Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართლებრივი ბრძოლა პუშკინის სკვერისა და თაბორის ქედისთვის


დაპირისპირება საკრებულოს შენობასთან, 10 ოქტომბერი
დაპირისპირება საკრებულოს შენობასთან, 10 ოქტომბერი

თბილისის საკრებულოს 10 ოქტომბრის სხდომის საჯაროობის შეზღუდვისა და საკრებულოს სხდომის დადგენილი წესის დარღვევით ჩატარების გამო, საკრებულოს ოპოზიციური პარტიები სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.

გადმოწერა

კერძოდ, სადავოა საკრებულოს მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის თბილისში პუშკინის სკვერის მიმდებარე და ოქროყანაში მდებარე ტერიტორიების გადაცემის კანონიერების საკითხი. ოპოზიციური პარტიები საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არალეგიტიმურად მიიჩნევენ და მისი გასაჩივრებისთვის ერთობლივად ამზადებენ სარჩელს, რომლითაც, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მიმართავენ სასამართლოს.

სამართლებრივი ბრძოლა საკრებულოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ

  • ოპოზიციური პარტიები საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არალეგიტიმურად მიიჩნევენ
  • გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაინტერესებულ მხარეს, კანონის შესაბამისად, 30-დღიანი ვადა აქვს
  • მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეულ ვნებათაღელვას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი

თვითმმართველობის კოდექსი, პარლამენტის რეგლამენტი, თბილისის საკრებულოს რეგლამენტი და ზოგადადმინისტრაციული კოდექსი - ესაა იმ საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი, რომლებიც, თბილისის საკრებულოს წევრის, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თანახმად, 10 ოქტომბრის სხდომის თვითნებური დახურვით დაარღვია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა. მას შემდეგ, რაც პუშკინის სკვერში მდებარე 1 900 კვადრატული მეტრის ფართობის მიწისა და თაბორის მთაზე მდებარე 4 500-მდე კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გადაწყვეტილებას ხელი მოეწერება, მას ოპოზიციური პარტიები სამართლებრივად დაუპირისპირდებიან. ერთობლივად ბრძოლის გამოცდილება კი, როგორც ხათუნა სამნიძე ამბობს, მათ უკვე აქვთ:

“შეგახსენებთ ნაზღაიძესთან დაკავშირებულ საკითხს, როდესაც მიწები გადაეცა, ჩვენ მაშინ ერთიანი ვიყავით ოპოზიცია და მაშინ ჩვენ ერთობლივი სარჩელით მივმართეთ სასამართლოს. ზუსტად ამგვარი სიტუაციაა ახლაც იმ თვალსაზრისით, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საკრებულომ, არის არალეგიტიმური, პროცედურების დარღვევით მოხდა დახურვა, არავითარი ლეგიტიმური უფლება ერთპიროვნულად ამის არ ჰქონდა ალიბეგაშვილს. მან დავალება შეასრულა და ზეპირსიტყვიერად, ყოველგვარი აქტის გარეშე, კოლეგიალურ ორგანოში განხილვის გარეშე - მე თავად ბიუროს წევრი ვარ და ბიუროზეც არ ყოფილა ამის განხილვა - მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, დახურა სხდომა“.

გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაინტერესებულ მხარეს, კანონის შესაბამისად, 30-დღიანი ვადა აქვს. საქმის მოგების იმედი, იმავე ნაზღაიძის საქმიდან გამომდინარე, საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებს ნაკლებად აქვთ, თუმცა ფიქრობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ პოლიტიკური ცვლილებებისთვის ამომრჩევლის გასააქტიურებლად ბრძოლას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. თავის მხრივ, 10 ოქტომბერს საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეულ ვნებათაღელვას სწორედ მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვრიკაშვილიც, რომელმაც 11 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ადამიანებს რადიკალური ოპოზიცია უწოდა და ისინი სიცრუეში დაადანაშაულა:

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

“ათასგვარი სიცრუე მოვისმინეთ გუშინ - დაწყებული იქიდან, რომ სხდომა დახურეს და ამ დროს პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა სხდომის ტრანსლაცია, დამთავრებული იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი დედაქალაქისთვის მონათლონ დანაშაულად. დასრულდა ის ხანა, როდესაც ისინი წარმატებულად ახერხებდნენ სიცრუით მოსახლეობის აზრის მართვას. სიცრუის და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ხანა ჩვენს ქვეყანაში დასრულდა 2012 წელს“.

თბილისის განვითარებისთვის გასხვისებული ტერიტორიების საშუალებით მიღებული მსხვილი ინვესტიციის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას და საკრებულოს 10 ოქტომბრის სხდომის დახურვის გადაწყვეტილებაში უკანონოს ვერაფერს ხედავენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თბილისის საკრებულოშიც. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ტყემალაძის, შეფასებით, გადაწყვეტილება ლოგიკური იყო და საკრებულომ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების სხდომაზე დაუშვებლობით თავიდან აიცილა მოსალოდნელი პროვოკაციები:

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოქალაქეებს და ასევე პარლამენტის წევრებს, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, რომ დასწრებოდნენ სხდომას, უკანონოდ შეეზღუდათ კანონმდებლობით გარანტირებული და მათთვის მინიჭებული უფლება...

“შეეძლოთ განეხორციელებინათ - მათ შორის, პარლამენტის წევრებს - ზეწოლა თვითმმართველობაზე და მოეხდინათ საკრებულოს საქმიანობის ხელის შეშლა“.

თუმცა საკრებულოს საქმიანობისთვის ხელის შეშლის თავიდან აცილების კანონიერ გზებს სხვაგვარად განმარტავენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სახალხო დამცველი. კერძოდ, სახალხო დამცველი მიიჩნევს,რომ წინმსწრებად, რაიმე სავარაუდო საფრთხის გამო, სხდომის ყველასთვის დახურვა დაუშვებელია, ხოლო თუ სხდომაზე რომელიმე დამსწრე პირი დაარღვევს კანონის მოთხოვნებს, მაშინ მის მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს კანონით გათვალისწინებული ზომები. ჰიპოთეტურ საფრთხეზე მითითებით ზოგადად საკრებულს სხდომის საჯაროობის შეზღუდვას გაუმართლებლად მიიჩნევს ასევე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, რომლის მიერ საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკრებულოს სხდომის დახურვა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ლეგიტიმურობას უკარგავს.

ელენე ნიჟარაძე
ელენე ნიჟარაძე

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოქალაქეებს და ასევე პარლამენტის წევრებს, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, რომ დასწრებოდნენ სხდომას, უკანონოდ შეეზღუდათ კანონმდებლობით გარანტირებული და მათთვის მინიჭებული უფლება, რაც წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ საკრებულოს მიერ გუშინდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ ჩაითვალოს და ეს იძლევა ასევე იმის საფუძველს, რომ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდეს სასამართლოში“, განაცხადა „სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტმა, ელენე ნიჟარაძემ, რომლის განმარტებითაც, საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომა დახურულად გამოაცხადოს მხოლოდ საკრებულოს გადაწყვეტილებით, სხდომის დახურვის საფუძველი კი ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს სახელმწიფო, კომერციული ან პერსონალური ხასიათის შემცველი ინფორმაციის განხილვა, რასაც 10 ოქტომბერს ადგილი არ ჰქონია.

10 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ, ოპოზიციური ფრაქციების დემარშისა და საკრებულოს შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის ფონზე, მხარი დაუჭირა „თაბორი რიზორტისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით 102 000 ლარად ოქროყანაში მდებარე 4 433 კვადრატული მეტრი მიწის ფართობისა და „თბილისი სითისთვის“ პუშკინის სკვერში სიმბოლურ ერთ ლარად 1 900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის გადაცემას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG