Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თვალსაზრისი“ მოლოდინის რეჟიმში


„ყველაზე გახსნილი და თავისუფალი შეხვედრა“ – ასეთი შეფასება მისცეს ქართულ–ოსური სამოქალაქო დიალოგის წარმომადგენლებმა სტამბოლში გამართულ ბოლო შეხვედრას. საზოგადოებრივი დიალოგის სერიას „თვალსაზრისი“ ჰქვია და ის, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2008 წლის დეკემბრიდან იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ კონფლიქტოლოგები, ჟურნალისტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტამბოლში მე-12 შეხვედრა გაიმართა. დიალოგის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ შეხვედრიდან შეხვედრამდე ნდობის აღდგენა ხდება. ოსური დელეგაციის წარმომადგენლების თქმით კი, საქართველოში ახალი პოლიტიკური სინამდვილე მათ იმედს აძლევთ, რომ პრობლემების მოგვარება რეალურად დაიწყება. ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ლიდერი ლირა კოზაევა აცხადებს, რომ აქამდე პრობლემების გამოკვეთაც კი გაუბედავად ხდებოდა, რადგან იმედი არავის ჰქონდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს ვინმე ყურადღებას დაუთმობდა, ახლა კი სხვა რეალობაა და პირველი ნაბიჯებია გადასადგმელი.

„ჩვენი გახსნილობა, მეტი თავისუფლება და იმედი, ალბათ, ქვეცნობიერადაა გამოწვეული იმ პროცესებით, რომლებიც საქართველოში განვითარდა. ადრე თუ იმიტომ არ ვსაუბრობდით, რომ ვიცოდით, რეალურად არაფერი გამოვიდოდა, დღეს უკვე იმედი გაგვიჩნდა და ამან გამოიწვია გულახდილობა და ერთმანეთის მიმართ ნდობა. სწორედ ამ იმედმა გახადა ჩვენი შეხვედრა ასე საინტერესო“, – ამბობს ლირა კოზაევა.

პოლიტოლოგი ნინო კალანდარიშვილი მიიჩნევს, რომ ოსური სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საქართველოში განხორციელებულ პოლიტიკურ ცვლილებებს ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებენ. მისი აზრით, პირველ რიგში ის დაძაბულობა იხსნება, რაც კონფლიქტის ზონაში მუდამ იყო ხოლმე.

ომის შემდეგ, როდესაც პირველად შევხვდით, შეკითხვა იყო, გვაქვს თუ არა სასაუბრო და აქვს თუ არა აზრი ერთმანეთთან საუბარს. დღეს კი უკვე ცხადია, რომ ამ ყველაფერს აზრი აქვს ...
სიუზან ალან ნანი
„მოლოდინის რეჟიმში ეს არის განჭვრეტა იმისა, რა შეიძლება მოხდეს და აგრეთვე იმ გამოწვევების, რომლებიც ცვლილებების დროს პროცესებს თან ახლავს. ბუნებრივია, რომ ოსური მხარე გაცილებით მეტი სიფრთხილით ელოდება ცვლილებებს, იმიტომ რომ, როგორც თვითონ ამბობენ, მწარე გამოცდილება აქვთ ცვლილებების. ქართული მხარე, მაგალითად, არ ელის ხიფათებს, სერიოზულ ხიფათებს, მაგრამ კონფლიქტის ორი მხარის შეხვედრის სპეციფიკა სწორედ ის არის, რომ სხვადასხვა კუთხით დანახული გამოწვევები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა ხოლმე“, – აცხადებს ნინო კალანდარიშვილი.

სტამბოლის შეხვედრაზე მხარეები პოლიტიკურ საკითხებს არ განიხილავენ, სამოქალაქო დიალოგის წარმომადგენლები უფრო მეტ ყურადღებას ჰუმანიტარული პრობლემების წამოწევას და მათი გადაჭრის გზების ძიებას უთმობენ. არის პროექტები, სადაც ორივე მხარის ინტერესია. ამიტომ ასეთი პროექტების გადაჭრა მხარეებს შორის ნდობას უფრო აღრმავებს. პოლიტოლოგი კოსტა ძუგაევი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი დიალოგი შეხვედრიდან შეხვედრამდე პროგრესირებს.

შეხვედრის მონაწილეები 3 დღის განმავლობაში საუბრობდნენ კონფლიქტის ზონაში შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის გზებზე - სარწყავი წყლის, ბუნებრივი აირის და ჩაკეტილი გზების გახსნის თაობაზე. საზოგადოებრივი დიალოგის პროექტის ავტორი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი სიუზან ალენ ნანი აცხადებს, რომ ქართული და ოსური მხარეების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად აღწევენ ურთიერთგაგებას, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

„ომის შემდეგ, როდესაც პირველად შევხვდით, შეკითხვა იყო, გვაქვს თუ არა სასაუბრო და აქვს თუ არა აზრი ერთმანეთთან საუბარს. დღეს კი უკვე ცხადია, რომ ამ ყველაფერს აზრი აქვს, რადგან არსებობს პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლად აუცილებელია ერთობლივად მსჯელობა“, – ამბობს სიუზან ალან ნანი.

მომდევნო შეხვედრა იანვრის ბოლოს გაიმართება. მანამდე სამოქალაქო დიალოგის წარმომადგენლები როგორც ცხინვალში, ისე თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დააკვირდებიან. საზოგადოებრივი დიალოგის, „თვალსაზრისის“ ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
XS
SM
MD
LG