Accessibility links

საკონსტიტუციო კომისია: როგორ ავირჩიოთ პარლამენტი


საქართველოს კონსტიტუცია

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მორიგ შეკრებაზე განიხილა საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ბარიერის შეცვლის საკითხი. კომისიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ე.წ. მაჟორიტარულ არჩევნებზე და საქართველოს პარლამენტი არჩეული უნდა იქნეს მხოლოდ პროპორციული წესით. კონსტიტუციის საკითხთა გადასინჯვის სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა ახალი კონსტიტუციის მიღებისა და ამოქმედების ვადების თაობაზეც.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ლამის ყველა წევრი, გარდა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებისა, გამოთქვამს სურვილს შეიცვალოს არსებული საარჩევნო სისტემა, რომლის პირობასაც იძლეოდა მოქმედი ხელისუფლება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. მმართველი პარტია, „ქართული ოცნების“ სახით, მზად იყო უარი ეთქვა მაჟორიტარულ არჩევნებზე 2020 წლისათვის, თუმცა დღეს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა:

„პირველად ვამბობ, რომ მე პირადად მომხრე ვარ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ გარკვეული დათქმებით. აზრთა ძალიან დიდი სხვადასხვაობაა საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ჩვენი საქმიანობა, რომელიც, საბოლოო ჯამში, უნდა მივიდეს კონსენსუსამდე, ამ საკითხთან დაკავშირებითაც იქნება წარმატებული“.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული არჩევნები და მოქმედი საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი პარტიების ადეკვატურ წარმომადგენლობას პარლამენტში. ასე ფიქრობს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, იურისტი შალვა შავგულიძე:

„მაჟორიტარული სისტემის გამოყენებით არ ხდება პროპორციული ასახვა არჩევნებში მიღებული ხმებისა, ანუ პარტიების მიერ მიღებული საპარლამენტო მანდატები წარმომადგენლობით ორგანოში არ შეესაბამება მათ მიერ მიღებულ ხმებს. შესაბამისად, ეს სისტემა არის უსამართლო და რომ მივიღოთ სამართლიანი სისტემა, მიგვაჩნია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით და პარლამენტი უნდა შედგებოდეს პროპორციული სისტემით არჩეული წევრებისგან“.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების აზრით, მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების ყველაზე მნიშვნელოვან არგუმენტად გამოდგება უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, რომ არა მოქმედი საარჩევნო სისტემა, „ქართულ ოცნებას“ მეცხრე მოწვევის პარლამენტში არ ექნებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა:

„დღევანდელი სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ პარტიამ პარლამენტში უფრო მეტი ადგილი დაიკავოს, ვიდრე ხმები მიიღო. ამიტომ უნდა შეიცვალოს და გადავიდეთ უფრო სამართლიან სისტემაზე, როდესაც რამდენ პროცენტსაც მიიღებს პარტია, იმდენი პროცენტი ადგილებისა ექნებათ პარლამენტში და ეს იქნება ქართველი ერის ნების ზუსტი ასახვა“.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პოლიტიკური ძალა, რომელსაც ის წარმოადგენს, მხარს უჭერს ე.წ. რეგიონალურ-პროპორციულ სისტემას, რაც ასევე მისაღებად მიაჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ფიქრობს, რომ გაუმართლებელი იქნება მხოლოდ პროპორციული სისტემის დატოვება.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს რეგიონული წარმომადგენლობა დაიკარგება და ეს იქნება მარტო პარტიებზე მორგებული სისტემა, მათი გადასაწყვეტი იქნება, თუ ვის ჩასვამენ სიაში და უარყოფითი მხარე იქნება ის, რომ რეალურად სიები გაკეთდება თბილისში“, უთხრა მიხეილ ბენიძემ რადიოთ ავისუფლებას.

მიხეილ ბენიძის თქმით, საუკეთესო გამოსავალი იქნება პროპორციული სისტემის შენარჩუნება და მაჟორიტარული არჩევნების ჩანაცვლება რეგიონალურ-პროპორციულით, რაზეც მესამე სექტორი და პოლიტიკური პარტიები წლების წინ შეთანხმდნენ:

„შეთანხმება, რომელიც 2015 წელს იქნა მიღწეული, მათ შორის, პრეზიდენტის ჩართულობით, ითვალისწინებს კონკრეტულ სისტემას, სადაც 150 მანდატიდან 75 მანდატი გადანაწილდება და აირჩევა ერთიანი პროპორციული სიით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო დანარჩენი 75 გადანაწილდება რეგიონების მიხედვით და მათ აირჩევენ რეგიონულ-პროპორციული პრინციპით“.

მესამე სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემის სრულყოფისთვის ასევე აუცილებელია საარჩევნო ბარიერის დაწევა. იურისტ ვახუშტი მენაბდის თქმით, 5-პროცენტიანი ბარიერის გამო პარლამენტში ვერ ხვდებიან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის წარმომადგენლები:

„გამოსავალი არის ერთიანი პროპორციული სია და დაბალი საარჩევნო ბარიერი. შეიძლება 1%, 0,75% ან 2%, თუმცა 5 პროცენტზე ნაკლები და ამ მოდელით უნდა ავირჩიოთ 150-ვე დეპუტატი პროპორციული წესით“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ კი, ავთანდილ დემეტრაშვილმა, ორპალატიანი პარლამენტის შექმნისა და კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის ამოქმედების წინადადება წამოაყენა, თუმცა მის ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრთა უმრავლესობამ. ასევე მხარდაჭერის გარეშე დარჩა ვახტანგ ძაბირაძის წინადადება, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გავლენისგან გათავისუფლების მიზნით, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG