Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები - საპროცესო შეთანხმების წინააღმდეგ


ნიკოლოზ მჟავანაძე
ნიკოლოზ მჟავანაძე
არასამთავრობო ორგანიზაცია ”უფლებამდამცველთა გაერთიანება” აცხადებს, რომ საქართველოში საპროცესო შეთანხმებების უმრავლესობა ბრალდებულზე ძალადობის შედეგად ფორმდება, რომ 2003 წლიდან დღემდე საპროცესო შეთანხმებებით დასრულებული საქმეების დიდი ნაწილი გადასახედია. უფლებადამცველები საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გაუქმებასაც მოითხოვენ და მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, ეს საკითხი საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამებში შეიტანონ, მათ კი, ვის მიმართაც საპროცესო შეთანხმება სწორედ ძალადობრივი გზით გაფორმდა, რეაბილიტაციის საშუალება მიეცეთ.

მკვდარი სამართალი და სახელმწიფო რეკეტი, მაკლერებად ქცეული ადვოკატები და ნოტარიუსად ქცეული მოსამართლეები, პროკურატურა, როგორც რეპრესიული მანქანა, და საპროცესო შეთანხმების სისტემა - ბიუჯეტის შევსების წყარო - ასე ახასიათებს სისტემაში შექმნილ ვითარებას ”უფლებამდამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე. მისი შეფასებით, 2003 წლიდან დღემდე ათასობით საპროცესო შეთანხმება ადამიანებზე ზეწოლის შედეგად, იძულებით გაფორმდა. ”უფლებამდამცველთა გაერთიანება” პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნოდ კანონში ცვლილების ინიციატივით მიმართავს:

”ჩვენ მივმართავთ პოლიტიკურ პარტიებს თავიანთ საარჩევნო პროგრამებში შეიტანონ ეს საკითხი და შევიდეს კანონში ცვლილება, რომლის თანახმადაც მოხდება იმ პიროვნებების სრული რეაბილიტაცია, რომლებსაც ძალადობით გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმებები.”

ნიკოლოზ მჟავანაძე იმოწმებს ოფიციალურ სტატისტიკას და ამბობს, რომ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეების 80% სწორედ საპროცესო შეთანხმებით სრულდება. ეს ფორმა კი ადამიანს ხშირ შემთხვევაში საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცების უფლებას ართმევს. სასამართლოსადმი უნდობლობა ის მთავარი მიზეზია, რის გამოც ადამიანები დამნაშავეებად დარჩენას და თავისუფლებაში ფულის გადახდას არჩევენ, - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე. საყურადღებო სტატისტიკის ნაწილია საქართველოს სასამართლოებში გამამართლებელ განაჩენთა სიმცირეც. მაგალითად, 2003 წელს სასამართლომ გაამართლა 61 პირი, 2006 წელს - 37, 2009 წელს - 18, 2011-ში - 56, 2012-ში - 83.
ჩვენთან საპროცესო შეთანხმებას მიეცა მახინჯი ფორმა იმ თვალსაზრისით, რომ ყველა სახის დანაშაულზე შეიძლება მისი გამოყენება, პროკურატურა კი აბსოლუტური დისკრეციით სარგებლობს. ეს შეთანხმება არ არის, ეს არის იძულებით პირის დაყოლიება იმაზე, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას ან წავიდეს ციხეში ...
ლია მუხაშავრია

საპროცესო გარიგებების მკაფიოდ მაღალ პროცენტულ მაჩვენებლებზე არაერთი სხვა ადვოკატიც ამახვილებს ყურადღებას. ეს მონაცემი დევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებსაიტზე, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 2012 წლის ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოებში საპროცესო შეთანხმებით განხილული საქმეები 5088-ს შეადგენს. თუ ამ რიცხვს პროცენტებში გადავიყვანთ, ეს განხილული საქმეების 88% იქნება.

ადვოკატი ლია მუხაშავრიაც ფიქრობს, რომ საპროცესო გარიგების ის ფორმა, რომელიც საქართველოში დამკვიდრდა, კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა მისი, როგორც ინსტიტუტის, გაუქმების მომხრე არ არის. მუხაშავრია საჭიროდ მიიჩნევს, პირველ რიგში, კანონის გადასინჯვას და, შესაბამისად, პრაქტიკის შეცვლას:

”ჩვენთან საპროცესო შეთანხმებას მიეცა მახინჯი ფორმა იმ თვალსაზრისით, რომ ყველა სახის დანაშაულზე შეიძლება მისი გამოყენება, პროკურატურა კი აბსოლუტური დისკრეციით სარგებლობს. ეს შეთანხმება არ არის, ეს არის იძულებით პირის დაყოლიება იმაზე, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას ან წავიდეს ციხეში. სასამართლოსათვის კი საკმარისია მხოლოდ ის, რომ თითქოს ეს შეთანხმება დაიდო ნებაყოფლობით, რის დამადასტურებლადაც მთავარია მხარეს ადვოკატი ჰყავდეს, ამის იქით სასამართლო არაფერში ერევა, მაშინ როცა სასამართლოც უნდა ამოწმებდეს ძირეულად საქმეს და მასაც ჰქონდეს განსაზღვრული ჩარჩოები, რომლის იქითაც საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ შეიძლება.”

ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესაძლებელია მკვლელობასა თუ ყაჩაღობაში, მოკლედ, ძალადობრივ დანაშაულში ბრალდებულ პირებთან - კანონი ამ მხრივ შეზღუდვას არ აწესებს. ამ ფაქტორმა, ფიქრობს ლია მუხაშავრია, განუსაზღვრელი ძალაუფლება მიანიჭა პროკურატურას, რომელიც, სხვათა შორის, თავად ადგენს იმ თანხის ოდენობასაც, რომელიც კონკრეტულმა პირმა თავისუფლებისათვის სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს. ადვოკატებისათვის გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმით ადგენს ამ თანხის ოდენობას პროკურატურა. ამას ემატება ისიც, რომ სასამართლოს ამ ნაწილის განხილვაში მონაწილეობა კანონით არ ევალება. დასახვეწი კანონი და, შესაბამისად, არცთუ იდეალური პრაქტიკა ხშირად სავალალო შედეგებს იწვევს:

”როცა კანონმდებლობით არ არის რაღაც მკაფიოდ დარეგულირებული, ის პრაქტიკაშიც მახინჯი სახით მკვიდრდება. მე სულ მახსენდება ერთი გახმაურებული მკვლელობა, რომელიც რუსთაველზე არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა. ერთ წელში მკვლელი ციხიდან სწორედ საპროცესო შეთანხმებით გამოვიდა, ხოლო მოკლულის მამამ, რადგან ვერ მიაღწია სამართალს, გადაწყვიტა თავად გამხდარიყო ჯალათი და შვილის მკვლელი მოეკლა.”

თუმცა ლია მუხაშავრია არც იმ დადებით მხარეებს ივიწყებს, რაც საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს გააჩნია, თუ, ცხადია, ის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია.
როდესაც ინსტიტუციურ რეფორმებზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს ყველა უწყება, რომელიც სისხლის სამართლის პროცესის ცალკეულ სტადიებშია ჩართული, მათ შორის, პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო ...
ლევან იზორია

”ეკონომიურია პროცესი, სწრაფად წყდება, სახელმწიფოს ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე კონკრეტული დამნაშავის დასჯა. მაგრამ ეს კანონით უნდა იყოს განმტკიცებული. ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.”

ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაციის აუცილებლობაზე ხშირად ლაპარაკობს ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი წევრი, ლევან იზორია, რომლის აზრით, საპროცესო შეთანხმების საქართველოში დამკვიდრებული ფორმაც იმ სისტემის ნაწილია, რომელსაც მთლიანად შეცვლა სჭირდება, რაც, მისი სიტყვებით, მათი პოლიტიკური ძალის საარჩევნო პროგრამაშიც დევს:

”როდესაც ინსტიტუციურ რეფორმებზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს ყველა უწყება, რომელიც სისხლის სამართლის პროცესის ცალკეულ სტადიებშია ჩართული, მათ შორის, პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო. თუ მთელი სისტემა შეიცვლება, მაშინ ექნება საპროცესო შეთანხმებასაც სხვა ხასიათი, ანუ ხასიათი, არ იყოს ერთადერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესის ხელში, რომ დასაჯოს, ფული გამოსძალოს და ბიუჯეტი შეავსოს, რაც დღეს ხდება.”

როგორია ხელისუფლების აზრი საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადახედვის შესახებ და იზიარებს თუ არა არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების კრიტიკას მმართველი პარტია? - პასუხი ამ კითხვებზე რადიო თავისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობისგან“, დაპირებების მიუხედავად, მთელი დღის განმავლობაში ვერ მიიღო. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ ახლა საარჩევნო პერიოდია და მმართველი პარტია უფრო მნიშვნელოვანი საკითხებითაა დაკავებული. ესეც თავისებური პასუხია. ზოგადად ხომ ცნობილია: საქართველოს ხელისუფლება საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის შემოღებას ქვეყანაში ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად მიიჩნევს, რომელმაც მართლმსაჯულება უფრო სწრაფი, სისტემა კი ეფექტური გახადა.
საქართველოში მოქმედებს ზუსტად ისეთივე ფორმის და იმავე მექანიზმებით აღჭურვილი საპროცესო შეთანხმება, როგორიც სხვა ქვეყნებში. არ არსებობს საპროცესო შეთანხმება პროკურორის გარეშე ...
ოთარ კახიძე

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ოთარ კახიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმება დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ ეფექტურად გამოიყენება, ხოლო საქართველოს კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო კანონმდებლობასთან. საპროცესო შეთანხმების კრიტიკის ავტორებს ის ასე უპასუხებს:

“საქართველოში მოქმედებს ზუსტად ისეთივე ფორმის და იმავე მექანიზმებით აღჭურვილი საპროცესო შეთანხმება, როგორიც სხვა ქვეყნებში. არ არსებობს საპროცესო შეთანხმება პროკურორის გარეშე, ბრალდებულის თანხმობის გარეშე. საქართველოს შემთხვევაში, სავალდებულოა კონსულტაცია დაზარალებულთან, სანამ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება, ამ კონსულტაციის ოქმი კი თან ერთვის საქმეს, როცა ის სასამართლოში იგზავნება, შემდეგ კი მოსამართლე ამოწმებს, რამდენად კანონიერი და სამართლიანია ეს სასჯელი. პრაქტიკაში დაზარალებულის თანხმობის გარეშე საპროცესო შეთანხმებები არ ფორმდება. ძნელია უპასუხო კრიტიკას კონკრეტული საქმეების მითითების გარეშე, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს კანომდებლობაში დაზღვეულია ის რისკიც, რომელიც დაზარალებულების უფლებების დაცვას უკავშირდება; ასევე ის რისკიც, რომელიც ბრალდებულის უფლებების სავარაუდო დარღვევას უკავშირდება და, რაც მთავარია, მოქმედებს ძალიან ეფექტურად. დანაშაულების ნახევარზე მეტი სწორედ საპროცესო შეთანხმებების წყალობით იხსნება, როდესაც ბრალდებულები აწვდიან გამოძიებას ინფორმაციას, ხოლო სახელმწიფოს აქვს ლეგალური მექანიზმი ბრალდებულს შეღავათი შესთავაზოს. მოკლედ, ეს არის სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების ფორმა და, ისევე როგორც აშშ-ში და ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მაგალითად, ჩეხეთში, ძალიან ლოგიკურია, რომ ასეთი მექანიზმი არსებობს. არ შეიძლება გაიმართოს სრული სასამართლო განხილვები საქმეებზე, როდესაც მხარეები ყველაფერზე თანხმდებიან.“
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG