Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტორბიორნ იაგლანდის ვიზიტის აქცენტები


ტორბიორნ იაგლანდი და მიხეილ ჯანელიძე
ტორბიორნ იაგლანდი და მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვისა და ნდობის აღდგენის პროცესში ევროსაბჭოს აქტიური ჩართულობა - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა საქართველოს საგარეო მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. ის ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს საქართველოს. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი დღესვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

ტორბიორნ იაგლანდის ვიზიტის აქცენტები
please wait

No media source currently available

0:00 0:05:28 0:00
გადმოწერა

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს, ჟურნალისტებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ დაუსვეს შეკითხვები. პასუხის დროს მან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივი მონიტორინგის განთავსების აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი:

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ადგილზე და ასე გავავრცელოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება იქ. ფაქტობრივად, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად წინ წამოვწიოთ ეს საკითხები ჩვენს კონსოლიდირებულ ანგარიშებში, რომელსაც წელიწადში ორჯერ ვწერთ. მაგრამ ჩვენთვის კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუკი შევძლებთ, რომ ამ ტერიტორიებზე განვათავსოთ პერმანენტული მონიტორინგის მისია, რათა გვქონდეს უფრო მეტად ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ხდება იქ“.

ტორბიორნ იაგლანდი
ტორბიორნ იაგლანდი

​კიდევ ერთ შეკითხვაზე პასუხად კი, შეკითხვაზე, რომელიც ისევ და ისევ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, კერძოდ, აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას შეეხებოდა, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ბოროტებას, რასაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება ჰქვია, ერთობლივად უნდა შეებრძოლონ.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დადებითად შეაფასა ევროსაბჭოს ჩართულობა აფხაზებსა და ოსებთან ნდობის აღდგენის პროცესში, რომლის მიზანიცაა ომის შემდეგ დაშორიშორებული საზოგადოების დაახლოება. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭომ განაგრძოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის მონიტორინგი და, შესაბამისად, მოუწოდოს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს 2016-19 წლების სამოქმედო გეგმაც, რომელიც 2016 წლის მარტში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ იქნა მიღებული. სამოქმედო გეგმის მიზანთან დაკავშირებით მიხეილ ჯანელიძემ თქვა:

„სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას ადამიანის უფლებების ხელშეწყობის, სოციალური უფლებებისა და მართლმსაჯულების უზრუნველყოფის, დემოკრატიული მმართველობის გაძლიერების სფეროში და სამართლის უზენაესობის სფეროში საფრთხეებთან ბრძოლის კუთხით“.

ჩვენ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას გავაგრძელებთ იმისათვის, რომ კონკრეტულ კანდიდატებზე შევჯერდეთ და ასეთი რამ არ განმეორდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მოსამართლით წარმოდგენილი იყოს სტრასბურგის სასამართლოში. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება...
ირაკლი კობახიძე

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ ტორბიორნ იაგლანდმა ქართულ მხარეს მიულოცა ის პროგრესი, რომელსაც, მისი სიტყვებით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია. მის მიერ ჩამოთვლილ რეფორმებს შორის დასახელდა სასამართლო სისტემის რეფორმა და საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრს შესთავაზა მხარდაჭერა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის შემუშავებაშიც, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის:

„ძალიან მიხარია, რომ ევროსაბჭო მხარს უჭერს რეფორმების პროცესს. აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ სასამართლო რეფორმის პროცესში. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია საკონსტიტუციო პროცესი და მიხარია, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას მჭიდროდ ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან, რომელიც საკონსტიტუციო საკითხებში ყველაზე უფრო პატივსაცემი ორგანოა მთელ მსოფლიოში“.

ტორბიორნ იაგლანდი და მიხეილ ჯანელიძე
ტორბიორნ იაგლანდი და მიხეილ ჯანელიძე

კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ დაწუნებული მოსამართლეთა კანდიდატების სია, რომელიც საქართველომ ევროსასამართლოში წარგზავნა. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე ტორბიორნ იაგლანდს ჟურნალისტებთან განცხადება არ გაუკეთებია და რომ ამ თემას, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა:

„ჩვენ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას გავაგრძელებთ იმისათვის, რომ კონკრეტულ კანდიდატებზე შევჯერდეთ და ასეთი რამ არ განმეორდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მოსამართლით წარმოდგენილი იყოს სტრასბურგის სასამართლოში. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება. პარლამენტს აქვს თავისი ფუნქციები ამ სფეროში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სათანადო პროცესის საფუძველზე ავირჩიოთ მოსამართლე სტრასბურგის სასამართლოში - ამას პარლამენტი ყურადღებას დაუთმობს“.

პარლამენტში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „ევროპული საქართველოს“ წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის სიტყვებით, საერთაშორისო ორგანიზაციები და, მათ შორის, ევროსაბჭოც კარგად ხედავს, რომ ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის სერიოზული პრობლემა დგას:

„მე, ჩემის მხრიდან, დავამატებდი, რომ ივანიშვილმა პრაქტიკულად მთლიანად დაიმორჩილა სასამართლო სისტემა და აქ რა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს, ყველაზე მკაფიო დიაგნოზი სტრასბურგმა გამოიტანა გასულ კვირას, როდესაც წულუკიანის მიერ წარდგენილი სია იქნა დაწუნებული. ეს პირდაპირ არის ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის შელახვა“.

მნიშვნელოვანი და აუცილებელი აქცენტები - ასე აფასებს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის შინაარსს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი. მისი თქმით, ევროსაბჭო არის ერთ-ერთი ის ორგანიზაცია, ეუთოსთან ერთად, რომელსაც ჯერჯერობით ყველაზე მეტი ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში“:

„ევროსაბჭოს წევრია რუსეთი და რაღაც ბერკეტი გავლენებისა, რა თქმა უნდა, არსებობს. ძნელია წარმოვიდგინოთ, რომ იქ ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია შეიძლება ჩავიდეს ან საერთაშორისო ორგანიზაცია შეუშვან მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაგრამ გარკვეული ზეწოლის განხორციელება რუსეთის მთავრობაზე შესაძლებელია“.

კახა გოგოლაშვილის თქმით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა, ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას. როგორც ის ამბობს, მომავალი თვეების განმავლობაში ამ პროცესს აქტიურად დააკვირდებიან საერთაშორისო ორგანიზაციები და ეს ცვლილებები და თანამშრომლობა ვენეციის კომისიასთან იქნება ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად დემოკრატიულ გზაზე გააგრძელებს საქართველო სვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG