Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შრომის უსაფრთხოების“ კანონი და შრომის ინსპექციის მომავალი - ვინ დაიცავს დასაქმებულთა უფლებებს


კონფერენცია შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების საკითხებზე
კონფერენცია შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების საკითხებზე

25 მაისს თბილისში, სასტუმრო “რედისონში”, შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების საკითხებზე მსჯელობდნენ - ექნება თუ არა საქართველოს ეფექტიანი შრომის ინსპექცია, როდის იქნება დაცული დასაქმებულთა უფლებები, იმუშავებს თუ არა ახალი კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და შედგება თუ არა პოლიტიკური კონსენსუსი ამ საკითხებზე. კონფერენციაში, რომელიც სახალხო დამცველის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის, პროფკავშირის წარმომადგენლები, დამსაქმებელთა ასოციაცია.

25 მაისის მთავრობის სხდომაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი და განაცხადა, რომ ეს კანონი პირველ ეტაპზე მაღალი რისკისა და განსაკუთრებით მავნე გარემო პირობების მქონე საწარმოებზე გავრცელდება. ამავე კანონით განისაზღვრა გრაფიკი გეგმური და არაგეგმური შემოწმებებისა, რომელსაც შრომის ინსპექცია განახორციელებს, შრომის ინსპექციას კი შეეძლება საწარმოში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდეს. კანონი 2018 წელს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ პარლამენტში წარდგენის დრო დაჩქარდა და ის საკანონმდებლო ორგანოს 2017 წელს გადაეცემა. 25 მაისს, მთავრობის სხდომის პარალელურად, სწორედ შრომის ინსპექციის მომავალი იყო მთავარი თემა კონფერენციისა, სადაც ბოლო ხანების განმავლობაში პირველად შეიკრიბა ამ საკითხით დაინტერესებული თითქმის ყველა მხარე.

ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ინსპექცია არ იყოს ასეთი უფუნქციო და ისეთი, როგორიც იყო 2006 წლამდე; მის მართვაში, ადმინისტრირებაში ჩართული იყოს პროფკავშირები და დამსაქმებლები...
ირაკლი პეტრიაშვილი

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ იწყებს სპეციალურ კამპანიას შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების საკითხზე და რომ ეს საკითხი სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება. „სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს ქვეყანაში შრომის პირობების უსაფრთხოების თვალსაზრისით დღეს არსებული მძიმე ვითარება და შეიქმნას რეალური შრომის ინსპექცია, რომელსაც ყველა საწარმოში გაუფრთხილებლად ინსპექტირების უფლება ექნება“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას:

„ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ყოველწლიურად ათეულობით ადამიანი იღუპება და სახიჩრდება სამუშაო ადგილზე. ყველა გადადებული დღე არის საგანგაშო და ამძიმებს ვითარებას. რაც უფრო მეტ ხანს არ გვექნება შრომის ინსპექცია, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ადამიანი შეიძლება გახდეს მსხვერპლი სამუშაო ადგილზე“.

„შრომის უსაფრთხოების“ კანონი და შრომის ინსპექციის მომავალი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:55 0:00

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის, თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს მინიმალური უფლებები აქვს. შედეგს ვერ მივიღებთ, აცხადებს პეტრიაშვილი, თუ არ იარსებებს შრომის კანონმდებლობაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტი:

„ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ინსპექცია არ იყოს ასეთი უფუნქციო და ისეთი, როგორიც იყო 2006 წლამდე; მის მართვაში, ადმინისტრირებაში ჩართული იყოს პროფკავშირები და დამსაქმებლები. სამმხრივი კონტროლი და ძირითადი მონაწილე მხარეების ჩართვა ამ პროცესში გამოიწვევს მის ეფექტიანობას და მინიმუმამდე დავა ტრაგედიების რიცხვი“.

„დღეს არსებული სისტემა არ არის ეფექტიანი და ვერ პასუხობს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს“ - ეს სიტყვები კი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელს, ლინა ღვინიანიძეს, ეკუთვნის. როგორც არაერთხელ აქამდე, ლინა ღვინიანიძემ ამ კონფერენციაზეც შენიშნა, რომ სახელმწიფოს ამ საკითხში აქვს სუსტი პოლიტიკური ნება, რაც არის კიდეც მთავარი მიზეზი იმისა, რომ დასაქმების ადგილებზე ადამიანები ტრაგიკულად იღუპებიან:

ლინა ღვინიანიძე
ლინა ღვინიანიძე

„მთავარი შიში, რაც შრომის ინსპექციას უკავშირდება და რითიც ხდება მისი დემონიზება, ის არის, რომ ეს არის რეპრესიული მექანიზმი. ეს ასე არ არის. მართალია, მას აქვს რეპრესიული ბუნება, თუმცა ეს არის რესურსი, რომელსაც ის იყენებს მხოლოდ ბოლო შემთხვევაში, უკიდურეს შემთხვევაში, მანამდე კი მთელი მისი საქმიანობა მიმართულია პრევენციაზე“.

არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციაა, გაფართოვდეს შრომის ინსპექციის მანდატი და, რაც მთავარია, შრომის ინსპექციას მიეცეს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია, რომელიც შრომის პირობებსა და შრომის უსაფრთხოებაზე საუბრისას, როგორც წესი, ერთ-ერთი მთავარი მოპასუხეა ხოლმე, აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებობს ამ საკითხის მოგვარების პოლიტიკური ნება. ჯგერენაია იმედს გამოთქვამს, რომ ახალი კანონი ამ გზაზე პირველი ნაბიჯი იქნება.

ვინ უნდა აკონტროლებდეს დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებას?
please wait

No media source currently available

0:00 0:01:55 0:00

ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის პირველ მოადგილე რატი ობოლაძეს მიაჩნია, რომ ეკონომიკის სამინისტროს საკმაოდ მაღალი სანქციები აქვს დაწესებული, თუმცა მხოლოდ სანქცია არ არის გამოსავალი. მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა აიძულოს დამსაქმებელი ისე დახვეწოს საწარმოში შიდა მმართველობითი სისტემა, რომ იქ მომუშავე ადამიანებმა ნაკლები შეცდომა დაუშვან.

კონფერენციას 25 მაისს ესწრებოდა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ ძალიან მალე მას შემდეგ, რაც მთავრობა დაამტკიცებს შრომის უსაფრთხოებასა და შრომის ინსპექციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, ის განსახილველად პარლამენტშიც შევა და, მისი თქმით, სწორედ ამით დაიწყება პრობლემის მოგვარება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG