Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღუპულის ოჯახის ულტიმატუმი და ცხედრის ადგილსამყოფელი


ბლოკპოსტი საოკუპაციო საზღვართან
ბლოკპოსტი საოკუპაციო საზღვართან

26 თებერვლის საპროტესტო აქცია თბილისი-სენაკის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იმ პირობით დაიშალა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოსურ მხარესთან მოლაპარაკების გზით ორ დღეში ოჯახს გადასცემდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს. აქციაზე დაღუპულის ოჯახის წევრები და სოფელ წილკნის მოსახლეობა ცხედრის გადმოცემას ითხოვდნენ და ყველაზე მეტად ერგნეთის შეხვედრის დეტალები აინტერესებდათ. ოსური მედიის ცნობით, ცხედარი დამატებითი ექსპერტიზის ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში გაიგზავნა. მოგვიანებით დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა ინფორმაცია დააზუსტა და აღნიშნა, რომ რუსეთში მხოლოდ ექსპერტიზის მასალები გაიგზავნა. ეს ინტერვიუ დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა.

გადმოწერა

23 თებერვალს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ „საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელმა, ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში ეჭვმიტანილმა“ არჩილ ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, ამიტომ მის გასანეიტრალებლად ფიზიკური ძალა გამოიყენეს...

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის, ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალშია და დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთში გაგზავნა მხოლოდ საექსპერტო მასალები. ეს განცხადება კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან მდინარე ენგურის ხიდთან გააკეთა, საიდანაც ოკუპირებულ გალში გაემგზავრა “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების” სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში მონაწილეობისთვის. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქემოკლიძემ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს რაც შეიძლება სწრაფად გადაეცეს და ოკუპირებული ახალგორიდან ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობა მისცენ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს, რომლებიც ჩამორთმეული საბუთების გამო ახალგორს ვერ ტოვებენ.

22 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი.

26 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქციები გამართეს საქართველოს ცენტრალურ და რუსეთისკენ მიმავალ ავტომაგისტრალებზე და ხელისუფლებას ორდღიანი ვადა მისცეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის უზრუნველსაყოფად.

23 თებერვალს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ „საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელმა, ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში ეჭვმიტანილმა“ არჩილ ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, ამიტომ მის გასანეიტრალებლად ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რა დროსაც კიბეზე დაგორდა, მოგვიანებით კი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობის შედეგად. ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს და ტატუნაშვილის მეგობრებს, რომლებიც აცხადებენ, რომ დაკავებული წამებით მოკლეს და ცხედრის გადმოცემაც ძალადობის კვალის წასაშლელად ჭიანურდება. 26 თებერვალს საპროტესტო აქციის მონაწილეებს მკვლელობის ახალი ვერსია მიაწოდა დავით ქაცარავამ, ლიდერმა სამოქალაქო მოძრაობისა „ძალა ერთობაშია“. მან თქვა, სანდო წყაროსგან ვიცი, რომ ტატუნაშვილის მკვლელობა ახალგორის ამჟამინდელმა გამგებელმა ფილიპ ხაჩიროვმა შეუკვეთა და სისრულეში წინაგარის მილიციის ყოფილმა უფროსმა ლუდვიგ ხაჩიროვმა მოიყვანაო. ქაცარავას თქმით, ტატუნაშვილი საკონტროლო გასროლით არის მოკლული. ამ ვერსიას ჯერჯერობით არც ოსური მხარე ადასტურებს და არც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩვენი წყაროების ცნობით, გამგებელი ფილიპ ხაჩიროვი ქართველების მიმართ აგრესიით გამოირჩევა და თავის დროზე საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა, ხოლო ფილიპ ხაჩიროვი წინაგარის ოსური შეიარაღებული დაჯგუფების მეთაური იყო. კიდევ ერთი ვერსიით, რომელსაც ჩვენი წყარო გვაწვდის, ტატუნაშვილის, ქუტაშვილისა და პავლიაშვილის დაკავება უკავშირდება ახალგორის მილიციის ამჟამინდელ უფროსს, ალექსანდრე ჯიოევს, რომელსაც ქუტაშვილთან მანამდე ჰქონდა კონფლიქტი ახალგორში ტვირთების გადაზიდვასა და ფულის გამოძალვასთან დაკავშირებით და, როგორც გარდაცვლილის მამა ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, ახალგაზრდები თავიდან ნარკოლოგიურში შესამოწმებლად დააკავეს, შემდეგ კი მათ შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. ბოლო ინფორმაციით, ახალგორის მილიციის უფროსი ამ ამბების შემდეგ, რამდენიმე დღეა, დაბაში საერთოდ აღარ გამოჩენილა, დაღუპულის მამამ კი, გიორგი ტატუნაშვილმა, დღეს კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, თუ 28 თებერვალს ცხედარს არ გადმოსცემენ, აქცია გაგრძელდება და საქართველო- რუსეთის გზაზე ვერც ერთი რუსულსანომრენიშნიანი მანქანა ვეღარ გაივლის.

26 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქციები გამართეს საქართველოს ცენტრალურ და რუსეთისკენ მიმავალ ავტომაგისტრალებზე და ხელისუფლებას ორდღიანი ვადა მისცეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის უზრუნველსაყოფად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG