Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგამოძიებო კომისია და ”ნაციონალური მოძრაობის” ჩავარდნილი ინიციატივა


”გადაწყვეტილება არ არის მიღებული - „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობის ისტორიაში პირველად, მათი ინიციატივა ჩავარდა”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 21 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შემდეგ. 50 მომხრე და 70 მოწინააღმდეგე, ასეთი შედეგით დასრულებულ კენჭისყრას წინ უსწრებდა მწვავე კამათი ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებული იმ კანონპროექტის გარშემო, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებისა და თავმჯდომარეობის საკითხს უკავშირდება. უმცირესობამ უმრავლესობას საპროგრამო დაპირება შეახსენა. უმრავლესობისთვის კი ამ ეტაპზე წარმოუდგენელია, მაგალითად, როგორ უნდა უხელმძღვანელოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელმა კომისიას, რომელმაც სწორედ ყოფილი ხელისუფლების შესაძლო დანაშაულები უნდა გამოიძიოს.

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას დაპირება 21 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა შეახსენა. მან, როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა და მთავარმა მომხსენებელმა, წაიკითხა ამონარიდი ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამიდან, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთ უმთავრეს მექანიზმს -
თუ შეგიძლიათ, რომ მოძებნოთ ლოგიკური და კარგი მიზეზები - რატომ არ უნდა შეასრულოთ ერთი პუნქტი თქვენი პროგრამიდან (ამ შემთხვევაში, საგამოძიებო კომისიებს რაც ეხება), ასევე მოძებნით სხვა მიზეზებს - რატომ არ უნდა შეიქმნას მილიარდიანი ფონდი სოფლის მეურნეობისთვის, ასევე მოძებნით სხვა მიზეზებს - რატომ არ უნდა გაიაფდეს ტარიფები...
დავით ბაქრაძე

დროებით საგამოძიებო კომისიას - უკავშირდება. ”ქართული ოცნების” საპროგრამო დაპირების მიხედვით, ამგვარი კომისიის გამართული მუშაობა დაკომპლექტების სამართლიან წესზეა დამოკიდებული:

”პარლამენტი ვალდებული უნდა იყოს შექმნას ასეთი კომისია, თუ ამას მოითხოვს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის სულ ცოტა 1/5. ამასთან, დროებით საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა მის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები უნდა იყოს, ხოლო დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე არ უნდა წარმოადგენდეს საპარლამენტო უმრავლესობას”.

პავლე კუბლაშვილის მსგავსად, საპარლამენტო უმცირესობის კიდევ არაერთი წარმომადგენელი და ლიდერიც - დავით ბაქრაძე - ”ქართული ოცნების” მიერ საზოგადოებისთვის მიცემული ამ დაპირებების იგნორირებაზე აკეთებს აქცენტს. დავით ბაქრაძე ამ ყველაფერს მნიშვნელოვან ტესტს უწოდებს:

”ეს არის პირველი ტესტი, რომელიც მე, როგორც რიგით წევრს ამ საზოგადოების, მაფიქრებინებდა - რამდენად შესრულებადია სხვა დაპირებები, რომელიც გაქვთ პროგრამაში. თუ შეგიძლიათ, რომ მოძებნოთ ლოგიკური და კარგი მიზეზები - რატომ არ უნდა შეასრულოთ ერთი პუნქტი თქვენი პროგრამიდან (ამ შემთხვევაში, საგამოძიებო კომისიებს რაც ეხება), ასევე მოძებნით სხვა მიზეზებს - რატომ არ უნდა შეიქმნას მილიარდიანი ფონდი სოფლის მეურნეობისთვის, ასევე მოძებნით სხვა მიზეზებს - რატომ არ უნდა გაიაფდეს ტარიფები...”
კონსტიტუციაში წერია: უმრავლესობას არ შეიძლება ჰყავდეს დროებით საგამოძიებო კომისიაში ნახევარზე მეტი. რას მთავაზობთ თქვენ? რომ ჰყავდეს ნახევარზე ნაკლები?..
ზაქარია ქუცნაშვილი


ამგვარ მიდგომას სრულიად არასერიოზულად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც არ ჩქარობს, რომ საკუთარი საპროგრამო დანაპირები შესაბამისობაში მოიყვანოს პარლამენტის რეგლამენტის ამჟამინდელ მოთხოვნებთან. ”ქართული ოცნება” ირწმუნება, რომ უბრალოდ ჯერ არ დამდგარა დრო დროებით საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებული დაპირების აღსასრულებლად. მაგალითად, ზაქარია ქუცნაშვილი ამ საკითხს მოქმედ კონსტიტუციასთან კავშირში განიხილავს:

”კონსტიტუციაში წერია: უმრავლესობას არ შეიძლება ჰყავდეს დროებით საგამოძიებო კომისიაში ნახევარზე მეტი. რას მთავაზობთ თქვენ? რომ ჰყავდეს ნახევარზე ნაკლები? რა თქმა უნდა, აქ იურისტების აზრი იყოფა: ნაწილი ვამბობთ, რომ ანტიკონსტიტუციურია ასეთი იდეა, ნაწილი ვამბობთ, რომ - მიზანშეუწონელია, იმიტომ რომ თუ უმრავლესობას, კონსტიტუციის ძალით, აქვს უფლება ჰყავდეს ნახევარი, მაშინ ჩვეულებრივი რეგლამენტით რატომ ვუზღუდავთ მას ამ უფლებას და ჩამოგვყავს ნახევარზე ნაკლებად?!”

სადავოდ რჩება თავმჯდომარის შერჩევის საკითხიც. საპარლამენტო უმრავლესობისთვის გაუგებარია, თუ როგორ უნდა უხელმძღვანელოს პროცესს იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელმა, რომლის წიაღშიც უნდა მოიძიოს კომისიამ შესაძლო დანაშაულები. ამგვარ მოსაზრებას ბევრი მომხრე ჰყავს არასამთავრობო სექტორშიც.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, რომლის შეცვლასაც დღევანდელი უმცირესობა ითხოვს, თავად მისი არაერთი წევრის მხარდაჭერილია იმხანად, როცა ისინი საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენდნენ და ეს ფაქტორი უმცირესობას დავით ბერძენიშვილმაც შეახსენა. ამჟამინდელი უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საზოგადოება საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ ”ქართული ოცნების” კანდიდატურას - თინა ხიდაშელს ისურვებდა და არა ყოფილი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს. ბერძენიშვილი მხარს უჭერს მიდგომას, რომ ”კომისია შეიქმნას
დავით ბერძენიშვილი
დავით ბერძენიშვილი
მაქსიმალური ფორმატით - 2004-2012 წლებში მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულებების გამოსაძიებლად”. დეპუტატი ამბობს, რომ კომისია გამოიძიებს როგორც ნაკლებად ცნობილ, ასევე გახმაურებულ საქმეებსაც. აქცენტი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას საქმეზე კეთდება:

”გამოსაძიებელია ჟვანიას დაღუპვის ვითარება. არ ვიცით ჩვენ... არ გვაქვს ჩვენ ნდობა ოფიციალური ვერსიის მიმართ. არც მე არა მაქვს ნდობა ოფიციალური ვერსიის მიმართ. არ მაქვს ნდობა, რომ იმ ბინაში და იმ ვითარებაში დაიღუპა პრემიერი ზურაბ ჟვანია. მეც მაქვს მოლოდინი, რომ ეს არის თავიდან გამოსაძიებელი”.

თუკი საპარლამენტო უმრავლესობა სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკობს, საპარლამენტო უმცირესობა დროებით საგამოძიებო კომისიას ”ოპონენტთა დევნის მექანიზმად” მიიჩნევს. ამასთან, უმცირესობისთვის გაუგებარია, რა საჭიროა კომისიის შექმნა მაშინ, როცა დანაშაულის, კვალის აღმოჩენის შემთხვევაში, საქმე საბოლოოდ მაინც პროკურატურას უნდა გადაეგზავნოს. თუმცა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხალხის არჩეული საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია პასუხები მოიძიოს იმ შეკითხვებზე, რაც ხალხს წლების განმავლობაში დაუგროვდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG