რუსეთში ნიღბიანმა თავდამსხმელებმა სცემეს და გაძარცვეს ჩვენი რადიოს ორი კორესპონდენტი. ინციდენტი, რომლის შედეგადაც რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტი სერგეი ხაზოვ-კასია და ოპერატორი ანდრეი კოსტიანოვი დაზარალდნენ, 28 მარტს მოხდა სამხრეთ რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მდებარე ქალაქ კროპოტკინში.
სერგეი ხაზოვ-კასია და ანდრეი კოსტიანოვი ქალაქ კროპოტკინში სასტუმროდან გადიოდნენ, რათა გლეხების საპროტესტო აქცია გაეშუქებინათ, როცა მათზე თავდასხმა მოეწყო. ხაზოვ-კასია როგორც ამბობს, თავდასხმაში, სულ ცოტა, 10 ნიღბიანი კაცი მონაწილეობდა.
„სასტუმროსთან, მანქანების სადგომზე თავს დაგვესხა 10-15 ადამიანი, ხელში წიწაკიანი გაზის ბალონებით, ნიღბებით. წიხლები გვირტყეს, ძირს დაგვაგდეს და მთელი აღჭურვილობა წაგვართვეს: ჩემი ზურგჩანთა კომპიუტერით, ზურგჩანთა ფოტოაპარატით, შტატივი - მოკლედ, ყველა ნივთი, რაც თან გვქონდა, ყველაფერი წაგვართვეს! მიყვიროდნენ, ტელეფონი მოგვეციო, მაგრამ წინააღმდეგობა გავუწიე, არ მივეცი. მერე, რაღაც მომენტში, გაიქცნენ, მე გავეკიდე. ჩასხდნენ თეთრ მიკროავტობუსში, რომლის ფოტოც მაქვს, ფეისბუკში დავდე... და ამ ავტობუსით ყველა ორგანიზებულად გაემგზავრა“, - ასე აღწერს ინციდენტს სერგეი ხაზოვ-კასია, ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის კორესპონდენტი. მისივე ინფორმაციით, ოპერატორი ანდრეი კოსტიანოვი ადგილობრივ საავადმყოფოში წაიყვანეს, სავარაუდოდ, ნეკნის მოტეხილობით.
მომხდართან დაკავშირებით რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა თომას კენტმა გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელშიც ჟურნალისტებზე თავდასხმას „მიუღებელს“ უწოდებს და მოითხოვს ინციდენტის სრულად გამოძიებას, განსაკუთრებული აქცენტით ადგილობრივიპოლიციის მოქმედებაზე.
პოლიციას რაც შეეხება, საყურადღებოა, რომ, სერგეი ხაზოვ-კასიას თქმით, ინციდენტამდე პოლიციელები ორჯერ მივიდნენ სასტუმროში, სადაც ჟურნალისტები იყვნენ გაჩერებული.
„დღეს დილას, დაახლოებით 8 საათზე, სასტუმროში პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ იმის დასადგენად, თუ ვინ არის ჩამოსული სასტუმროში. ამას გარდა, გუშინაც იყვნენ პოლიციელები სასტუმროში მოსული და, როგორც სასტუმროს თანამშრომლები ამბობენ, წინათ ასეთი რამ არ მომხდარა. ჩვეულებრივ, პოლიცია არ ინტერესდება ხოლმე იმით, თუ ვინ ცხოვრობს სასტუმროში“, - ამბობს ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის კორესპონდენტი. მისივე თქმით, როცაპოლიცია გამოიძახეს და სამართალდამცველები თავდასხმის ადგილზე მივიდნენ, ერთ-ერთმა უთხრა ჩვენს კოლეგას, როცა შეიტყო, რომ რადიო თავისუფლების კორესპონდენტია: დავკარგე თქვენთვის დახმარების გაწევის სურვილიო...
მოგვიანებით კრასნოდარის მხარის პოლიციის წარმომადგენელმა უთხრა ჩვენს რადიოს, რომ მიმდინარეობს გამოძიება თავდასხმაში მონაწილეთა ვინაობისა და ადგილსამყოფელის დასადგენად.
როგორც უკვე ითქვა, ხაზოვ-კასია და კოსტიანოვი ქალაქ კროპოტკინში ჩავიდნენ გლეხების დაგეგმილი საპროტესტო აქციის გასაშუქებლად. „კროპოტკინში ჩამოვედით ტრაქტორისტების მსვლელობის გასაშუქებლად. ადმინისტრაციას არ ჰქონდა გაცემული მისი ჩატარების ნებართვა. მაგრამ საპროტესტო მსვლელობა ვერ ტარდება, რადგანყველა მონაწილე დააკავეს რაღაც სხვა საქმეების გამო. ერთი კაცი ალიმენტების გადაუხდელობის გამო 12 დღით დააკავეს, მეორე, უბრალოდ, მოულოდნელად გამოიძახეს დაკითხვაზე. მოკლედ, ვერც ერთმა გლეხმა ვერ შეძლო მოსვლა. მათ სახლებთან ყველგან დგანან პოლიციელები, რომლებიც ეზოებიდან არ უშვებენ ტრაქტორებს. ამიტომ ტრაქტორების მსვლელობა ჩაიშალა“, - იუწყება ჩვენი რადიოს კორესპონდენტი სერგეი ხაზოვ-კასია ქალაქ კროპოტკინიდან, სადაც მას და ოპერატორ ანდრეი კოსტიანოვს სცემეს და გაძარცვეს ნიღბიანმა დაუდგენელმა პირებმა.