Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შშმ პირები „სოციალურ მოდელს“ საჭიროებენ


14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღე აღინიშნება და ქვეყანა ამ დღეს კვლავაც მრავალი გამოწვევით ხვდება. შშმ პირთა ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული პრობლემები მათ ხშირად იძულებულს ხდის შეცვალონ გეგმები და უარი თქვან ამა თუ იმ სასურველ ქმედებაზე. როგორც თავად შშმ პირების, ასევე მათი უფლებადამცველების შეფასებით, ძირითად პრობლემაა სახელმწიფოს მიერ „სოციალური მოდელის“ დანერგვის გაჭიანურება, რაც, თავის მხრივ, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომების დანერგვას უშლის ხელს. შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ამ პრობლემას სახალხო დამცველიც გამოეხმაურა.

შშმ პირები „სოციალურ მოდელს“ საჭიროებენ
please wait

No media source currently available

0:00 0:06:05 0:00
გადმოწერა

სახალხო დამცველის შეფასებით, გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, „სახელმწიფო კვლავაც ვერ ახერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ რეალიზებას და მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.“ 14 ივნისს გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში ყურადღება მახვილდება არსებულ გამოწვევებზე როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე აღსრულების მიმართულებით:

„მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტთან, საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი სერვისებითა და პროგრამებით უზრუნველყოფა, გარემოს, ინფორმაციის, განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ეფექტური მონაწილეობის მხარდაჭერა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაუყოვნებელ მოგვარებას საჭიროებს“.

საქართველოში შშმ პირებთან მიმართებით პრობლემების სათავედ სახალხო დამცველი მიიჩნევს „სოციალური მოდელის“ დანერგვის პროცესის შეფერხებასა და საჭირო სტატისტიკის არარსებობას. და ეს მაშინ, როცა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის რატიფიცირებისა და ძალაში შესვლიდან 3 წელიწადზე მეტი გავიდა.

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

„სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება კვლავ ინდივიდის სამედიცინო დიაგნოზს ეფუძნება. ამასთან, არ ხდება ამ პირთა შესახებ სტატისტიკის წარმოება და ანალიზი, რაც უზრუნველყოფდა კონვენციის ეფექტური იმპლემენტაციისთვის აუცილებელი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე, პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისას საჭიროებებზე დაფუძნებული მიდგომების დამკვიდრებას“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

„სოციალური მოდელი არის ის, რასაც ჩვენ უკვე წლებია ვითხოვთ და ასევე წლებია ვისმენთ ხელისუფლების დაპირებას, რომ ეს მოდელი აუცილებლად დამკვიდრდება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კობა ნადირაძე, დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, თავადაც შშმ პირი, რომელსაც პერიოდულად უწევს ეტლით სარგებლობაც. მისი თქმით, „სოციალური მოდელის“ დანერგვა შესაძლებელს გახდიდა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო სერვისების დანერგვასა და პროგრამების განხორციელებას. სახელმწიფოს ეცოდინებოდა, მაგალითად, ზუსტად რამდენი ეტლით მოსარგებლე ჰყავს და რა სახის დისბალანსს ქმნის კონკრეტული შშმ პირის ფიზიკური მდგომარეობა გარემოსთან ურთიერთობაში და სად არის საჭირო ჩარევა.

სახელმწიფოს ერთიანი მიდგომის არარსებობით გამოწვეული პრობლემები, მაგალითად, კობა ნადირაძის შემთხვევაში, არა მხოლოდ ყოველდღიურობას უკავშირდება, - რომ, ვთქვათ, ქუჩაში მოძრაობისა და ტრანსპორტით მგზავრობის სირთულეების გამო, მას ხშირად სასურველ ქმედებებზე იძულებით უარის თქმაც უწევს, - არამედ პრობლემურია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაც. 2013 წელს, როცა მოსარჩელის რანგში მყოფმა კობა ნადირაძემ ვერ შეძლო დასწრებოდა სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოს არაადაპტირებული შენობის მეექვსე სართულზე, ამ შემთხვევას გამოეხმაურა ომბუდსმენი და, შედეგად, საერთო სასამართლოებმა დანერგეს წესი, რომ შშმ პირთა მონაწილეობით მიმდინარე პროცესები გაიმართოს შენობის პირველ სართულზე და, საჭიროების შემთხვევაში, მათ მანდატურები დაეხმარებიან. თუმცა ასეთ მიდგომას კობა ნადირაძე არასაკმარის და არამართებულ მიდგომად მიიჩნევს:

„ძირშივე არ არის სწორი, აბსოლუტურად არ არის სწორი მიდგომა და არღვევს პირის უფლებებს... წარმოიდგინეთ, თუ სანიტარიული კვანძებით სარგებლობა დასჭირდა პირს, შეუძლებელია, რომ ამ შემთხვევაში მანდატურს სთხოვო დახმარება ... ასევე, კარგი, ერთია, რომ მე მივდივარ სასამართლოში, როგორც პროცესში ჩართული ერთ-ერთი მხარე, და მეორეა, რომ შეიძლება მე ვარ ბუღალტერი, რომელსაც უნდა, რომ სასამართლოში დაიწყოს მუშაობა, მაშინ რა უნდა გავაკეთო?! პირველ სართულზე მომიწყობენ სამუშაო ადგილს?! ანდა ვარ ადვოკატი. შშმ ადვოკატმა რა უნდა ქნას?! წარმოგიდგენიათ, ეს არც კი დაუშვა სასამართლომ, რომ ასეთი შემთხვევებიც შეიძლება ყოფილიყო...“

14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა გაეროს ბავშვთა ფონდმა, რომელიც ასევე მოუწოდებს სახელმწიფოს დაჩქარდეს „სოციალურ მოდელზე გადასვლა შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის სისტემაში“.

ფონდში მიიჩნევენ, რომ „შეზღუდულ შესაძლებლობას საზოგადოების მოწყობის ტიპი უფრო განაპირობებს, ვიდრე პიროვნების შეზღუდული უნარები ან განსხვავებულობა“, ხოლო „სოციალური მოდელი ცდილობს გადალახოს ის ბარიერები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს უზღუდავენ არჩევანს“ და თუკი ეს ბარიერები მოისპობა, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეძლებენ დამოუკიდებელ და თანასწორ ცხოვრებას საზოგადოებაში, სადაც ექნებათ არჩევანის გაკეთებისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის საშუალება“.

სამედიცინო მოდელი, რომელიც დღეს გვაქვს, მხოლოდ და მხოლოდ დიაგნოზების მიხედვით განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის სიმძიმეს - რომ, დავუშვათ, ადამიანს აქვს მკვეთრად გამოხატული, მნიშვნელოვნად გამოხატული თუ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა - და ამიტომ არის ეს ზედაპირული...
მაგული შაღაშვილი

როგორც შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტი მაგული შაღაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, აუცილებელია „სოციალურ მოდელზე“ გადასვლა:

„სამედიცინო მოდელი, რომელიც დღეს გვაქვს, მხოლოდ და მხოლოდ დიაგნოზების მიხედვით განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის სიმძიმეს - რომ, დავუშვათ, ადამიანს აქვს მკვეთრად გამოხატული, მნიშვნელოვნად გამოხატული თუ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა - და ამიტომ არის ეს ზედაპირული... ხოლო სოციალური მოდელი მოგვცემს საშუალებას, წარმოჩენილ იქნეს ის საჭიროებები, რომლებიც აქვს ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში - ეს იქნება, დავუშვათ, საკუთარი თავის მოვლა, კომუნიკაცია, სოციალური ადაპტაციისთვის საჭირო უნარები და ასე შემდეგ. ანუ შეფასების სისტემამ უნდა დაგვანახვოს საჭიროებების მთელი რუკა და სახელმწიფომაც შესაბამისად უნდა იმოქმედოს“.

სახელმწიფო სტრუქტურებს სოციალური მოდელის პერსპექტივებთან დაკავშირებით 14 ივნისს კომენტარი აღარ გაუკეთებიათ, თუმცა, როგორც გაეროს ბავშვთა ფონდში უთხრეს რადიო თავისუფლებას, საერთაშორისო კონსულტანტის ჩართულობით უკვე დაწყებულია შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავების ტექნიკური პროცესი. ოღონდ, ეს პროცესი ჯერჯერობით მხოლოდ შშმ ბავშვებს შეეხებათ და ახალი მეთოდოლოგიის პილოტირება 2017 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შშმ პირთა ყოველდღიური ცხოვრების პრობლემური მხარეა და რომელიც სახალხო დამცველის განცხადებაშიც არის ხაზგასმული, დისკრიმინაციას უკავშირდება. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდის სამწუხარო ტენდენციაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში.

განცხადებაში ვკითხულობთ: „სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის/დისკრიმინაციის ხელშეწყობის არაერთი ფაქტი დაადგინა. აღნიშნული ცხადყოფს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში ექვემდებარებიან გაუმართლებელ, განსხვავებულ მოპყრობას, რაც, უმეტეს შემთხვევაში, მათ ღირსებას ლახავს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG