Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიამ სამეგრელო ისევ დააზარალა


სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. რამდენიმედღიანმა წვიმებმა ბოლო ათი დღის განმავლობაში რეგიონს პრობლემები ორჯერ შეუქმნა. გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, მუნიციპალიტეტების ნაწილში დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდბოგირები და გაბიონები.

წყალდიდობის შედეგად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში 50-მეტრიანი ხიდი დაზიანდა. საავტომობილო ხიდი, რომელიც ახუთს ჩხოროწყუსთან აკავშირებს, ავარიულია და მასზე მოძრაობა აიკრძალა. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანმა სამეგრელოში ყოფნისას აღნიშნა, ხიდი რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება და მის ნაცვლად ახალი აშენდება.

დახმარებას ითხოვს მოსახლეობა ხობის სოფელ ბიაში, სადაც ადიდებულმა მდინარემ ე.წ. ბონდის ხიდი წაიღო. ის სოფლის მცხოვრებლებს სახნავ-სათეს მიწებსა და თხილნართან აკავშირებდა.

„პრობლემები შეგვექმნა. ვერ შევდივართ სამუშაოდ. სხვა გზით რომ წახვიდე, ერთი თხუთმეტი კილომეტრი უნდა გაიარო. იქეთ და აქეთ 30-32 კილომეტრია და ამდენს რომ გაივლი, მერე რა უნდა იმუშაო“, - ამბობს ხობის სოფელ ბიაში მცხოვრები ზაურ ალექსანდრია.

დახმარებას ითხოვს ზუგდიდის სოფელ ტყაიაში მდინარე ენგურის სანაპიროსთან მცხოვრები მოსახლეობაც. მათი განცხადებით, სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს ნაპირსამაგრი. რადგან ადიდებული მდინარე, შესაძლოა, კალაპოტიდან გადმოვიდეს და ყანებთან ერთად მათი სახლებიც დატბოროს.

„საშიშროება იყო, შეიძლებოდა მდინარე გადმოსულიყო. ჰესში წყალი გადაკეტეს რამდენიმე კუბით და ამიტომ ცოტა შესუსტდა, თორემ სულ სავსე იყო. დამბა არ არის და გასაკეთებელია. გავაკეთებთო, თქვეს და რა ვიცი, ვნახოთ, აბა“, - ამბობს ტყაიაში მცხოვრები მადონა ხარჩილავა.

სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტები ჯერ საქართველოს რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე კახა გულედანმა, შემდეგ კი მინისტრმა ზურაბ ალავიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად დაათვალიერა. ზურაბ ალავიძის განცხადებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურა უახლოეს მომავალში აღდგება.

„ვითვლით ზარალს. შემდეგი მთავრობის სხდომისთვის ვემზადებით, რომ გამოვყოთ რესურსები იმისთვის, რომ სტიქიით მიყენებული ზარალი მაქსიმალურად აღმოვფხვრათ და ის ინფრასტრუქტურა, რაც გააფუჭა ამ ნალექმა, დროზე დავიწყოთ მისი აღდგენა, რომ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას. რამდენიმე ხიდია წაღებული არა მარტო ხობის მუნიციპალიტეტში, არამედ ჩხოროწყუშიც და სენაკშიც. აღვწერთ ზარალს და გავითვალისწინებთ, რომ ეს ყველაფერი სწრაფად აღვადგინოთ“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყადიდობა სამეგრელოში ბოლო ათი დღის განმავლობაში ორჯერ დაფიქსირდა. ამ დროისთვის რეგიონში გამოიდარა და, როგორც მოსახლეობა ამბობს, ნელ-ნელა მდინარეებში წყლის დონემაც იკლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG