Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობას ქლორის გამოყენებით თავდასხმაში ადანაშაულებენ


სირიიდან გავრცელებული ცნობებით, ათობით ადამიანს დასჭირდა მკურნალობა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოში, სავარაუდოდ, ქლორის გამოყენებით მოწყობილი იერიშის შედეგად. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" ცნობით, 70-მდე ადამიანს შეექმნა მძიმე პრობლემები სუნთქვისას მას შემდეგ, რაც 6 სექტემბერს ალეპოს რაიონში, რომელსაც ოპოზიციონერები აკონტროლებენ, მოეწყო საჰაერო იერიში ე.წ. კასრის ბომბებით. დაღუპულების შესახებ არაფერს იუწყებიან. მოხალისეების გაერთიანება „სირიის სამოქალაქო თავდაცვა“, რომელიც მეამბოხეების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიებზე მუშაობს დაზარალებულების დასახმარებლად, აცხადებს, რომ მთავრობის ვერტმფრენებმა ჩამოაგდეს კასრის ბომბები, რომლებიც ქლორის გაზსაც შეიცავდა. "სამოქალაქო თავდაცვამ" სოციალური ქსელით გაავრცელა ვიდეო, როგორ იყენებენ ბავშვები ჟანგბადის ნიღბებს სუნთქვის გასაადვილებლად. "სირიის სამოქალაქო თავდაცვა" მთავრობას ადანაშაულებს გასულ თვეშიც ქლორის ორჯერ გამოყენებაში. თუმცა, დამასკი უარყოფს ყველა ბრალდებას ხუთწლიანი სამოქალაქო ომის დროს ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.

XS
SM
MD
LG