Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სატელეკომუნიკაციო ინდიკატორები უმჯობესდება


24 ნოემბერს თბილისში მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ინდიკატორების რიგით მე-12 სამდღიანი სიმპოზიუმი გაიხსნა. სიმპოზიუმი, რომელიც მთავარი საერთაშორისო ფორუმია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის თემაზე, ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს ორგანიზებით, ყოველ წელს იმართება. რა მდგომარეობაა საქართველოში ტელეკომუნიკაციების სფეროს განვითარების კუთხით და რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა?

საქართველოს საერთაშორისო რეიტინგი ტელეკომუნიკაციების სფეროს განვითარების კუთხით რამდენიმე პუნქტით გაუმჯობესდა - ამის შესახებ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის გენერალური მდივნის მოადგილემ ჰაოულინ ჟაომ მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ინდიკატორების მეთორმეტე სიმპოზიუმზე განაცხადა, რომელიც 24 ნოემბერს თბილისში გაიმართა. სიმპოზიუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება და წარმოადგენს მთავარ საერთაშორისო ფორუმს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის თემაზე. ჰაოულინ ჟაომ საქართველოს ტელეკომუნიკაციების სფეროში რეიტინგის გაუმჯობესება მიულოცა:

„მე ერთი საიდუმლო მინდა გავამჟღავნო - საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველო იმ ძალიან მცირე ქვეყნებს შორის მოექცა, რომლებმაც გასულ წელს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში არაჩვეულებრივ პროგრესს მიაღწია. მან რამდენიმე საფეხურით გაიუმჯობესა მდგომარეობა. გილოცავთ!”

წელს, ჩემი ინიციატივით, დამტკიცდა კონცეფცია - ფართო ზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს. ეს კონცეფცია ითვალისწინებს მთელ ქვეყანაში ღიად დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას...
ირაკლი ღარიბაშვილი

სიმპოზიუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. მსოფლიოს 94 ქვეყნის 250-მდე დელეგატს მან საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თაობაზე მოკლე ინფორმაცია მიაწოდა და შეეცადა ამ მხრივ საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებზეც გაემახვილებინა ყურადღება.

„მაღალგანვითარებული საინფორმაციო კომუნიკაციების სექტორი ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მძლავრი საშუალებაა“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროს სწრაფი ტემპით განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია:

„წელს, ჩემი ინიციატივით, დამტკიცდა კონცეფცია - ფართო ზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს. ეს კონცეფცია ითვალისწინებს მთელ ქვეყანაში ღიად დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას. ასეთი ინფრასტრუქტურის მეშვეობით მოხდება ყველა დასახლებული ტერიტორიის ჩართვა მაღალი გამტარობის თანამედროვე ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში. ახალმა ტექნოლოგიებმა, ინოვაციებმა, მაღალგანვითარებულმა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის შემდგომ განვითარებას და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვნად გაზრდას. სწორედ ამიტომაც, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან - უკვე აქტიურად ვმუშაობთ „ინოვაციური საქართველო 2020“-ის სტრატეგიაზე და პროექტებზე მის განსახორციელებლად, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაგეგმილია სამი ტექნოპარკის გახსნა. ერთი დამოუკიდებელი ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი იქნება. ორი პარკი კი ამუშავდება არსებული საგანმანათლებლო ინსტიტუტების ბაზაზე...
გიორგი კვირიკაშვილი

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ღარიბაშვილის მიერ ნახსენები სტრატეგია „ინოვაციური საქართველო 2020“, მთავრობის მტკიცებით, უნდა იყოს საკვანძო დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში ინოვაციური და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებას პრიორიტეტად აქცევს. ამ მხრივ, თბილისში მიმდინარე სიმპოზიუმზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი სიტყვებით, ქვეყანაში ამჟამად შექმნილია სფეროში ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემო და ტარდება სპეციალური ზომები მეწარმეობისა და კონკურენციის განსავითარებლად, მომსახურების არსებული სახეობების გასაუმჯობესებლად და ახალი მომსახურებების დასანერგად.

რამდენიმე თვის წინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნა სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო", რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტექნოლოგიური პარკების, ბიზნეს და ინოვაციური ცენტრების შექმნა და ფუნქციონირება. გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის სიმპოზიუმზე სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

„დაგეგმილია სამი ტექნოპარკის გახსნა. ერთი დამოუკიდებელი ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი იქნება. ორი პარკი კი ამუშავდება არსებული საგანმანათლებლო ინსტიტუტების ბაზაზე. ეს ცენტრები სპეციალური პროგრამებით მოემსახურება იმ ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ ინოვაციური იდეები, გააჩნიათ გამოგონებები და მოხდება ამ იდეების და გამოგონებების კომერციალიზაცია. სახელმწიფო სპეციალური პროგრამებით, მათ შორის, გრანტებით და შეღავათიანი სესხებით ხელს შეუწყობს ამ მიმართულების განვითარებას.

საქართველოში ინტერნეტსა და მის გარშემო მომსახურებას რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა პოზიტიურია და კარგად არის განვითარებული. ეს მეტწილად, ჩვენი, ქართველი სპეციალისტების დამსახურებაა...
ზვიად სულაბერიძე

ზვიად სულაბერიძე, თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველო ერთ-ერთი რეგიონალური ლიდერია ელექტრონული მმართველობის განვითარების კუთხით, თუმცა, ცხადია, ჯერჯერობით კვლავაც არის სამუშაო იმისათვის, რომ თუნდაც ინტერნეტის, ახალი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა მეტ-ნაკლებად თანაბარი გახდეს ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, ზვიად სულაბერიძე მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია აკადემიური განათლების ხელშეწყობაც:

„საქართველოში ინტერნეტსა და მის გარშემო მომსახურებას რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა პოზიტიურია და კარგად არის განვითარებული. ეს მეტწილად, ჩვენი, ქართველი სპეციალისტების დამსახურებაა. ძირითადად ეს სპეციალისტები თვითნასწავლი ადამიანები არიან. როგორც ჩანს, ჩვენ ჭკვიანები ვართ და ჩვენ თვითონ შეგვიძლია განათლების მიღება. თუმცა, რა თქმა უნდა, ფორმალური განათლება მნიშვნელოვანია. თუ გინდა, რომ გაზარდო კარგი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, მას კარგი აკადემიური განათლება უნდა მისცე. ამას სჭირდება კარგი სასწავლო დაწესებულება, რომელიც ამას გააკეთებს“, - მიაჩნია ზვიად სულაბერიძეს.

რაც შეეხება ინტერნეტმომხმარებელთა სტატისტიკას საქართველოში, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) გამოთვლებით, ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობის 45%-სთვის არის ხელმისაწვდომი. დღესდღეობით ინტერნეტის გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა საქართველოს რეგიონებისთვის. ამ მხრივ, 24 ნოემბერს გამართულ სიმპოზიუმზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობა ყველანაირად შეუწყობს ხელს ინვესტორებს ინტერნეტინფრასტრუქტურის შექმნის პროცესში და უზრუნველყოფს მათთვის ხელსაყრელ პირობებს.

XS
SM
MD
LG