Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ითხოვენ


საოკუპაციო გამყოფი ზოლი
საოკუპაციო გამყოფი ზოლი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მოსახლეობა აღდგომის დღესასწაულის დღეებში სოფელში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას მოითხოვს. კირბალი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს და სოფლის სასაფლაოს ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. კირბალელები საფლავებზე გასვლას მაინც აპირებენ და პოლიციის პატრულირების გაძლიერებას მოითხოვენ. ადგილობრივი მცხოვრები ნინელი ნებიერიძე ამბობს, რომ სოფელი შიშით ცხოვრობს.

საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ითხოვენ

  • კირბალის სასაფლაოს ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.
  • კირბალელები პოლიციის პატრულირების გაძლიერებას მოითხოვენ.
  • გამყოფ ხაზზე მდებარე სოფლებში გორის მერის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან და ურჩევენ გამყოფი ხაზი არ გადაკვეთონ.

სოფლის მცხოვრებლები სასაფლაოზე 8 და 9 აპრილს გავლენ. გასულ წელს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია პატრულირებდა და მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, მაგრამ კირბალელები ამბობენ, რომ სასაფლაოს ოკუპირებულ ნაწილში გადაადგილება მაინც სახიფათოა.

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი კირბალელების მოთხოვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, გამყოფ ხაზზე მდებარე სოფლებში მერის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან და ურჩევენ გამყოფი ხაზი არ გადაკვეთონ. გარდა ამისა, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან აღდგომის დღეებში პოლიციაც იქნება მობილიზებული.

სოფელ კირბალს ოკუპირებული ღრომის ხეობა ესაზღვრება. სოფლის ტყის მასივის ნაწილი, სასაფლაო და სალოცავი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, სოფლის მცხოვრებლებს კი ყველაზე ხშირად სწორედ ამ ადგილებში აკავებენ და, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ცხინვალში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, გადაჰყავთ, რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ კი 2000-რუბლიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ ხოლმე.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს არც წლევენდელი აღდგომის დღესასწაულზე მიეცემათ ოჯახის წევრების, ნათესავებისა და წინაპრების საფლავებზე გასვლისა და გამყოფ ხაზს მიღმა დარჩენილი ეკლესია- მონასტრების მონახულების საშუალება. 9 წელია, საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს წელიწადში ერთხელ, უსაფრთხოების ზომების გარანტიით, დევნილების სალოცავებისა და საფლავებისკენ გადაადგილების უფლებას სთხოვს, მაგრამ რუსეთის მესაზღვრეები ყოველ ჯერზე უსაფრთხოების გარანტიის უქონლობას იმიზეზებენ.

ამდენი წლის განმავლობაში იმაზე, რომ ხალხმა საფლავები მოინახულოს პრობლემების გარეშე, დადებითი პასუხი ამ ფორმატში ჩვენ არ გვქონია.
ქეთევან ციხელაშვილი

წითლად შეღებილი კვერცხი ვერც წელს გაგორდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დიდი და პატარა ლიახვის, ასევე ფრონეს ხეობის სოფლების სასაფლაოებზე. ეს სოფლები ამჟამად მიწასთან არის გასწორებული. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ისიც არ იციან, რა მდგომარეობაშია მათი ნათესავების საფლავები. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ამ ჰუმანიტარული პრობლემის მოსაგვარებლად მეორე მხრისგან პოზიტიური პასუხი არ მიუღია.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამაზე არ არის პოზიტიური უკუგება და პასუხი, იმიტომ რომ ძალიან ჰუმანიტარული საკითხი გახლავთ. ამდენი წლის განმავლობაში იმაზე, რომ ხალხმა საფლავები მოინახულოს პრობლემების გარეშე, დადებითი პასუხი ამ ფორმატში ჩვენ არ გვქონია“.

ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირები აღდგომას კოტეჯებში დაიყენებენ და მიცვალებულებსაც სახლებიდან გაუსვლელად მოიგონებენ.

XS
SM
MD
LG