Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ქვის ფაუნა. ეპიზოდი I


ყველას გვინახავს თბილისის ზოოპარკის შესასვლელის ორივე მხარეს მოთავსებული ქვის ვეფხვების წყვილი - საზარლად ხახებდაფჩენილები, ცოცხლებივით პლასტიკურები და კუნთებდაძაგრულები, თითქოს ცოცხალმა ვეფხვებმა ზოოპარკთან ჩამოვლილ მედუზა გორგონას შეუღრინეს და მისი მზერისგან გაქვავდნენო.

ამ ქანდაკებების ავტორი XX საუკუნის პირველ ნახევარში მცხოვრები მოქანდაკე ვანო პატარიძეა (1903-1952).

ვეფხვი ზოოპარკის წინ
ვეფხვი ზოოპარკის წინ

ეს ვეფხვები დადგმისას, გასული საუკუნის 30-იან წლებში, უფრო კარგად მოჩანდნენ გზიდან, მაგრამ გმირთა მოედნის რეკონსტრუქციის შედეგად სავალი გზა ზევით ასწიეს, რის გამოც ქანდაკებები იმაზე უფრო დაბლა აღმოჩნდნენ, ვიდრე თავიდან იყვნენ განთავსებული.

ხელოვნებათმცოდნე მერი კარბელაშვილი წერილში “ქართული ქანდაკება“ აღფრთოვანებული წერს მოქანდაკის ოსტატობაზე: “ცხადია, რომ ქანდაკების შესრულებას ნატურაზე ხანგრძლივი დაკვირვება ედო საფუძვლად. ცხოველების მუსკულატურა მკაფიოდ იკვეთება და ზედმიწევნით ზუსტადაა გადმოცემული ქვის ზედაპირის ოსტატური დამუშავებით, რომლის დროსაც მოქანდაკე საჭრეთლის კვალს სტოვებს, რაც ქანდაკების გამომხატველობას და დეკორატიულობას აძლიერებს.”

1948 წელს ვაკის პარკის შესასვლელში დადგეს ვანო პატარიძის ვეფხვების მეორე წყვილი, რომლის კომპოზიცია მის წინა ნამუშევარს იმეორებს.

ფასკუნჯი მუზეუმის კარიბჭესთან
ფასკუნჯი მუზეუმის კარიბჭესთან

ასევე მოქანდაკე ვანო პატარიძეა ავტორი 1920-იანი წლების ბოლოს თბილისში დადგმული ფასკუნჯების წყვილისა, რომელთაგან ერთი ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ალაყაფის კარს ამკობს ფურცელაძის ქუჩის მხრიდან, მეორე კი - ამავე შენობის ქვედა კუთხეს, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩების კვეთაზე, საჯარო ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს.

“ფორმები კომპაქტური და პლასტიკურია. მათი დიფერენცირება მთლიანობას არ არღვევს. ეს ადრინდელი ნამუშევარი აშკარად მეტყველებს მოქანდაკის მასალის მიმართ ფაქიზ გრძნობაზე. მუქი, ქვისაგან გამოკვეთილი ფასკუნჯების წყვილი მასშტაბურია, ქმნის დეკორატიულ აქცენტებს და მშვენივრად ერწყმის გარემოს”, წერს მერი კარბელაშვილი.

ფასკუნჯი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან
ფასკუნჯი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან

ვანო პატარიძე იყო იაკობ ნიკოლაძის ერთ-ერთი პირველი მოწაფეთაგანი თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც მუშაობდა შიშველ ნატურაზე, გატაცებული იყო მიქელანჯელოს შემოქმედებით. მოქანდაკეს შესრულებული ჰქონდა პორტრეტები და სკულპტურული კომპოზიციები, რომლებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. შემორჩა რამდენიმე ქვაში გამოკვეთილი და თბილისში დადგმული ქანდაკება.

"ვანო პატარიძის „ვეფხვები“ პირველი ანიმალისტური ქანდაკება იყო ქართულ ახალ ხელოვნებაში. ზოოპარკის კართან დადგმისას მათი შინაარსი და სიუჟეტი ადგილის შესაბამისად იყო შერჩეული. გარდა ამისა, ეს იყო ნამდვილი საპარკო ქანდაკება, რომელშიც კონკრეტულობა, ნატურასთან სიახლოვე, შეთავსებული იყო დეკორატიულობასთან, რასაც ნაწილობრივ ნატურის ხასიათიც კარნახობდა. ვანო პატარიძის ნამუშევრები, მიუხედავად მათი მცირერიცხოვნობისა, თავისებურ ეტაპს წარმოადგენს ქართული ქანდაკების განვითარებაში და მკაფიოდ მეტყველებს მათი ავტორის ნიჭიერებაზე”, - მერი კარბელაშვილი, “ქართული ქანდაკება”.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG