Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ტომ პეტი  - „სპეციფიკურად ამერიკელი“ როკერი


ტომ პეტი
ტომ პეტი

2 ოქტომბერს აშშ-ში 66 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა ვეტერანი ამერიკელი როკერი ტომ პეტი, რომელიც გამოირჩეოდა გიტარის დინამიკური რიფებით, თავისებური, ოდნავ მოგუდული ვოკალით და სიმღერების გონივრული ტექსტებით და რომელმაც როკმუსიკას დაუტოვა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა “Refugee”, “Free Fallin” და „American Girl”.

პეტი უგონო მდგომარეობაში მალიბუში მდებარე საკუთარ სახლში იპოვეს ორშაბათ დილით. მისი მენეჯერის, ტონი დიმიტრიადესის, განცხადების თანახმად, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით მამის, ქმრის, ძმის, ლიდერისა და მეგობრის, ტომ პეტის, ნაადრევი გარდაცვალების შესახებო“, - წერს დიმიტრიადესი პეტის ოჯახის სახელით.

პეტის სიკვდილს ერთ-ერთი პირველი ბობ დილანი გამოეხმაურა - ჟურნალ „როლინგ სტოუნთან“ გაკეთებულ განცხადებაში მან ამ ამბავს „თავზარდამცემი, გამანადგურებელი“ ცნობა უწოდა.

პეტი ცნობილი იყო როგორც თავისი სოლო კარიერით, ისე ჯგუფ The Heartbreakers-ის ვოკალისტობით. ამავე დროს, პეტი სუპერჯგუფ The Traveling Wilburys-ის წევრიც იყო.

პეტიმ და The Heartbreakers-მა წელს აშშ-ში მეორმოცე იუბილესთან დაკავშირებული ტურნე მოაწყვეს და ბოლო კონცერტი სექტემბრის ბოლოს ლოს-ანჯელესში გამართეს. ნოემბერში ჯგუფს ორი კონცერტი ჰქონდა დანიშნული ნიუ-იორკში.

პეტი 1950 წლის 20 ოქტომბერს ფლორიდაში დაიბადა. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, ბავშვობის წლები მძიმე ჰქონდა და სკოლაშიც არ სწავლობდა კარგად. როკენროლის შესახებ პირველად ბიძისგან შეიტყო, რომელმაც მას ელვის პრესლის მუსიკა მოასმენინა.

პეტიმ The Heartbreakers-ი 1970-იანი წლების შუა ხანებში შექმნა. პოპულარობა ჯგუფს მოუტანა 1979 წელს გამოცემულმა ალბომმა, სახელად "Damn the Torpedoes".

პეტი და მისი ჯგუფი 2002 წელს შეიყვანეს როკენროლის „დიდების დარბაზში“ (the Rock and Roll Hall of Fame). ცერემონიაზე ორგანიზატორებმა მათ უწოდეს „კვინტესენციური ამერიკელი ინდივიდუალისტები“, რომლებმაც როკის სამყაროს რიგითი ამერიკელების „ხმები“ შემატეს.

„რაც კი მინახავს ამ სამყაროში, მუსიკა ერთადერთი მაგიური რამააო“, - უთხრა პეტიმ ერთხელ ინტერვიუში CNN-ს. „მუსიკაში არის რაღაც ძალიან გულწრფელი და სუფთა და წმინდა და ეს რაღაც გულზე გეხებაო“.

1980-იან წლებში პეტი იყო თანადამაარსებელი სუპერჯგუფისა The Traveling Wilburys, რომლის სხვა წევრები იყვნენ ბობ დილანი, როი ორბისონი, ჯორჯ ჰარისონი და ჯეფ ლინი. ჯგუფმა არაერთი ჰიტი შექმნა, მათ შორის "End of the Line" და "She's My Baby."

თავის განცხადებაში ბობ დილანმა პეტი მოიხსენია როგორც „დიდებული არტისტი, სინათლით სავსე ადამიანი, ნამდვილი მეგობარი“. მე მას არასოდეს დავივიწყებო, დასძენს დილანი.

XS
SM
MD
LG