Accessibility links

ტელეკომპანიების გაერთიანება და მედიის გასაჭირი


ტელეკომპანია "იმედი"

გრძელდება დისკუსია მედიაჰოლდინგ „იმედთან“ დაკავშირებით, რომლის შექმნის შესახებაც საზოგადოებამ 27 დეკემბერს შეიტყო. მართალია, ახალი მედიაჰოლდინგი, რომელმაც უნდა გააერთიანოს ტელეკომპანიები „იმედი“, „მაესტრო“ და “ჯიდიესის” ნაწილი (GDS), ახალ მფლობელებს სამომავლო წარმატებულ ბიზნესპროექტად წარმოუდგენიათ, მაგრამ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები და მედიაექსპერტები ტელეკომპანიების გაერთიანების უკან პოლიტიკურ მიზნებსა და ხელისუფლების მიერ მართულ პროცესებს ხედავენ.

„ეს იქნება უაღრესად მომგებიანი ბიზნესჯგუფი და თქვენ ნახავთ ამას“ - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ირაკლი რუხაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა, რომელიც 28 დეკემბერს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეწვია და არაერთხელ გაიმეორა, რომ ტელეკომპანიების - „იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის ნაწილის -გაერთიანება მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესგათვლებით არის ნაკარნახევი. ირაკლი რუხაძე არ იზიარებს პროცესის პოლიტიზებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას და, პირიქით, თვლის, რომ მედიასაშუალებების გამსხვილება სწორედ დეპოლიტიზებისკენ გადადგმული ნაბიჯია:

„პატარ-პატარა ტელევიზიები არის, მე დარწმუნებული ვარ, ყველა წამგებიანი. როცა ტელევიზია წამგებიანია, ჩნდება შეკითხვა - რატომ ინახავს მას მისი მფლობელი? მე მგონია, ზუსტად ამიტომ ხდება ჩვენთან ტელეარხების პოლიტიზაცია: ტელეკომპანიის მფლობელი ინახავს არხს არა იმიტომ, რომ მოგება ნახოს, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური გავლენა მოიპოვოს. აქედან გამოსვლის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა, პირველი ნაბიჯი, არის ის, რომ ტელევიზია უნდა იყოს მომგებიანი. „მაესტროს“ შანსი არა აქვს, რომ მომგებიანი ყოფილიყო თავისით, მაგრამ „იმედთან“, „ჯი დი ესთან“ და კიდევ სხვა არხებთან ერთად, მას შესაძლებლობა უჩნდება, რადგანაც ერთი და იგივე რესურსის გადანაწილება მოხდება ბევრი სხვადასხვა არხის მიმართ“.

ტელეკომპანიების - „იმედის“, „მაესტროსა“ და „ჯი დი ესის“ ნაწილის -გაერთიანება ასევე მხოლოდ სამომავლო წარმატებულ ბიზნესპროექტად წარმოუდგენია მედიაჰოლდინგ „იმედის“ მფლობელს, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს, რომელმაც „მაესტროსთან“ უკვე შემდგარი გარიგებისა და „ჯი დი ესთან“ წარმატებული მოლაპარაკების შესახებ საზოგადოებას 27 დეკემბერს წერილობითი განცხადებით ამცნო. „იურიდიული და ფინანსური პროცედურების დასრულების შემდეგ მედიაჰოლდინგი „იმედი“ ტელემაყურებელს შესთავაზებს განახლებულ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სატელევიზიო არხებს, რომლებიც უპასუხებენ მაყურებელთა ფართო სპექტრის მოთხოვნებს“, - ნათქვამია განცხადების ტექსტში.

ერთი ადამიანი როგორ არ ჩნდება თქვენში, რომელსაც კითხვა უჩნდება - რატომ იქმნება ამხელა მედიაჰოლდინგი, რატომ იქმნება ამხელა კალათა, რომელიც გააჟღერებს მერე ერთი და იმავეს - ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, როგორ ვარდისფერ სამყაროს გვიხატავენ „იმედზე“...

თუმცა ყველაფერი რომ კარგად იქნება, ამისი ყველას არ სჯერა. როგორც მაგალითად ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი, აღნიშნავდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ეს არის აბსოლუტური აფიორა და არანაირი მედიაჰოლდინგი არ კეთდება“, ხოლო „’ჯი დი ესი’ ამ ისტორიაში არის მხოლოდ იმიტომ, რომ ყურადღება გადავიდეს ‘ჯი დი ეს’-ზე და მედიაჰოლდინგზე...“ ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, „იმედმა“ „მაესტროსგან“ შეიძინა ტელეკომპანიის აქციების 80 პროცენტი, მამუკა ღლონტისა და ეკა აკობიას წილების გამოკლებით (რაც, ერთად, 20 პროცენტს არ აღემატება). 2016 წლის დასაწყისში ტელეკომპანიის მეწილეებს შორის წარმოშობილი დავის შედეგად, „მაესტროს“ 55 %-იანი წილის მფლობელი გახდა მომღერალი გია გაჩეჩილაძე - იგივე „უცნობი“, ტელეკომპანიის დარჩენილი 25 პროცენტი კი მაკა ასათიანს ეკუთვნოდა.

მიმდინარე პროცესს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესის ჭრილში განიხილავს და კატეგორიულად უარყოფს შეშფოთებას პროცესში ხელისუფლების ინტერესების არსებობასთან დაკავშირებით. თუმცა საპირისპიროს ფიქრობენ პოლიტიკური ოპონენტები და როგორც, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის “ დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა 28 დეკემბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, მედიაჰოლდინგ „იმედის“ შექმნა არაფორმალური მმართველის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის, „მედიაკომფორტის“ შექმნას ემსახურება:

„ერთი ადამიანი როგორ არ ჩნდება თქვენში, რომელსაც კითხვა უჩნდება - რატომ იქმნება ამხელა მედიაჰოლდინგი, რატომ იქმნება ამხელა კალათა, რომელიც გააჟღერებს მერე ერთი და იმავეს - ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, როგორ ვარდისფერ სამყაროს გვიხატავენ „იმედზე“... თქვენ არც ერთმა არ იცით, როგორ სრულდება მედიასთან ასეთი მოპყრობა და როგორ სრულდება მედიასთან ასეთი დამოკიდებულება?! არ იცით, რომ ეს არა ძალის კონსოლიდაცია, არამედ თქვენი ძალაუფლების სწორედ დასასრული იქნება ასეთი დამოკიდებულება მედიის მიმართ?!“

საერთოდ, მედიაში რაც ხდება ყველაზე რეიტინგულ არხებთან დაკავშირებით, ცხადია, აქ პოლიტიკური კონტექსტის გარეშე ვერ იქნება, იმიტომ რომ, ზოგადად, პოლიტიკისგან თავისუფალი არა გვაქვს მედია - ბიზნესმდგრად ორგანიზაციებზე დღეს ჩვენ აქ ვერ ვსაუბრობთ...

მედიაჰოლდინგ „იმედის“ შექმნის გამო შეშფოთებას ვერ მალავენ მედიაექსპერტთა წრეებშიც. მაგალითად, როგორც „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა ნინო რობაქიძემ აღნიშნეს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, მიმდინარე პროცესები, საერთო სურათიდან და კონტექსტიდან გამომდინარე, სწორედაც რომ ხელისუფლების მიერ მართულ პროცესებს ჰგავს.

„ახალი არაფერი მომხდარა... გაცხადდა ის, რისი არსებობაც ისედაც ვიცოდით... უბრალოდ, ახლა ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა“ - უთხრა რადიო თავისუფლებას რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მედიასივრცეში სახიფათო მდგომარეობა ამ ფაქტით არ დაწყებულა - უბრალოდ, ის ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა და ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე „მედია არ იქნება თვითკმარი და, ასევე, პოლიტიკური ზეგავლენებისგან არ გათავისუფლდება ბიზნესი“.

„საერთოდ, მედიაში რაც ხდება ყველაზე რეიტინგულ არხებთან დაკავშირებით, ცხადია, აქ პოლიტიკური კონტექსტის გარეშე ვერ იქნება, იმიტომ რომ, ზოგადად, პოლიტიკისგან თავისუფალი არა გვაქვს მედია - ბიზნესმდგრად ორგანიზაციებზე დღეს ჩვენ აქ ვერ ვსაუბრობთ... მით უფრო, არ არის ჯერჯერობით ფინანსური გამჭვირვალობა სახეზე - მაუწყებელთა კანონში ეს ნაწილი არ სრულდება და ამიტომ ჩვენ ვერ ვხედავთ რა ტიპის კონკრეტულ გარიგებებს აქვს ადგილი... მაგრამ, რომც ვხედავდეთ, ცხადია, როცა კლებადია სარეკლამო ბაზარი და ხარჯები რეიტინგულ მაუწყებელს გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე შეიძლება შემოსავალი ჰქონდეს სარეკლამო ნაწილში, ცხადია, ახლავს ამას პოლიტიკური კონტექსტი. ზოგადად, პოლიტიკური გადაწყვეტილებებია ისინი, რაც მიიღება ამ ტელევიზიებთან დაკავშირებით“.

როდესაც გამოსავლის გზებზე ლაპარაკობს, ნათია კუპრაშვილი საგანგებოდ აღნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ უფრო გაზრდილ როლს შექმნილ სიტუაციაში და ხაზს უსვამს საზოგადოების აქტიურობის აუცილებლობას იმისათვის, რომ მისი ჩართულობით იქნეს უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა. შესაბამისად, ამ ჭრილში, საგანგებო მნიშვნელობას იძენს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსი, რომელიც ჯერ ისევ მიმდინარეობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG