Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლისღვრა ბერლინში საშობაო ბაზრობაზე


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეჭვი არ არის, რომ ბერლინში თავდასხმა მოეწყო, როცა საშობაო ბაზრობაზე ხალხში შეიჭრა სატვირთო ავტომანქანა, დაიღუპა 12 და დაიჭრა 50-მდე ადამიანი. ამავე დროს, მომხდარს მრავალი შეკითხვა უკავშირდება, მათ შორის ბოროტმოქმედის ვინაობასთან დაკავშირებული შეკითხვა. ბერლინის პოლიციის უფროსის განცხადებით, ჯერ არ გარკვეულა, მართლაც არის თუ არა ბერლინში დაკავებული მამაკაცი ის ადამიანი, რომელიც საშობაო ბაზრობაზე ხალხში შეჭრილი სატვირთო ავტომანქანის საჭესთან იჯდა.

გადმოწერა

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, სავარაუდოდ, ტერაქტი იყო ბერლინში 19 დეკემბერს მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი.

საშობაო ბაზრობის შესასვლელში ვიდექი და უცებ დიდი ხმაური მომესმა. იმ მომენტში რაღაცამ წამაქცია, ჯიხური ჩამოინგრა და ძირს დავეცი, იმ ჯიხურმა წამაქცია. მერე მარტო ის დავინახე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იწვა ძირს, აღარ მოძრაობდა...
თვითმხილველი

„მომხდარის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით დანამდვილებით, მაგრამ ამჟამინდელი მონაცემების საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე ტერაქტს ეხება. ვიცი, რომ ჩვენთვის, ყველასთვის, განსაკუთრებით მძიმე ასატანი იქნებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ბოროტმოქმედება ჩაიდინა ადამიანმა, რომელმაც გერმანიაში დაცვა და თავშესაფარი ითხოვა. ეს განსაკუთრებით საზიზღარი დანაშაული იქნებოდა იმ ბევრი, ძალიან ბევრი გერმანელის მიმართ, რომელიც აქტიურად ეხმარება ლტოლვილებს და იმ ბევრი ადამიანის მიმართ, ვისაც მართლაც სჭირდება ჩვენგან მფარველობა და ვინც ჩვენს ქვეყანაში ინტეგრაციას ცდილობს“, - განაცხადა მერკელმა ბერლინში გამართულ ბრიფინგზე. ასევე 20 დეკემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დემეზიემ აღნიშნა: უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ ბერლინში მომხდარი საზარელი ინციდენტი თავდასხმა იყოო.

19 დეკემბრის საღამოს ცენტრალურ ბერლინში, ბრაიტშაიდპლაცზე, მომხდარ სავარაუდო ტერაქტს ასე აღწერს ერთ-ერთი თვითმხილველი:

„საშობაო ბაზრობის შესასვლელში ვიდექი და უცებ დიდი ხმაური მომესმა. იმ მომენტში რაღაცამ წამაქცია, ჯიხური ჩამოინგრა და ძირს დავეცი, იმ ჯიხურმა წამაქცია. მერე მარტო ის დავინახე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იწვა ძირს, აღარ მოძრაობდა“.

მომხდარის შემდეგ მალევე პოლიციამ ბაზრობის ტერიტორიასთან ახლოს ეჭვმიტანილი დააკავა, მაგრამ 20 დეკემბერს, ნაშუადღევს, ბერლინის პოლიციის უფროსმა კლაუს კანდტმა განაცხადა, ჯერ არ გარკვეულა, მართლაც არის თუ არა ბერლინში დაკავებული მამაკაცი ის ადამიანი, რომელიც 19 დეკემბრის საღამოს საშობაო ბაზრობაზე ხალხში შეჭრილი სატვირთო ავტომანქანის საჭესთან იჯდაო.

„მიმდინარეობს გამოძიება. არსებობს სხვადასხვა შესაძლებლობა სამხილების შესამოწმებლად, დნმ-ის სინჯის შედარება სატვირთო მანქანაში ნაპოვნ სინჯებთან (...) ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მაგრამ, რამდენადაც ვიცი, არ არის გარკვეული, მართლაც იყო თუ არა ეს პირი მძღოლი. შემოწმება ჯერ არ დასრულებულა, ჯერ ვერ დავადასტურებთ, რომ ეს პირი მძღოლად უნდა მივიჩნიოთ“, განაცხადა 20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბერლინის პოლიციის უფროსმა.

არ გვინდა ვიცხოვროთ ისე, რომ ბოროტების შიშით ვიყოთ პარალიზებული - მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეს გვიჭირს. ძალას მოვიკრებთ ისე ცხოვრებისათვის, როგორც გერმანიაში გვსურს: თავისუფლად, ერთად და ღიად...
ანგელა მერკელი

პოლიციას არ გაუმხელია ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ დაკავებული პირის ვინაობა, მაგრამ მედია, პოლიციაში თავისი წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ დაკავებულია 23 წლის პაკისტანელი, რომელიც ბერლინში ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობდა. საინფორმაციო სააგენტო „დე-პე-ა“-ს ცნობით, ეჭვმიტანილი ბოლო წელს ჩავიდა გერმანიაში. ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული პირი უარყოფს თავდასხმასთან კავშირს.

ანგელა მერკელის ოპონენტები, უკვე წელიწადზე მეტია, მას მკაცრად აკრიტიკებენ 2015 წლის შემოდგომაზე მიღებული გადაწყვეტილებისათვის, ჰუმანიტარული მოსაზრებით, გერმანიაში შეშვებაზე უარი არ ეთქვა ასიათასობით მიგრანტისათვის, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირის სამხრეთ საზღვრებთან. ბერლინში საშობაო ბაზრობაზე მოწყობილი სისხლისმღვრელი თავდასხმის მომდევნო დღეს მერკელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა გერმანიის მოსახლეობას დემოკრატიული ღირებულებების გარშემო გაერთიანებისაკენ:

„არ გვინდა ვიცხოვროთ ისე, რომ ბოროტების შიშით ვიყოთ პარალიზებული - მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეს გვიჭირს. ძალას მოვიკრებთ ისე ცხოვრებისათვის, როგორც გერმანიაში გვსურს: თავისუფლად, ერთად და ღიად“.

XS
SM
MD
LG