Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაესტრო“ - სასამართლოში


ტელეკომპანია „მაესტროს“ საქმე სასამართლოში გაგრძელდება. ტელეკომპანიის 55 %-იანი წილის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე „მაესტროს“ ახალ დირექტორად თავისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის, დანიშვნის თაობაზე სამეწარმეო რეესტრის დასტურს ელის, „მაესტროს“ 25 %-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანი კი საქალაქო სასამართლოს მიმართავს თხოვნით, ბათილად ცნოს პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის თანახმად, „მაესტროს“ დირექტორის თანამდებობაზე ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძემ შეცვალა. „მაესტროს“ გარშემო კერძო დავის მიუხედავად, სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორი ამ პროცესში ხელისუფლების ზეგავლენაზე მიანიშნებს და ყველა მხარეს მოუწოდებს უზრუნველყონ „მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობა და წინასაარჩევნოდ არ შეზღუდონ კიდებ ერთი მედიასაშუალების სამუშაო პროცესი.

ტელეკომპანია „მაესტრო“ ისევ ეთერშია, ჟურნალისტები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, თუმცა ტელევიზიის შენობას გაძლიერებული დაცვა იცავს, ტელეკომპანიის მეწილეებს შორის კი კერძო დავა უკვე სასამართლოში გრძელდება. „მაესტროს“ ამ დრომდე მოქმედი დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ „მაესტროს“ შენობა ტელევიზიის 25 %-იანი წილის მფლობელს მაკა ასათიანს ეკუთვნის და ამიტომ იქ ლევან გაჩეჩილაძე, როგორც „მაესტროს“ ახალი დირექტორი, მუშაობას ვერ შეუდგება. გადაბაძე მზად არის გაჩეჩილაძეს მხოლოდ შეხვედრების ოთახში უმასპინძლოს, ტელეკომპანიაში კი მას არ შეუშვებენ:

„გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. რადგან ლევან გაჩეჩილაძემ იცის, რომ მისი არც ეს შენობაა, არც ლოგო. ალბათ, აქვს ალტერნატიული ფართი. დაცვა კი მე მემორჩილება და მე მკითხავს, შემოუშვან თუ არა ის ამ შენობაში. თუ სასაუბროდ მოდის, შევთავაზებთ შეხვედრების ოთახს, ამის იქით კი ტელეკომპანიის ზღურბლია და ის იქ ვერ შევა“.

ლევან გაჩეჩილაძე
ლევან გაჩეჩილაძე

პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის თანახმად „მაესტროს“ დირექტორის თანამდებობაზე ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძემ შეცვალა, ნოტარიუსის მიერ უკვე დამოწმებულია. როგორც გიორგი გაჩეჩილაძის ადვოკატი, ირაკლი კორძახია, განმარტავს, სამეწარმეო რეესტრში ამ ცვლილების ასახვის შემდეგ ლევან გაჩეჩილაძე უკვე ოფიციალურად გახდება ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორი:

„კრების ოქმი დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ. ამჟამად მას მივაწვდით მეურვეს, შემდეგ კი წარვადგენთ რეგისტრაციისათვის სამეწარმეო რეესტრში“.

კორძაიამ ასევე განმარტა, რომ 4 თებერვლის შემდეგ ბაია გადაბაძე, პარტნიორების გადაწყვეტილებით, აღარ არის „მაესტროს“ დირექტორი, ხოლო ლევან გაჩეჩილაძეს, როგორც „მაესტროს“ ახალ დირექტორს, ისევე როგორც ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებს, „მაესტროში“ მისვლის კანონიერი უფლება აქვს.

„მაესტროს“ 25 %-იანი წილის მფლობელის მაკა ასათიანის ადვოკატის, გიორგი გვენეტაძის, განცხადებით, ისინი ასევე ეცდებიან სასამართლოს გზით დაიცვან საკუთარი წილი და ტელევიზია. გიორგი გვენეტაძემ განაცხადა, რომ მაკა ასათიანი სასამართლოს მიმართავს თხოვნით, გააბათილოს ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლითაც ებრალიძისა და ჩიკვაიძისგან გაჩეჩილაძეზე ტელეკომპანიის 55 %-იანი წილი გადაფორმდა. ადვოკატის განცხადებით, ეს არის თვალთმაქცური გარიგება და რეალურად წილი შეიძინა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის კომპანიების მმართველმა, ირაკლი რუხაძემ:

„ჩვენ მოვითხოვთ ამ გარიგებების ბათილად ცნობას, რადგან ეს არის თვალთმაქცური გარიგება, რადგან რეალურად ეს წილები ირაკლი რუხაძემ შეიძინა და არა გიორგი გაჩეჩილაძემ. ამას გარდა, ეს არის კანონდარღვევით გაკეთებული გარიგება, რადგან დარღვეულია მთელი რიგი კანონების ნორმები, თუნდაც, კანონი კონკურენციის შესახებ“,

ბიზნესმენმა და ტელეკომპანია „იმედის“ ფაქტობრივმა მმართველმა ირაკლი რუხაძემ გადაცემა 20/30-ს განუცხადა, რომ მან თავის მეგობარ გია გაჩეჩილაძეს ფული პროცენტით ასესხა და მას არავითარი კაპიტალდაბანდება „მაესტროში“ არ განუხორციელებია. რუხაძემ ასევე განაცხადა, რომ „მაესტროს“ კარგა ხანია ყიდის კოტე გოგელია (მაკა ასათიანის ქმარი) და საფასურად 5 მილიონ დოლარს ითხოვს, რაზეც „უცნობი“ არ თანხმდება.

„ეს არის და ეს. ვერ თანხმდებიან და ასეთი ამბავიც ამიტომ ატყდა“, - განაცხადა რუხაძემ.

პარტნიორთა კრების ოქმის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მეწილის, მამუკა ღლონტის, ადვოკატი, პაატა კიკვიძეც. თავად მამუკა ღლონტმა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ „არ არსებობს თეორიული შანსიც კი იმისა, რომ მან გაყიდოს მის მფლობელობაში არსებული 6.25 % წილი“. ღლონტი წერს ასევე:

„’მაესტროს’ სარედაქციო დამოუკიდებლობა, რომლითაც ასე ამაყობენ “მაესტროს“ ახალი თუ ძველი ჟურნალისტები და რომლითაც სამართლიანად სარგებლობს მაყურებელი, მოპოვებული და დამკვიდრებულია ჩემი და ჩემი თანამებრძოლების პრინციპული ბრძოლისა და თავდადების შედეგად. მე არ ვაპირებ მატერიალურ ღირებულებად ვაქციო ის, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მე არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო სახელწოდება “მაესტრო“. და თუ სახელმწიფო ან ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც ჩემზე მეტი მატერიალური ან რამე სხვა საშუალები აქვთ, იძალადებს ჩემზე და უსამართლოდ წამართმევს ამას ყველაფერს, ისინი მოიპოვებენ გამარჯვებას მხოლოდ კონკრეტულ ბრძოლაში, ომს ვერასდროს მოიგებს მოძალადე. “მაესტრო“ ან თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება, ან არ იქნება, საერთოდ“.

„მაესტროს“ „თანამშრომლებმა“ 8 თებერვალს გაავრცელეს განცხადება, რომელშიც წერია, რომ ისინი გააგრძელებენ მუშაობას მანამ, სანამ არ გაირკვევა სასამართლოს მიერ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება, ხოლო იმ შემთხვევაში, „თუ რეესტრმა დააფიქსირა შესაბამისი ცვლილებები, არ ვგეგმავთ შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორისგან განკარგულებების შესრულებას. ასევე, ველით პასუხებს იმ მასალებზე და ფაქტებზე, რომელიც დღევანდელ ბრიფინგზე "მაესტროს" მოქმედმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ გააჟღერა წილის ნასყიდობასთან დაკავშირებით".

„მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც, რომლის განცხადებით, ახლა მთავარია, არავინ შეეხოს „მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობას:

„ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა იმუშაონ ისე,როგორც აქამდე მუშაობდნენ და აღარ არსებობდეს კითხვის ნიშნები ამ პროცესში ხელისუფლების რამენაირად მონაწილეობის თაობაზე“.

ტელეკომპანია „მაესტროში“ მიმდინარე ცვლილებებს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ შორისაა „საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე რეიტინგით მესამე ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესები საფუძვლიან ეჭვს აჩენს პროცესის პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი მკვლევარი ანა დაბრუნდაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ, მიუხედავად კერძო დავისა, შესაძლოა, ხელისუფლება პროცესზე ზეგავლენას ცდილობდეს, ამიტომ ისინი მოუწოდებენ მხარეებს, ყველა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს:

„ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა, არ შეიზღუდოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა, მათ არ შეექმნათ მუშაობის პრობლემა და განაგრძონ არხზე მუშაობა, ხოლო მონაწილე მხარეები მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას და მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას“.

საპარლამენტო უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება მედიის გაკონტროლებას ცდილობს და ეს არ არის მხოლოდ კერძო დავა, ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ „მაესტროს“ საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ არსებობს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG