Accessibility links

სამართალდამცველთა დაგვიანებული რეაქცია, სახალხო დამცველის თვალით


სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა საპარლამენტო კომიტეტში, 2017 წლის 11 აპრილი

12 აპრილს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე მწვავე პოლიტიკური კამათის ფონზე მიმდინარეობდა სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის იმ ნაწილის განხილვა, რომელიც, მაგალითად, მედიის დამოუკიდებლობას, გამოხატვის თავისუფლებასა და სამართალდამცველთა მუშაობას შეეხებოდა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დისკუსიის ერთ-ერთ ძირითად თემას ბათუმში მარტში მომხდარი გახმაურებული ინციდენტი წარმოადგენდა. სახალხო დამცველის თვალთახედვით, ხელისუფლებამ წესრიგის დამყარება არ იჩქარა, დააგვიანა და საზოგადოებას დაუცველობის განცდა გაუჩინა. დაგვიანებული რეაქციის გარდა, ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან უმართავი პროცესების პროვოცირებაზეც ლაპარაკობს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი წარსულს იხსენებენ და პარალელებს ავლებენ წინა ხელისუფლების დროს გამოვლენილ პრაქტიკასთან.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად 2016 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს, სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში ლაპარაკია 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებზეც. 12 აპრილს საკომიტეტო მოსმენაზე სახალხო დამცველმა გამოთქვა ვარაუდი, რომ პროცესები მართული იყო, რადგანაც, სხვა შემთხვევაში, დროის მოკლე მონაკვეთში ამდენი ადამიანის შეკრება სპონტანურად ვერ მოხერხდებოდა. ამასთან, უჩა ნანუაშვილი დარწმუნებულია, რომ ბათუმში, მძღოლის დაჯარიმებით დაწყებული დაპირისპირების კვალდაკვალ, სამართალდამცველებმა არაადეკვატურად იმოქმედეს და დემონსტრაციაზე, რომელიც ბოლოს გასცდა კანონის ჩარჩოებს, დაგვიანებული რეაქცია მოახდინეს:

„დემონსტრაციის მონაწილეები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ანადგურებდნენ ქონებას, აზიანებდნენ ქალაქის ინფრასტრუქტურას, ხოლო პოლიცია არავითარ რეაგირებას არ ახდენდა რამდენიმე საათის განმავლობაში. სამართალდამცველთა სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების ნაკლოვანებები ბადებს ვარაუდს, რომ სახელმწიფო არ არის მზად გაუმკლავდეს მსგავს კრიზისს. შესაბამისად, საჭიროა გაანალიზდეს აღნიშნული ნაკლოვანებები და შეფასდეს რამდენად არის მზად ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები და სამართალდამცავი სისტემა დროულად და ეფექტიანად გაუმკლავდეს მსგავს კრიზისს“.

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

ამასთან, სახალხო დამცველს ეეჭვება, რომ გამართლებული იყო დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენება, მაშინ როცა მარტის თვეში, ამინდებიდან გამომდინარე, საკმაოდ ეფექტიანი იქნებოდა აქციის დაშლა წყლის ჭავლით.

ოპოზიცია ბათუმის მოვლენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სტრატეგიის კონტექსტში და სხვა მოვლენებთან კავშირში განიხილავს. მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატი სერგო რატიანი ბათუმის დემონსტრაციას ოქტომბრის არჩევნების დროს კორცხელში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო მარტში განვითარებულ მოვლენებთან ერთად მოიხსენიებს. მისი რწმენით, ხელისუფლებას გაუჭირდა ემართა ოპოზიციის დარბევისთვის გაწვრთნილი ჯგუფები:

„ხალხი, რომლებიც წლების განმავლობაში ძალადობრივად ესხმოდნენ თავს ოპოზიციას, და ეს ყველამ იცის, იყვნენ ჩართულები, აი, ამ დარბევებში და ამ შემთხვევაშიც რეალურად სახელმწიფომ ვერ დაიცვა მოქალაქეები... სახელმწიფო, ხშირ შემთხვევაში, კრიმინალური ჯგუფების საშუალებით ან სუსის ჩართულობით აწყობს ისეთ მოვლენებს, სადაც ადამიანები არიან დაუცველები და არის ძალიან სერიოზული საფრთხე იმისა, რომ შემდგომში ეს გაუკონტროლებელი იყოს“.

არ გამოიყენეს არამართლზომიერი და გადაჭარბებული ძალა მოქალაქეების დარბევის დროს და თუკი ვინმე იმ შემთხვევის დროს დაზიანდა, დაზიანდნენ მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები და დაზიანდნენ ჩვენი წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც მისულები იყვნენ მოლაპარაკებების საწარმოებლად...
ფატი ხალვაში

მსჯელობა ბათუმის მოვლენებზე 12 აპრილს გასცდა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენის ფარგლებსაც, ხოლო უშუალოდ სხდომაზე კომენტარის გაკეთება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესაც მოუწია. როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, ცრემლსადენი გაზის გამოყენება აუცილებელი იყო, რათა სწრაფად შეჩერებულიყო დემონსტრანტების მხრიდან წამოსული დიდი აგრესია. ხუციშვილი ამბობს, რომ არსებული შესაძლებლობებისა და წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, პოლიციამ სავსებით სწორად და ევროპული სტანდარტების შესაბამისად იმოქმედა:

„დღეს ჩვენ გვყავს არა ოცი დაზარალებული ან ერთი გარდაცვლილი, ან რამდენიმე ათეული მსუბუქად დაშავებული ადამიანი, არამედ - დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი და ქუჩის ინფრასტრუქტურა, რომლის ფულადი განზომილება არის 100 ათასი ლარი“.

წარსულის 9 წელიწადი და ძალის გამოყენებით დარბეული დემონსტრაციების გამოცდილება 12 აპრილს ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის მოსმენაზეც გაიხსენეს და განცხადებები ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არაერთმა დეპუტატმა გააკეთა. მაგალითად, ფატი ხალვაში დარწმუნებულია, რომ, მაგალითად, 2007 წლის 7 ნოემბრისგან განსხვავებით, სამართალდამცველები ბათუმში სრულიად ადეკვატურად მოიქცნენ:

„არ გამოიყენეს არამართლზომიერი და გადაჭარბებული ძალა მოქალაქეების დარბევის დროს და თუკი ვინმე იმ შემთხვევის დროს დაზიანდა, დაზიანდნენ მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები და დაზიანდნენ ჩვენი წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც მისულები იყვნენ მოლაპარაკებების საწარმოებლად. ასე რომ, მე ვერ მივიღებ პრეტენზიებს მოქალაქეებისა და ჩვენი კოლეგა პარლამენტარებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში აქეზებდნენ ძალადობას“.

სახალხო დამცველის 12 აპრილს განხილული ანგარიშის ნაწილი მოიცავდა, ასევე, მედიის თავისუფლებას და, უპირატესად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობის საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ოთხშაბათის საკომიტეტო მოსმენაზე არ იქცა განსაკუთრებული კამათის საგნად, თავად ომბუდსმენმა საკმაოდ მწვავე შეფასებები გააკეთა. კერძოდ, ითქვა, რომ ამ საქმეში გამოვლინდა დარღვევები სასამართლოს მუშაობის პროცესში. უჩა ნანუაშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ არის გათვალისწინებული საქმის განხილვის პროცესში დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ინტერესები, მაშინ როცა სწორედ ისინი იყვნენ მფლობელები მანამდე, ვიდრე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდოდა. „რუსთავი 2“-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმეებს, რომლებსაც უკვე კარგა ხანია მონიტორინგს უწევს, სახალხო დამცველი მედიის თავისუფლების კონტექსტში განიხილავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „უნდა გამოირიცხოს ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხე“.

12 აპრილის საკომიტეტო განხილვაზე საუბარი შეეხო ასევე „ფარული მიყურადების“ სადავო კანონთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ სააგენტო, რომელსაც ხელთ უპყრია მოსმენების გასაღები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ექვემდებარებოდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და რომ სწორედ ამაზე მიუთითებდა საკონსტიტუციო სასამართლო თავის შარშანდელ გადაწყვეტილებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG