Accessibility links

ტრამპის კამპანიის ყოფილ მენეჯერს ბრალი წაუყენეს შეთქმულებასა და ფულის გათეთრებაში


პოლ მანაფორტი (მარჯვნივ) და რიკ გეიტსი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, საარჩევნო კამპანიის ყოფილ მენეჯერს, პოლ მანაფორტს, და მის თანამშრომელს ფედერალურმა სასამართლომ 12 ბრალდება წაუყენა - მათ შორის აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა და ფულის გათეთრება. ამ ცნობას საგანგებო ფედერალური საბჭოს ოფისი ავრცელებს.

ეს არის პირველი ბრალდებები, რომლებიც მოჰყვა იუსტიციის სამინისტროს საგანგებო გამომძიებლის, რობერტ მიულერის, მუშაობას. მიულერს დავალებული აქვს გამოიძიოს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა, რომელიც ამომრჩევლის ტრამპის სასარგებლოდ გადახრას ისახავდა მიზნად.

განცხადების თანახმად, მანაფორტსა და მის ბიზნესპარტნიორს, რიკ გეიტსს, რომელიც ტრამპის საარჩევნო კამპანიაში მანაფორტის მოადგილედ მუშაობდა, ბრალი პარასკევს წაუყენეს, ბრალდებები კი ორშაბათს გასაჯაროვდა - მას შემდეგ, რაც ორივე ბრალდებული გამოძიების ფედერალურ ბიუროს ჩაბარდა.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბრალდებები 12 მუხლისგან შედგება: „აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულება, ფულის გათეთრების მიზნით შეთქმულება, უცხოეთის დაურეგისტრირებელი აგენტი, არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებები უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან მიმართებით, ყალბი განცხადებები და უცხოეთის ბანკებისა და ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შვიდჯერ შეუსრულებლობა“.

მანაფორტისა და გეიტსისთვის წაყენებული ბრალდების თანახმად, მათ ათობით მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს უკრაინის პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებთან მუშაობით. ამასთან, მათ ფული გაათეთრეს აშშ-ისა და უცხოეთის უწყებების მეშვეობით, რათა დაემალათ 2006-დან, სულ მცირე, 2016 წლამდე მიღებული შემოსავლები.

ბრალდების თანახმად, ორივე მალავდა თავის სამუშაოს და შემოსავალს, რომელიც მათ უკრაინის პოლიტიკური პარტიებისგან მიიღეს.

68 წლის მანაფორტი ტრამპის კამპანიის მენეჯერად 2016 წლის ივლისიდან აგვისტომდე მუშაობდა, შემდეგ კი გადადგა, როცა გავრცელდა ცნობები, რომ მან, შესაძლოა, უკრაინის პრორუსული პარტიისგან მილიონები მიიღო უკანონოდ.

დონალდ ტრამპს გაპრეზიდენტებიდან სდევს თან ცნობები, რომ მის საარჩევნო კამპანიას რუსეთთან ჰქონდა კავშირები, რომელთაც კონგრესში რამდენიმე კომისია იძიებს. თავად ტრამპი რუსებთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს და ამ გამოძიებებს „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს. ბრალდებებს უარყოფს კრემლიც.

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა მიმდინარე წელს დაადგინეს, რომ მოსკოვი ჩაერია საარჩევნო კამპანიაში, მათ შორის ჰაკერების მეშვეობით - მან მოიპოვა და გაავრცელა დემოკრატიული პარტიის წევრების ელექტრონული წერილები, დემოკრატების კანდიდატის, ჰილარი კლინტონის, დისკრედიტაციის მიზნით.

სააგენტო „როიტერსს“ წყარომ აცნობა, რომ სხვა საკითხებთან ერთად მიულერი იძიებს მანაფორტის ფინანსურ და უძრავი ქონებიდან გამომდინარე კავშირებს, ისევე როგორც წარსულში მის მიერ გაწეულ მუშაობას უკრაინის „რეგიონების პარტიისთვის“, რომელიც უკრაინის ყოფილ ლიდერს, ვიქტორ იანუკოვიჩს, უჭერდა მხარს.

გეიტსი მანაფორტის ბიზნესპარტნიორი იყო და მასაც აქვს კავშირები იმავე რუს და უკრაინელ ოლიგარქებთან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG