Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის „კი“ თუ „არა“ უვიზო მიმოსვლაზე საქართველოსთვის


8 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER II) კვლავ ვერ შეთანხმდა სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე საქართველოსთვის და საგრძნობლად შემცირდა შანსი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ზაფხულში მიიღონ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება. მართალია, ამ საკითხზე ევროკავშირის საბჭოში 10 ივნისს ევროპელი მინისტრებიც იმსჯელებენ, მაგრამ პარასკევის შეხვედრას არცთუ დიდი იმედები უკავშირდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ანალიტიკოსები შეგვახსენებენ, რომ პროცესის რამდენიმე თვით გახანგრძლივება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უარის თქმას.

8 ივნისს, თბილისის დროით 13:00 საათისთვის, სატელეფონო საუბრისას, რადიო თავისუფლების ბრიუსელელმა კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკმა შეგვატყობინა, თავისი წყაროების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა და რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებას ამ ეტაპზე 3 ძლიერი ქვეყანა - კერძოდ, გერმანია, საფრანგეთი და იტალია - ეწინააღმდეგება. მიზეზად სახელდება თავის დაზღვევის აუცილებლობა უვიზო მიმოსვლის „სწრაფი შეჩერების მექანიზმის“ დანერგვისა და ამოქმედების გზით, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ითქვა ასევე, რომ გერმანია უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოდან მიგრირებულ კრიმინალურ დაჯგუფებათა ქმედებებით. რიკარდ იოზვიაკი თითქმის დარწმუნებულია, რომ შედეგს ვერც 10 ივნისს დაგეგმილი მინისტრების შეხვედრა მოიტანს და საქართველოს მოქალაქეების მოლოდინი გახანგრძლივდება:

„ეს ნიშნავს, რომ პროცესი გარკვეული დროით გახანგრძლივდება და, ჩემი აზრით, თითქმის ნულს უტოლდება საქართველოს მოლოდინი, რომ უვიზო მიმოსვლის უფლებას უკვე ზაფხულში მიიღებდა. ჩანს, რომ პროცესი, სულ ცოტა, შემოდგომამდე გაგრძელდება და, ვფიქრობ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასრულდება“.

არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით, დიდი ალბათობით, გადაწყვეტილება დარჩება ისე, როგორიც არის ახლა და ნაკლები შანსია იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს მინისტრთა საბჭოს ფორმატში...
ვანო ჩხიკვაძე

ოთხშაბათს გამართული შეხვედრა უკვე მესამე უშედეგო შეხვედრა იყო და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩთა კომიტეტიდან (COREPER II) სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი განსახილველად მინისტრების ხელში გადავიდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები 10 ივნისს, პარასკევს, ლუქსემბურგში შეხვდებიან ერთმანეთს და თეორიულად ნამდვილად არის შესაძლებლობა, რომ მათ დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ, პრაქტიკულად, ამ ეტაპზე საიმედო დასკვნების გამოტანა ძალიან ჭირს.

ამ სიტუაციაში ანალიტიკოსები კვლავაც იმეორებენ, რომ მოლოდინის რამდენიმე თვით გახანგრძლივება, ცხადია, ევროკავშირის საბოლოო უარს არ ნიშნავს, რადგან ევროსტრუქტურებში მუშაობა არ ჩერდება და სტრასბურგიდან თუ ბრიუსელიდან ამ პროცესის მხარდამჭერი მესიჯები გვესმის. ასე იყო 8 ივნისსაც ბრიუსელში პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე - საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის მხარდამჭერი განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გააკეთა:

„გასული წლის დეკემბერში ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა საჭირო მოთხოვნა საბოლოო დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, რაც, მჯერა, მალე მოიტანს დადებით შედეგს. განიხილება ევროკომისიის წინადადება, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭოთ უვიზო მიმოსვლის უფლება შენგენის ზონის ქვეყნებში – ამჟამად განიხილება ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში“.

იმას, რომ 10 ივნისს ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, ანალიტიკოსების აზრით, უკვე ძალიან მცირე იმედი უკავშირდება, განსაკუთრებით, ელჩების კომიტეტის (COREPER II) ბოლო უშედეგო შეხვედრის შემდეგ. ასე ფიქრობს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძეც:

„რეალურ ცხოვრებაში ელჩები გამოხატავენ იმ პოზიციას, რომელიც შეესაბამება თავიანთი დედაქალაქებიდან მიღებულ ინსტრუქტაჟს. გარკვეულწილად ეს ინსტრუქტაჟი, რასაც ისინი იღებენ თავიანთი საგარეო საქმეთა სამინისტროებიდან, ყალიბდება შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებთან შეთანხმების საფუძველზე. არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით, დიდი ალბათობით, გადაწყვეტილება დარჩება ისე, როგორიც არის ახლა და ნაკლები შანსია იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს მინისტრთა საბჭოს ფორმატში“.

შეკითხვა არ არის – იქნება თუ არა? შეკითხვაა – როდის იქნება? – აზუსტებს ჩვენთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძე და იდეალურ ვარიანტად განიხილავს ვარიანტს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა დადებითი გადაწყვეტილება გარკვეული დათქმებით (ანუ, ერთგვარად, გვიან ამოქმედების პირობით) მიიღონ და ასე გადაუგზავნონ განსახილველად ევროპარლამენტს.

კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს კახა გოგოლაშვილს არ უკვირს ცხოველი ინტერესი, რომელსაც საზოგადოება იჩენს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მიმართ, რადგანაც ეს მათ სრულიად ახალ, აუცილებელ და სასარგებლო შესაძლებლობებს მისცემს. მაგრამ, ამ მძაფრი ინტერესის გათვალისწინებით, ექსპერტს ისიც იოლად წარმოუდგენია, თუ როგორ ძალიან გაწბილდება საზოგადოების ჯანსაღად მომლოდინე ნაწილი სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის გახანგრძლივების შემთხვევაში. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, კახა გოგოლაშვილი განსაკუთრებულ აქცენტს ოქტომბრის არჩევნებზე აკეთებს და თვლის, რომ თუკი ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლების მიღება არჩევნებამდე ვერ მოხერხდა, პრორუსულ ძალებს მეტი შანსი და საზოგადოებაზე მეტი ზეგავლენის შესაძლებლობა მიეცემათ.

სამოქალაქო საზოგადოება ამ ეტაპზე კვლავაც ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებად მიიჩნევს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოადუნოს ყურადღება და გააძლიეროს ყოველდღიური მუშაობა სავიზო ლიბერალიზაციის მიმართულებით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG