირითადი აქცენტები კეთდებოდა სავიზო ლიბერალიზაციისა და შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის პერსპექტივებზე. საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს 2016 წელსაც, ძველებურად, ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებდა, რუსეთი კი კვლავაც განაგრძობდა საოკუპაციო რეჟიმების განმტკიცებასა და, ამით, საკუთარი ზეგავლენის ბერკეტების გაძლიერებას რეგიონში. საქართველო კვლავაც საერთაშორისო თანამეგობრობის იმედად რჩება.

2016 წლის მიწურულს ევროკავშირის სტრუქტურებში აშკარად დაჩქარდა სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესი და ის, რასაც პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში ელოდებოდა საქართველო, დეკემბრის ბოლო კვირებში მოხდა. გაისმა დაპირებები, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას ძალიან მალე შეძლებენ. ზუსტად როდის - ამის თქმა ამ ეტაპისთვისაც შეუძლებელია, მაგრამ, დარჩენილი პროცედურების გათვალისწინებით და ბრიუსელიდან წამოსული ვერსიების მიხედვით, უვიზო მიმოსვლა, შესაძლოა, თებერვლის ბოლოდან ან, ყველაზე გვიან, აპრილიდან ამოქმედდეს.სავიზო ლიბერალიზაციის მოახლოების იმედი გაჩნდა 14 დეკემბერს, როდესაც ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო ამ საკითხზე ტრიალოგის ფორმარტში შეთანხმდნენ. ამის შემდეგ ტრიალოგის ფორმატში შეთანხმებული ტექსტის საბოლოო ვარიანტს 20 დეკემბერს ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER II) დაუჭირა მხარი. წინასწარი გეგმით, სავიზო ლიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე იანვარში ან თებერვლის პირველ დღეებში უყრიან კენჭს, რის შემდეგაც კიდევ რამდენიმე კვირა იქნება საჭირო გადაწყვეტილების პრაქტიკაში ასამოქმედებლად.

ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს მანამდეც არაერთხელ უთქვამთ და 1 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმაც გაიმეორა, რომ სავიზო ლიბერალიზაციის დაგვიანება საქართველოსგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ე. წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმის გარშემო არსებულმა შიდა შეუთანხმებლობამ გამოიწვია:

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის საკითხს საქართველოს მოქალაქეებისათვის, ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ ოქტომბერში დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი. ახლა ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ (მინდა ხაზი გავუსვა, რომ დარჩენილია სამუშაო მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან), რადგან ახლა მხოლოდ ჩვენი შიდა პრობლემაა, რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას შეჩერების მექანიზმზე, რაც ევროკავშირისთვის ჰორიზონტალური მექანიზმია სავიზო ლიბერალიზების თაობაზე შემუშავებული ყველა შეთანხმების ჭრილში. საქართველო იმსახურებს ამ პროცესის დროულ და პოზიტიურ დასრულებას.

უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გარშემო მოლაპარაკებები 2016 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და სწორედ ეს საკითხი განიხილებოდა აუცილებელ წინაპირობად სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასაგვრგვინებლად. უნდა ითქვას, რომ ხსენებული მექანიზმი მანამდეც იყო ევროკავშირის კანონმდებლობაში, თუმცა, მიგრანტთა კრიზისის გათვალისწინებით, ბრიუსელში საჭიროდ ჩათვალეს თავის დაზღვევა და ამ მექანიზმის კიდევ უფრო გამარტივება. მოკლედ რომ ვთქვათ, „შეჩერებისმექანიზმი“ ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე რომელიმე ქვეყნიდან მიგრანტთა დიდი ნაკადი მიაწყდება რომელიმე მიმღებ ქვეყანას ევროკავშირში, ასევე დიდი რაოდენობის ადამიანი მოითხოვს თავშესაფარს ანდა უკანონო ქმედებებით შეაწუხებს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას. წინააღმდეგობებით აღსავსე დისკუსიების შედეგად გადაწყდა, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების თავდაპირველი ხანგრძლივობა 9 თვე იქნება. ის, რომ ე. წ. „შეჩერების მექანიზმთან“ დაკავშირებით ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ ტრიალოგის ფორმატში კომპრომისული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, საზოგადოებამ 7 დეკემბერს შეიტყო და სწორედ ამ დღეს გაჩნდა იმედი იმისა, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი სულ მალე დასრულდებოდა. „შეჩერების მექანიზმს“ 8 დეკემბერს LIBE-ს კომიტეტში, ხოლო15 დეკემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

შენგენის ზონა
შენგენის ზონა

ყელას კარგად ესმის, რომ სავიზო ლიბერალიზაცია მხოლოდ უვიზო მიმოსვლის უფლებას არ ნიშნავს - ეს არის ისტორიული შანსი საქართველოსთვის, რომელიც ევროპულ ოჯახში დაბრუნებას ცდილობს. სავიზო ლიბერალიზაცია მიიჩნევა პირველ ყველაზე ხელშესახებ გამოვლინებად ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოების გზაზე. ამჟამად არსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით“. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული გზამკვლევის თანახმად, უვიზო რეჟიმის არეალი მოიცავს ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანას და შენგენის ზონაში გაერთიანების კანდიდატ 4 ქვეყანას.

2016 წლის 1 ივლისს სრულად ამოქმედდა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების შეთანხმება, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ იყო ამოქმედებული 2014 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. ოფიციალური ინფორმაციით, ძირითადად დადებითად შეფასდა „საქართველოში ასოცირების განხორციელების 2016 წლის ანგარიში“, რომელიც 2 დეკემბერს ბრიუსელში, ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საბჭოს მესამე შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს. თუმცა ხაზი ესმება კიდევ უფრო მეტის გაკეთების აუცილებლობას და შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ესაჭიროება მართლმსაჯულების სფეროში მიღწეული პროგრესის კონსოლიდირება, ხოლო „ევროკავშირმა გამოხატა მზადყოფნა კვლავაც დაეხმაროს საქართველოს მართლმსაჯულების სფეროს რეფორმებისა და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით“. სხვათა შორის, საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის ხაზგასმის პარალელურად, საერთაშორისო თანამეგობრობა 2016 წლის მანძილზეც მუდმივად შეახსენებდა ქვეყნის ხელისუფლებას დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა თუ თავისუფალი მედიის როლს დემოკრატიული განვითარების პროცესში.

2016 წლის მიწურულს ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსებული თავისი სამეთვალყურეო მისიის მანდატი. მისია წარმოდგენილია 200–ზე მეტი შეუიარაღებელი მეთვალყურით და ის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნების დაცვას აკონტროლებს, თუმცა ევროკავშირის მეთვალყურეებს ამ დრომდე არ მიეცათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობა. ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას ლიტველი დიპლომატი კესტუტის იანკაუსკასი ხელმძღვანელობს.

2016 წელს სიახლეები იყო ნატოს მიმართულებითაც. გაზაფხულიდან ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აქტიურად დაიწყო ლაპარაკი შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომლის განუყოფელ ნაწილად სახელდება საქართველო. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 1 დეკემბერს, როდესაც ის ბრიუსელში მყოფ საქართველოს პრემიერ-მისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციას მართავდა:

გარდა ამისა, გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად. ჩვენ შევაფასეთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა. რასაკვირველია, საქართველო, როგორც სახელმწიფო შავიზღვისპირეთში, ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, ვისთანაც თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ნატოსთვის, რადგანაც შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მთელი ალიანსისთვის, ხოლო საქართველოსთან პარტნიორობა წარმოადგენს ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს“.

ნატოს ვარშავის სამიტი
ნატოს ვარშავის სამიტი

2016 წლის ივლისში ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე წარმოადგენს ალიანსის საპასუხო ნაბიჯს რუსეთის მიერ შავ ზღვაში თავისი წარმომადგენლობის გაძლიერების კვალდაკვალ. კერძოდ, საუბარია რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის მნიშვნელოვან ზრდაზე შავი ზღვის რეგიონში და, მათ შორის, ანექსირებულ ყირიმშიც. ეს აქცენტები დაისვა 7-8 სექტემბერსაც, როცა თბილისს სტუმრობდა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, თავმჯდომარეობით. საბჭო წარმოდგენილი იყო ნატოს წევრ სახელმწიფოთა ელჩების (მუდმივი წარმომადგენლების) დონეზე. ნატო და საქართველო მტკიცე პარტნიორები არიან და ეს პარტნიორობა კიდევ უფრო მტკიცე ხდება”, - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა 7 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

საქართველო ნახსენებია, ასევე, ევროკავშირისა და ნატოს სამოქმედი გეგმაში, რომელიც 6 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების თავყრილობის ფარგლებში გამოქვეყნდა. კერძოდ, მე-7 პუნქტში წერია:

ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები - მათ შორის, ადგილზეც -ბიძგს მისცემენ პარტნიორთა შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერებას, კერძოდ, დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოში, მათ შორის - საქართველოში, მოლდავეთში, უკრაინაში, იორდანიაში, მაროკოსა და ტუნისში“.

ნატოს სასწავლო ცენტრი
ნატოს სასწავლო ცენტრი

გასულ წელს საქართველოში გაიმართა „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“, რომელსაც 10-20 ნოემბერს „კრწანისში“ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრმა უმასპინძლა. მრავალეროვან სწავლებაში მონაწილეობდა 13 ქვეყნის 250 სამხედრო. ეს არის კიდევ ერთი ქვაკუთხედი ნატოსა და საქართველოს ხანგრძლივი მჭიდრო თანამშრომლობის და საქართველოს ერთგულების კიდევ ერთხელ აღიარებისა - მტკიცე თავდაცვის, ნატოს ოპერაციებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით - მასშტაბურ წარმომადგენლობით ღონისძიებას თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ამ სიტყვებით გამოეხმაურა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი. მანამდე და, კერძოდ, 11 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ოფიციალურად გაიხსნა ორკვირიანი საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ (Noble Partner 2016), რომელშიც 1300-მდე ამერიკელი, ბრიტანელი და ქართველი სამხედრო მონაწილეობდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად, წვრთნებში ჩართული იყო (M1A2 ტიპის) ამერიკული ტანკი „აბრამსი“ (სულ 8 ერთეული). წვრთნის პროცესში მონაწილეობდა, ასევე, ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“ (სულ 7 ერთეული) და C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი. ასევე 2016 წელს, აგვისტოში, საქართველოში, ახალციხის მახლობლად მდებარე პოლიგონზე, გაიმართა ორკვირიანი მრავალეროვანი სამხედრო სწავლება Agile Spirit 2016. მასში მონაწილეობდნენ სამხედროები საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბულგარეთიდან, ლატვიიდან, რუმინეთიდან და უკრაინიდან.

2016 წელს საქართველო კვლავაც აქტიურად განაგრძობდა მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში - როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში - და ამისთვის კვლავაც არაერთი გულითადი მადლობაც დაიმსახურა. ამასთან, დასავლელი ლიდერების მხრიდან მუდმივად აღინიშნებოდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით და რომ ნებისმიერმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც, დამოუკიდებლად უნდა შეარჩიოს მოკავშირეები.

თუმცა ნატოსა და საქართველოს დაახლოების პროცესს 2016 წელსაც ჩვეული უკმაყოფილებითა და გაღიზიანებით ეხმაურებოდა რუსეთი. მოსკოვმა არაერთხელ განმარტა, რომ ნატოს ხელშეწყობით მიმდინარე სამხედრო წვრთნები წარმოადგენს „მიზანმიმართულ პროვოკაციას“ - სამხრეთ კავკასიაში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეგნებულად დესტაბილიზაციის მიზნით. საგარეო უწყების საშუალებით შეშფოთება გამოიხატა იმის გამოც, რომ „იზრდება ნატოს სტანდარტების შესაბამისად საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მომზადების მასშტაბი და ინტენსივობა, ნატოს სამეთაურო-საშტაბო სტრუქტურების აქტიური ჩართულობით“. „ყველას გვახსოვს, რომ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულმა დაპირებებმა, რომლებიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაისმა, თბილისს უბიძგა დანაშაულებრივი თავდასხმისკენ რუს მშვიდობისმყოფლებსა და ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობაზე 2008 წლისაგვისტოში“ - აღნიშნავდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2016 წელს მოსკოვიდან საქართველოს მისამართით გაისმა არაერთი მუქარანარევი მესიჯი და მათ შორის იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადება, რომ სირიის მსგავსი შეიარაღებული კონფლიქტები შეიძლება აღმოცენდეს ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაშიც და რომ რუსეთი ადეკვატურად იმოქმედებს ასეთი საფრთხეების წინააღმდეგ. ასეთი განცხადებების პარალელურად, მოსკოვი შარშან ასევე განაგრძობდა ძალის დემონსტრირებას და, მაგალითად, სექტემბერში გამართა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა („კავკასია 2016“), მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ და ანექსირებულ რეგიონებში.

გრძელდებოდა ზეგავლენების გაძლიერების მცდელობაც. 2016 წელს საგანგებო ყურადღების ცენტრში მოექცა ე. წ. „ხელშეკრულება“ რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის თაობაზე, რომლის რატიფიცირებაც რუსეთის დუმამ 2016 წელს მოახდინა. მოსკოვისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ 2015 წელს გაფორმებული ეს ე. წ. ხელშეკრულება მიზნად ისახავს, რუსეთის სამხედრო ბაზის სიმძლავრეებზე დაყრდნობით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნას „აგრესიის მოსაგერიებლად“. ეს მიზნები სრულად ემსახურება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ 2014 წელს გაფორმებულ ე. წ. ხელშეკრულების ინტერესებს. მსგავსი დოკუმენტი მოსკოვს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეჟიმთანაც აქვს გაფორმებული.

სწორედ ამ დოკუმენტს განიხილავს რუსეთი ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან ურთიერთობების ჭრილში და სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც 2016 წლის შემოდგომაზე გაკეთებულ განცხადებაში:

ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა სფეროს. უკვე ამოქმედებულია 90-ზე მეტი დოკუმენტი და ეს კარგად მეტყველებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცეზე. სრულფასოვნად გრძელდება ჩვენი ერთობლივი საქმიანობა დამატებითი შეთანხმებების გაფორმების კუთხით იმ სფეროებში, რომლებიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებაშიმოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობისშესახებ. ამჟამად დამუშავების ეტაპზეა 30-მდე დოკუმენტი... და მოხარული ვარ განვაცხადო, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმამ რატიფიცირება გაუკეთა ხელშეკრულებას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ“.

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

ოკუპაცია და მოსკოვის ანექსიური პოლიტიკა საქართველოს უმთავრეს გამოწვევებად დაასახელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 21 სექტემბერს, როცა ის საერთაშორისო თანამეგობრობას, 71-ე სესიის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მიმართავდა. მისი თქმით, მდგრადი განვითარება შეუძლებელია უსაფრთხოების გარეშე, საქართველოში არსებული „მწარე რეალობა“კი „ყოველდღიურად შეგვახსენებს, რომ ქვეყნის 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია უცხო ქვეყნის ჯარების მიერ“. გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიოს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა და რეალობა შემდეგნაირად აღწერა:

ასობით ათას ადამიანს დღესაც არ აძლევენ შინ დაბრუნების უფლებას. ჩვენ მადლობას მოგახსენებთ იმ მორალური მხარდაჭერისათვის, რომელიც ასახულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაშიაფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". დადგა დრო, რომ ეს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს. ოკუპანტების მიერ აღმართული მავთულხლართები და გამყოფი კონსტრუქციები ერთმანეთს აშორებს ქართულ ოჯახებსა და თემებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა მუდმივად განიცდის ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას. შეზღუდულია მათი გადაადგილებისა და საკუთრების უფლებები. მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობაც კი არა აქვთ. მე ვგმობ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარების ბოლოდროინდელ ფაქტს. ეს არის მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინება“.

იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული რეზოლუცია, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა ახსენა, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2016 წელსაც დაამტკიცა. საქართველოს მიერ ყოველწლიურად ინიცირებული დოკუმენტი, რომელიც აღიარებს ყველა დევნილისა და ლტოლვილის უფლებას დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ მხარდამჭერს იკრებს. 2016 წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირა 76-მა ქვეყანამ. 2015 წელს მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვი 75-ს შეადგენდა. საქართველოს მიერ 2008 წლის შემდეგ დამკვიდრებულ ამგვარ პრაქტიკას რუსეთი „პოლიტიკურად მოტივირებულს“წოდებს და ხშირად აღნიშნავს, რომ სწორედ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციების ყოველწლიური დამტკიცება უშლის ხელს დევნილების საკითხის განხილვას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. რუსეთის ხელდასხმით, მასვე აღნიშნავენ პროცესის მონაწილეები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან და მუდმივად უშლიან ხელს ამ საკითხის განხილვას ჟენევაში.

უნდა ითქვას, რომ 2016 წელს სხვა მხრივაც უშედეგოდ ჩაიარა დისკუსიებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც თბილისი მოსკოვისგან კვლავაც ითხოვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი დაპირების დადებას, როგორც ეს უკვე არაერთხელ აქვს გაკეთებული საქართველოს. უშედეგო იყო ქართული მხარის კატეგორიული მოთხოვნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში19 მაისს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით. საუბარია საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას, საზარელ მკვლელობაზე, სავარაუდოდ, აფხაზი მესაზღვრის მიერ. მკვლელობა სათვალთვალო კამერითაა გადაღებული და გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ კლავს გიგა ოთხოზორიას ცეცხლსასროლი იარაღით ხალხის თვალწინ პირი, რომელიც მას საოკუპაციო ხაზის მხრიდან დაედევნა. გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი ოღლის გადმოცემას ქართული მხარე ამაოდ ითხოვდა „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში გალში გამართული შეხვედრების დროს. 4-წლიანი პაუზის შემდეგ, გალის მიმართულებით შეხვედრების აღდგენა მაისში მოხერხდა.

2016 წელს საკუპაციო ხაზის გასწვრივ (როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის მიმართულეით) კვლავაც ვლინდებოდა სხვადასხვა სახის ინციდენტები, რომლებსაც მფარველობდა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი და რომლებიც სრულ წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართალთან. მაგალითად, რუსი სამხდროები კვლავაც აგრძელებდნენ ადამიანთა გატაცებასა და დაკავებას ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მიზეზით. გრძელდებოდა, ასევე, დამატებითი ტერიტორიების მიტაცების მცდელობა საოკუპაციო რეჟიმის მიერ და სწორედ შარშან გახდა ცნობილი, რომ საგრძნობლად მცირდება გამშვები პუნქტების რიცხვი ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.

საქართველოში რუსეთის დესტრუქციულ და სახიფათო ქმედებებს მუდმივად გმობს საერთაშორისო თანამეგობრობა და, მათ შორის, საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები. თბილისი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა ძველებურად გაგრძელდება ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციის მხრიდანაც. 2016 წელს - კერძოდ, 8 სექტემბერს - აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცდა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც გმობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას რუსეთის მიერ და მოუწოდებს ოკუპანტ ქვეყანას, დატოვოს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიები. რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს „უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის - დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება“ და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

კონგრესში დამტკიცებული რეზოლუციის ინიციატორები და თანაავტორები არიან საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები – რესპუბლიკელი კონგრესმენი ტედ პო და დემოკრატი კონგრესმენი ჯერალდ კონოლი. კონგრესმენმა პომ 8 სექტემბრის სხდომაზე მკაცრად დაგმო რუსეთის აგრესიული პოლიტიკა - თქვა, რომ ეს არის შეტევა დემოკრატიულ იდეებზე და პუტინს „ციმბირის ნაპოლეონი“ უწოდა:

ეს რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას და უგზავნის მკვეთრ მესიჯს (ვლადიმირ) პუტინს, რომ შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს მის კონტროლს საქართველოს რომელიმე ნაწილზე. ჩვენმა მეგობრებმა საქართველოსა და რეგიონში უნდა იცოდნენ, რომ შეერთებული შტატები არასდროს იტყვის უარს მოკავშირეების გრძელვადიან მხარდაჭერაზე ციმბირის ნაპოლეონისგან მომავალი საფრთხეების წინაშე... ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ გვაქვს მკაფიო ვალდებულებები ჩვენი მოკავშირეების მიმართ. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააღრმავოს ურთიერთობები თავის მოკავშირეებთან... საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა, რომელსაც რუსეთიდან მონაბერი ავტორიტარიზმის ცივი ქარები უქმნის საფრთხეს“.

როდესაც კონგრესმენები საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებაზე აკეთებენ აქცენტს, აქ იგულისხმება როგორც სამხედრო წვრთნები, ასევე დახმარება ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფის საქმეში. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო, როგორც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშემწყობი ქვეყანა, აშშ-ის გრძელვადიან ინტერესში შედის.

6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ჩარჩო ხელშეკრულება 2016-2019 წლებში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც, საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შემდგომ განვითარებას. ჩარჩო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თბილისში სტუმრად მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა. „კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას სწავლებებითა და შეიარაღებული ძალების წვრთნებით. ასევე, გავაძლიერებთ თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან. ასევე, ვგეგმავთ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად შევქმნათ სასწავლო საბრძოლო ცენტრი. ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა სწორედ ამ ცენტრის შექმნის საფუძველზე უფრო მაღალ დონეზე იქნება უზრუნველყოფილი”, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ითქვა, ასევე, რომ კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვას საფუძვლად დაედო მემორანდუმი, რომელსაც 6 ივლისს თბილისში მოაწერეს ხელი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მაშინ პრემიერი აცხადებდა, რომ ეს დოკუმენტი „საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს, შეიძინოს თავდაცვითი იარაღი, შეიარაღება, რომელიც საქართველოს აძლევს საშუალებას მეტი აქცენტი გააკეთოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე; ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ეს ითვალისწინებს უფრო მეტ ერთობლივ წვრთნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის“.

2016 წლისკიდევ ერთი, უდავოდ გამორჩეული, მოვლენაა რომის პაპის სტუმრობა საქართველოში. პაპი ფრანცისკე, სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში, თბილისს 2-დღით 30 სექტემბერსეწვია. მას აეროპორტში დახვდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე. დატვირთული გრაფიკის ფარგლებში, რომის პაპმა წირვა ჩაატარა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე და ეწვია, ასევე, მცხეთას სვეტიცხოვლის მოსანახულებლად. მანამდე შედგა მიღება პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში, სადაც პაპმა ფრანცისკემ გაახმურა ერთ-ერთი მთავარი მოწოდება რეგიონში მშვიდობის დაცვის აუცილებლობის შესახებ. მართალია, კონკრეტულად რუსეთი და მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები არ უხსენებია, მაგრამ პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ რეგიონის ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იძულებით გადაადგილდა, უნდა შეეძლოს დაბრუნება საკუთარ სახლში. საქართველოში რომის პაპის, ფრანცისკეს, ვიზიტის გასაშუქებლად აკრედიტებული იყო მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების 150-ზე მეტი ჟურნალისტი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG