Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს 2017 წლის საგარეო პოლიტიკის მოვლენები


სამხედრო წვრთნა - „ღირსეული პარტნიორი“, ვაზიანი, 30 ივლისი 2017 წ.
სამხედრო წვრთნა - „ღირსეული პარტნიორი“, ვაზიანი, 30 ივლისი 2017 წ.

2017 წელი საქართველოსთვის საგანგებოდ იღბლიანი აღმოჩნდა საგარეო პოლიტიკურ სარბიელზე და, განსაკუთრებით, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე - საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის უფლება მიენიჭათ. ნატოს გამოცდილებიდან გამომდინარე, წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქნა მიჩნეული ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში ჩატარების ფაქტი. 2017 წელი საგანგებოდ აქტიური და აქტუალური იყო ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ჭრილში. რუსეთი კვლავაც განაგრძობდა აგრესიული და დესტრუქციული პოლიტიკის გატარებას, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა მკვეთრად უარყოფითი რეაქციებით პასუხობდა. მიმოხილვა ასახავს 2017 წლის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მოვლენებს.

გადმოწერა
ეს იყო გრძელი გზა, მაგრამ ამ გზამ ჩვენ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. ეს არის გზა, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს რეფორმირებასა და განვითარებას.
დონალდ ტუსკი

საკმაოდ ხანგრძლივი, მრავალეტაპიანი და ემოციებით აღსავსე მოლოდინის შემდეგ, 2017 წლის 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება მიენიჭათ. „გულწრფელად ვულოცავ საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს უვიზო მიმოსვლას. ისიამოვნეთ ევროპით“, - აღნიშნა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, ხოლო ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, ამ დღეს მნიშვნელოვანი პროცესების დამაგვირგვინებელი „ისტორიული დღე“ უწოდა:

„ეს იყო გრძელი გზა, მაგრამ ამ გზამ ჩვენ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. ეს არის გზა, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს რეფორმირებასა და განვითარებას. საქართველომ შესანიშნავად იმუშავა და ბევრს მიაღწია... დღეს არის ისტორიული დღე ყველა ჩვენთვის და, განსაკუთრებით, ქართველი ხალხისთვის, რომელიც უკვე დღეიდან შეძლებს გამოიყენოს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი ევროკავშირისა და საქართველოს უფრო ახლო ურთიერთობებისთვის“.

ეს სიტყვები დონალდ ტუსკმა 28 მარტს წარმოთქვა ბრიუსელში, სადაც იმ დღეს საგანგებოდ ჩავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. უვიზო მიმოსვლის სტარტისადმი მიძღვნილ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მისალოცი სიტყვები ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმაც წარმოთქვა, 28 მარტს მანაც „ისტორიული“ უწოდა და აღნიშნა, რომ 180-დღიან პერიოდში 90 დღეზე გათვლილი უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა დიდად წაადგებათ მოგზაურობის, სწავლისა თუ ბიზნესკონტაქტების დამყარების მსურველებს.

არ გამართლდა იმის შიში, რომ საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე ბოროტად ისარგებლებდა თავისუფალი მიმოსვლის უფლებით. ვითარება სტაბილურად არის მიჩნეული შეჩერების მექანიზმის ჭრილში ევროკომისიის მიერ შემუშავებულ შეფასების პირველ ანგარიშში, რომელიც 20 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ევროკავშირისა და საქართველოს დროშები
ევროკავშირისა და საქართველოს დროშები

ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების პროცესს 2017 წელს სხვა ასეთი ხილული და ხელშესახები შედეგები არ გამოუღია, თუმცა წლის განმავლობაში როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მათი ოპონენტები თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მუდმივად იმეორებდნენ, რომ საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების დიდი მცდელობის მიუხედავად, ასეთი დაპირება საქართველომ ვერ მიიღო, თუმცა, აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტის ფარგლებში, 24 ნოემბერს ბრიუსელში დამტკიცებულ დეკლარაციაში აღიარებულია ასოცირებული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, „ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი“. ევროკავშირის წევრები კვლავაც იზიარებენ თავდაპირველ პრინციპს, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა მიიღონ მეტი მეტის სანაცვლოდ მათი ამბიციების, საჭიროებებისა და ასევე„რეფორმების ტემპისა და ხარისხის“ შესაბამისად.

ყურადღება კონცენტრირებულია რეფორმებზე როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში... ამ რეფორმათა შედეგები განსაზღვრავს, თუ როდის გახდებიან ეს ქვეყნები ნატოს წევრები და როგორი იქნება დამოკიდებულება ალიანსში მათი გაწევრიანების მიმართ.
იენს სტოლტენბერგი

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის (საქართველოს, უკრაინის, მოლდავეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ბელორუსიის) ლიდერთა შეხვედრაზე მიღებული დეკლარაცია, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რეგიონის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობასაც ახსენებს. ევროკავშირი გამოხატავს მზადყოფნას, რომ მხარი დაუჭიროს პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ევროპულ მისწრაფებებთან ერთად, 2017 წელს დღის წესრიგში კვლავინდებურად უცვლელად იდგა ევროატლანტიკური მისწრაფებებიც. მართალია, ჯერ ისევ უპასუხოა შეკითხვა - როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი, მაგრამ 9 ოქტომბერს, როცა ბუქარესტში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე გამოდიოდა სიტყვით, ესტონელი დეპუტატის შეკითხვის პასუხად ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ გაწევრიანების საკითხი ასპირანტი ქვეყნების მიერ ნაჩვენებ პროგრესზე იქნება დამოკიდებული:

“ყურადღება კონცენტრირებულია რეფორმებზე როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში... ამ რეფორმათა შედეგები განსაზღვრავს, თუ როდის გახდებიან ეს ქვეყნები ნატოს წევრები და როგორი იქნება დამოკიდებულება ალიანსში მათი გაწევრიანების მიმართ. ეს იმიტომ, რომ სწორედ ეს რეფორმები აძლიერებს როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს... ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან ბევრი რამ არის „არაფერსა“ და სრულფასოვან წევრობას შორის... ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყნებთან ჩვენი ყოვლისმომცველი თანამშრომლობა ხაზს უსვამს ძლიერ პარტნიორობას, რომელიც ძალიან ღირებულია როგორც ნატოსთვის, ასევე უკრაინისა და საქართველოსთვის... და ჩვენ მომავალშიც კიდევ უფრო გავაძლიერებთ პარტნიორობას მეტი პრაქტიკული თანამშრომლობითა და მეტი პოლიტიკური მხარდაჭერით”.

საქართველოსაც შეეხება რეზოლუცია, სახელწოდებით „სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში“, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესიის ფარგლებში დამტკიცდა. ტექსტში ხაზგასმულია რუსეთის ზეგავლენის გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში, მზარდი საფრთხეები და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვალდებულება იზრუნოს თავისი სანდო პარტნიორების უსაფრთხოებაზე.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა თბილისში
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა თბილისში

2017 წელს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას (26-29 მაისს) თბილისი მასპინძლობდა და იმ დღეებში არაერთხელ ითქვა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არაწევრი რიგით მეხუთე ქვეყანაა, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გასვლითი სესია გაიმართა და რომ ოთხივე ქვეყანა, რომელიც მანამდე იყო მასპინძლის რანგში, დღეს უკვე ნატოს წევრია. სესიამ თბილისში შეკრიბა ნატოს 28 წევრი ქვეყნის 300 პარლამენტარი ამერიკიდან და ევროპიდან და, ასევე, დელეგატები ასოცირებული, პარტნიორი და მეთვალყურე ქვეყნებიდან. თბილისში სულ 600-მდე მოწვეულ სტუმარს ითვლიდნენ. აკრედიტაცია გაიარა მედიის 300-მდე წარმომადგენელმა. საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრი ქვეყანა 1999 წლის მაისში გახდა.

საქართველოს ესაჭიროება ყველანაირი მხარდაჭერა, რათა გაუმკლავდეს წნეხს რუსეთის მხრიდან - მათ შორის მისი სამხედრო ძალების გაზრდას საქართველოს საზღვრებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცოცავ ანექსიას და ჰიბრიდულ ტაქტიკას საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგ...
რასა იუკნევიჩიენე

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციაში, რომელიც 29 მაისს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მიწურულს, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცეს, ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. დეკლარაციის ტექსტში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ ალიანსში გაწევრიანებისთვის საქართველოს დასჭირდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება. ასამბლეა მოუწოდებს ნატოს მთავრობებსა და პარლამენტებს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს „პოლიტიკური განზომილება“ და შეიქმნას პირობები საქართველოსთვის MAP-ის მისანიჭებლად. მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარების მიუხედავად, დეკლარაციის თანახმად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ხედავს შემდგომი ძალისხმევის საჭიროებას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში - ყურადღება მახვილდება კანონის უზენაესობაზე, სასამართლო სისტემასა და მედიაპლურალიზმზე.

როცა სესიაზე გამოსვლისას რუსეთის აგრესიაზე ლაპარაკობდა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ლიტველმა დეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ აღნიშნა, რომ საქართველო „კვლავაც ცხოვრობს დიდი და არამეგობრული მეზობლის ჩრდილქვეშ“ და რომ ნატო უნდა დაეხმაროს თავის ერთგულ პარტნიორ ქვეყანას, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად:

„საქართველოს ესაჭიროება ყველანაირი მხარდაჭერა, რათა გაუმკლავდეს წნეხს რუსეთის მხრიდან - მათ შორის მისი სამხედრო ძალების გაზრდას საქართველოს საზღვრებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცოცავ ანექსიას და ჰიბრიდულ ტაქტიკას საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენ, ევროატლანტიკური თანამეგობრობა, არ უნდა ვზღუდავდეთ ჩვენს პოლიტიკას რუსეთის მიმართ შიშზე დაყრდნობით. კრემლი აგრესიულია, მაგრამ ჩვენ განუზომლად ძლიერები ვართ - და არა იმდენად ჩვენი სამხედრო და ეკონომიკური სიძლიერის გამო, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რომ მორალურ უპირატესობას გვანიჭებს ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების დაცვა“.

ნატოს სასწავლო ცენტრი საქართველოში
ნატოს სასწავლო ცენტრი საქართველოში

ყოველ ჯერზე, როდესაც ნატოს ლიდერები საქართველოზე ლაპარაკობენ, საგანგებოდ აღნიშნავენ ქვეყნის გამორჩეულ წვლილს საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში და მადლიერებას გამოხატავენ ერთგულებისა და მამაცი ჯარისკაცების მიერ გაღებული მსხვერპლისთვის. მსხვერპლი იყო 2017 წელსაც. 3 აგვისტოს ავღანეთში, ნატოს ეგიდით მოქმედ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას მომხდარ აფეთქებას შეეწირა ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბნის მკვიდრი, 25 წლის უმცროსი სერჟანტი მდინარ ბებიაშვილი. ის 32-ე ქართველი სამხედროა, რომელიც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში სამსახურის დროს დაიღუპა. წლის განმავლობაში ავღანეთში დაიჭრა არაერთი ქართველი ჯარისკაცი.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეთაურობით, ამერიკის შეერთებული შტატები დაუპირისპირდება ნებისმიერი სახელმწიფოს ნებისმიერ დროს გამოხატულ ნებისმიერ განზრახვას, რომელიც ძირს უთხრის ამ უცვლელ პრინციპს. პრეზიდენტი ტრამპი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები...
მაიკ პენსი

ქართველი ჯარისკაცების თავდადების გამო მადლიერების გრძნობა არაერთხელ გამოხატა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, 2017 წლის ზაფხულში, როცა ის თბილისს სტუმრობდა. ტურნეს ფარგლებში, რომელიც ასევე ესტონეთსა და ჩერნოგორიას აერთიანებდა, მაიკ პენსი საქართველოში მეუღლესთან ერთად 31 ივლისს ჩამოვიდა. ეს ვიზიტი დროში ემთხვევა ვაზიანში დაწყებულ მასშტაბურ ქართულ-ამერიკულ სამხედრო წვრთნას - „ღირსეული პარტნიორი“, რომელშიც 8 ქვეყნის სამხედროები მონაწილეობდნენ.

მაიკ პენსის ტურნე მიზნად ისახავდა პრეზიდენტ ტრამპის მესიჯის გადაცემას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, რომ „ამერიკა, უპირველეს ყოვლისა, არ ნიშნავს ამერიკის მარტო ყოფნას“ და რომ ამერიკა მუდამ მზად არის ერთგული პარტნიორების მხარდაჭერისთვის. მაიკ პენსმა 1 აგვისტოს თბილისში გარკვევით თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, არასოდეს შეეგუება იმ ფაქტს, რომ თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში რუსული ტანკები დგას და, თუკი რუსეთს ამერიკასთან კარგი ურთიერთობის დამყარება უნდა, მან აუცილებლად უნდა შეცვალოს თავისი დესტრუქციული პოლიტიკა:

„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეთაურობით, ამერიკის შეერთებული შტატები დაუპირისპირდება ნებისმიერი სახელმწიფოს ნებისმიერ დროს გამოხატულ ნებისმიერ განზრახვას, რომელიც ძირს უთხრის ამ უცვლელ პრინციპს. პრეზიდენტი ტრამპი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები. დღეს აქ ჩემი მიზანია, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ეს მესიჯი“.

მაიკ პენსი
მაიკ პენსი

მართალია, დასმული შეკითხვის საპასუხოდ, მაიკ პენსსმა იქვე განმარტა, რომ თუკი ნატოს ნებისმიერი წევრი ქვეყნის მიმართ აგრესიის შემთხვევაში რუსეთს ამერიკა მყისიერად და, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ძალითაც უპასუხებს, არაწევრი ქვეყნის - საქართველოს - შემთხვევაში, ცხადია, ეს ასე ვერ იქნება. სამაგიეროდ, ვაშინგტონი საქართველოს ჰპირდება მტკიცე მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტაში, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში და ასევეევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარების საქმეში.

ეს ფაქტი ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობების არსებობას და ხაზს უსვამს ურთიერთნდობის მაღალ ხარისხს.
ლელა ჩიქოვანი

2017 წელი, მართლაც, განსაკუთრებით აქტიური და აქტუალური იყო ამერიკა-საქართველოს დაახლოების ჭრილში. ძლიერი და მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან საქართველომ არაერთი პოლიტიკური თუ პრაქტიკული ხასიათის მხარდაჭერის დასტურიც მიიღო - მათ შორის, გასულ წელს საქართველოს გაუჩნდა შანსი შეისყიდოს ჯაველინის (Javelin) სისტემის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც ქვეყანას ჯავშნოსანი სამხედრო ტექნიკის ეფექტიანად მოგერიების საშუალებას მისცემს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება საქართველოსთვის მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიყიდვასთან დაკავშირებით ნოემბერში თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტომ გაახმაურა. არავინ დავობს, რომ ჯაველინის სისტემის ჯავშანსაწინააღმდეგო კომპლექსები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და აამაღლებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, ეს ფაქტი საქართველოსა და შეერთებული შტატების განსაკუთრებულ ურთიერთობებზე მიუთითებს:

„ეს ფაქტი ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობების არსებობას და ხაზს უსვამს ურთიერთნდობის მაღალ ხარისხს. ამასთან, ცალსახად, ეს არის აღიარება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის მიმართულებების სისწორისა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ერთი რამ: ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები ატარებს თავდაცვით ხასიათს, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ვერ გამოიყენება ვერც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ“.

ჯაველინის (Javelin) სისტემის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი
ჯაველინის (Javelin) სისტემის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი

თბილისის ასეთი პოზიციის მიუხედავად, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ საკითხმა გააბრაზა რუსეთი. ჟენევის მოლაპარაკებების ტრადიციულად უშედეგოდ ჩავლილი 42-ე რაუნდის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში „დამღუპველად“ არის მოხსენიებული შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება საქართველოსთვის „ჯაველინის“ სისტემის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიყიდვის თაობაზე:

„ეს არის ვაშინგტონსა და თბილისს შორის 2008 წლის შემდეგ გაფორმებული ყველაზე მსხვილი სამხედრო გარიგება, რომელიც, თავისი არსით, საქართველოს ახალი სახიფათო ავანტიურებისკენ უბიძგებს... ამ კონტექსტში, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დაადასტურეს, რომ სავსებით გამართლებულად და დროულად მიიჩნევენ სამხედრო სფეროში რუსეთის მიერ მათთვის აღმოჩენილ დახმარებას“.

რუსეთის აგრესიული საოკუპაციო პოლიტიკა და დესტრუქციული ქმედებები 2017 წელსაც არაერთხელ აისახა მსოფლიო ლიდერების განცხადებებსა თუ საერთაშორისო დოკუმენტებში. ოკუპირებული საქართველოს პრობლემები ფართოდ აისახა აშშ-ის შიდაპოლიტიკურ გადაწყვეტილებებშიც. 2 აგვისტოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებულ ორპარტიულ საკანონმდებლო აქტს, რომელიც მიზნად ისახავს ძირითადად ეკონომიკური სანქციების რეჟიმის გაძლიერებას რუსეთის წინააღმდეგ და ამით ბევრისთვის კიდევ ერთხელ დადასტურდა შეერთებული შტატების მტკიცე გადაწყვეტილება - არ დახუჭოს თვალი რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკაზე მეზობელ ქვეყნებსა და, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით. დოკუმენტში სერიოზულ საფრთხედ არის შეფასებული საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მიმართ რუსეთის მხრიდან გამოვლენილი აგრესიული და დესტრუქციული ქმედებები. რუსეთის ზეგავლენების შესამცირებლად გამოყოფილია მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა.

13 დეკემბერს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა ასევე აშშ-ის 2018 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომელიც ამერიკის სამხედრო დანახარჯებს განსაზღვრავს და რომლის ტექსტშიც ასევე დიდი ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ შევიწროებული ქვეყნების და, მათ შორის, საქართველოს პრობლემებს. აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი ითვალისწინებს მილიარდობით დოლარით დაფინანსებას ევროპის შეკავების ინიციატივის პროექტისთვის, რომელიც დონალდ ტრამპის წინამორბედის, ბარაკ ობამას, პირობებში დაიწყო და რომელიც მიზნად ისახავს თავდაცვის გაძლიერებას აშშ-ის რუსეთის მზარდი სამხედრო მოქმედებებით შეშფოთებული ევროპელი მოკავშირეებისთვის. მანამდე კი იყო კონგრესის მიერ დამტკიცებული და პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საბიუჯეტო კანონი, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები არ ითანამშრომლებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG